აბასთუმნის ურბანული განახლების მეორე ეტაპის სამუშაოები იწყება – ტენდერი გამოაცხადა

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა აბასთუმნის ურბანული განახლების მეორე ეტაპის სამუშაოებზე ტენდერი გამოაცხადა.

აბასთუმნის თანამედროვე კურორტად ფორმირებისათვის 2020 წელს დასრულდა აბასთუმნის ცენტრალურ ქუჩაზე არსებული XIX-XX საუკუნეებში აშენებული 18 ისტორიული სახლის, ევგენი ხარაძის სახელობის ეროვნული ასტროფიზიკური ობსერვატორიის და 1982 წელს აშენებული საბაგირო გზის რეაბილიტაცია. შემუშავდა დაბა აბასთუმნის გენგეგმა და დასრულდა დაბის წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის პირველი ეტაპისა და წყალარინების სისტემის სამშენებლო სამუშაოები

გრძელდება ბაღდათი-აბასთუმნის დამაკავშირებელი 77-კილომეტრიანი გზის რეაბილიტაციის, წყალმომარაგებისათვის სისტემის მშენებლობის მეორე ეტაპის, არაზინდოს დასახლების წყალმომარაგების სისტემის რეაბილიტაციის, წყალარინების გამწმენდი ნაგებობის პროექტირება-მშენებლობის სამუშაოები.

აბასთუმნის ურბანული განახლების მეორე ეტაპის სამუშაოები მოიცავს მდინარე ოცხეს კალაპოტის, ხიდების, ცენტრალური გზისა და საუბნო გზების რეაბილიტაციას. დაგეგმილია საფეხმავლო ბილიკების, ველო-ბილიკების, რეკრეაციული და სხვა ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობა.

აბასთუმნის ურბანული განახლების ორივე ეტაპის სამუშაოები მსოფლიო ბანკის მხარდაჭერით ხორციელდება.

კომენტარები