„აბიტურიენტები საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 20 ივნისის შემდეგ შეძლებენ“ – როგორ უნდა ამოვბეჭდოთ საგამოცდო ბარათი? -რეკომენდაციები აპლიკანტებს

2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტები საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 20 ივნისის შემდეგ შეძლებენ. ბარათზე კონკრეტული აბიტურიენტის გამოცდის თარიღი და დრო იქნება მითითებული.

-„საგამოცდო ბარათებთან დაკავშირებით, აბიტურიენტებს შევახსენებ, – ეს არის უკვე კონკრეტულად მათი განრიგი, რომელ საგამოცდო ცენტრში, რომელ დღეს და რომელ საათზე იქნებიან. 20 ივნისის შემდეგ უნდა შევიდნენ თავიანთ პირად გვერდზე, სადაც დარეგისტრირდნენ და ამ დროისთვის საგამოცდო ბარათები უკვე ხელმისაწვდომი იქნება. უნდა ამობეჭდონ და ამ ბარათთან და პირადობის მოწმობასთან ერთად გამოცხადდნენ გამოცდაზე. ამჟამად აბიტურიენტებისგან ყველაზე აქტუალური კითხვაა, – როდემდე შემიძლია ვცვალო საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი? ვურჩევ, თუ ცოტა პროგრამა აქვთ არჩეული, აირჩიონ ბევრი, ამის შესაძლებლობა არ ეზღუდებათ. მათ პროგრამების გადანაცვლებისთვის მთელი ივლისი აქვთ. როდესაც აბიტურიენტებს უკვე ეცოდინებათ თავიანთი ქულები, შემდეგ იწყება აპელაციის პროცესი, აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მეორე დღის 6 საათამდეც კი შეუძლიათ ცვლილებები შეიტანონ. ძალიან კარგი საშუალებაა, რადგან როდესაც აბიტურიენტებმა თავიანთი ქულები იციან, თავიანთი შანსებიც უკეთ იციან. კონკურსიც შეუძლიათ ნახონ, თუ დაინახავენ, – მაღალი ქულები აქვთ, მაგრამ კონკურსი ძალიან დიდია, შეუძლიათ გადანაცვლება მოახდინონ“, – განაცხადა „რუსთავი 2“-ის ეთერში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ.

ბარათთან ერთად აბიტურიენტებს მიეწოდებათ ინფორმაცია გამოცდაზე დასაშვები ნივთების თაობაზეც.

საგამოცდო ბარათი არის ის დოკუმენტი, რომელიც ყველა აპლიკანტმა პირადობასთან ერთად უნდა იქონიოს საგამოცდო ცენტრში გამოცხადების დროს. ამობეჭდვისას კი აუცილებლად უნდა დააკვირდეთ თუ რომელ დღეს და რომელ საათზე გაქვთ გამოცდა, ანუ რომელი სესია ხართ – დილის თუ შუადღის, რომ გაუგებრობები თავიდან აიცილოთ და არ დაკარგოთ გამოცდაზე გასვლის შესაძლებლობა.

პ რ ო ც ე დ უ რ ა

მას შემდეგ, რაც შეხვალთ გამოცდების ცენტრის ვებგვერდის – online.naec.g-ის პირად გვერდზე (სადაც ირჩევენ გამოცდებსა და საგანმანათლებლო პროგრამებს), უნდა გამოიყენოთ ღილაკი – „დაბეჭდეთ ბარათი“.

მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა.შ.) გარეშე. ნებადართულია ბარათის ამობეჭდვა შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4).

საგამოცდო ბარათი პირადობის მოწმობასთან ერთად იქნება აბიტურიენტების, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებისა და მაგისტრობის კანდიდატთა საშვი მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში.

ბარათზე მითითებული იქნება: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო და ის რეკომენდაციები, რომლებიც უნდა გაითვალისწინოს თითოეულმა გამოსაცდელმა.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სთხოვს მონაწილეებს, ყურადღებით გაეცნონ ბარათზე მოცემულ ინფორმაციას და აუცილებლად გაითვალისწინონ, რომ გამოსაცდელი რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე არ დაიშვება.

საგამოცდო ცენტრები მთელი საქართველოს მასშტაბით გაიხსნება ბათუმში, ფოთში, ზუგდიდში, ოზურგეთში, ქუთაისში, ახალციხეში, გორში, თბილისში, რუსთავში, თელავსა და ხულოში.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2021 პირველ ივლისს დაიწყება, აბიტურიენტებისა და მაგისტრობის მსურველებთან ერთად გამოცდას პედაგოგები და მასწავლებლობის მსურველები ჩააბარებენ.

წელს პირველად გამოცდა ჩატარდება სპეციალური მასწავლებლებისთვის.

კომენტარები