„აბიტურიენტები საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 20 ივნისის შემდეგ შეძლებენ“ – რეკომენდაციები აპლიკანტებს

2021 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდებისთვის აბიტურიენტები საგამოცდო ბარათების ამობეჭდვას 20 ივნისის შემდეგ შეძლებენ. ბარათზე კონკრეტული აბიტურიენტის გამოცდის თარიღი და დრო იქნება მითითებული.

-„საგამოცდო ბარათებთან დაკავშირებით, აბიტურიენტებს შევახსენებ, – ეს არის უკვე კონკრეტულად მათი განრიგი, რომელ საგამოცდო ცენტრში, რომელ დღეს და რომელ საათზე იქნებიან. 20 ივნისის შემდეგ უნდა შევიდნენ თავიანთ პირად გვერდზე, სადაც დარეგისტრირდნენ და ამ დროისთვის საგამოცდო ბარათები უკვე ხელმისაწვდომი იქნება. უნდა ამობეჭდონ და ამ ბარათთან და პირადობის მოწმობასთან ერთად გამოცხადდნენ გამოცდაზე. ამჟამად აბიტურიენტებისგან ყველაზე აქტუალური კითხვაა, – როდემდე შემიძლია ვცვალო საგანმანათლებლო პროგრამების ჩამონათვალი? ვურჩევ, თუ ცოტა პროგრამა აქვთ არჩეული, აირჩიონ ბევრი, ამის შესაძლებლობა არ ეზღუდებათ. მათ პროგრამების გადანაცვლებისთვის მთელი ივლისი აქვთ. როდესაც აბიტურიენტებს უკვე ეცოდინებათ თავიანთი ქულები, შემდეგ იწყება აპელაციის პროცესი, აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მეორე დღის 6 საათამდეც კი შეუძლიათ ცვლილებები შეიტანონ. ძალიან კარგი საშუალებაა, რადგან როდესაც აბიტურიენტებმა თავიანთი ქულები იციან, თავიანთი შანსებიც უკეთ იციან. კონკურსიც შეუძლიათ ნახონ, თუ დაინახავენ, – მაღალი ქულები აქვთ, მაგრამ კონკურსი ძალიან დიდია, შეუძლიათ გადანაცვლება მოახდინონ“, – განაცხადა „რუსთავი 2“-ის ეთერში, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, სოფიო გორგოძემ.

ერთიანი ეროვნული გამოცდები 2021 პირველ ივლისს დაიწყება, აბიტურიენტებისა და მაგისტრობის მსურველებთან ერთად გამოცდას პედაგოგები და მასწავლებლობის მსურველები ჩააბარებენ.

წელს პირველად გამოცდა ჩატარდება სპეციალური მასწავლებლებისთვის.

კომენტარები