„აგროდიზელის პროგრამით 5 000-ზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა. სამინისტროს რეგიონულმა საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებმა უკვე გასცეს 2 700 000 ლიტრზე მეტი“ – ლევან დავითაშვილი

 20 მაისიდან, მთელი საქართველოს მასშტაბით, წარმატებით ხორციელდება ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში შემუშავებული აგროდიზელის პროგრამა. ფერმერები დიზელის საწვავის შეძენისას მნიშვნელოვან შეღავათს იღებენ.

-„მნიშვნელოვანია, მოსახლეობას დამატებითი განმარტებები მიეწოდოს აგროდიზელის ფასებთან დაკავშირებით, რათა გარკვეულ სპეკულაციებს არ ჰქონდეს ადგილი.

დღეის მონაცემებით, აგროდიზელის პროგრამით 5 000-ზე მეტმა ფერმერმა ისარგებლა. სამინისტროს რეგიონულმა საინფორმაციო-საკონსულტაციო სამსახურებმა უკვე გასცეს 2 700 000 ლიტრზე მეტი საწვავის ტალონი. დღეისათვის, საწვავის საბაზრო ფასი 1.90 -2.06 ლარის ფარგლებშია. აგროდიზელის პროგრამის საშუალებით, ფერმერები საბაზრო ფასთან შედარებით, დაახლოებით, 1 ლარამდე შეღავათს იღებენ „სოკარის“ საბითუმო ბაზებსა და ავტოგასამართ სადგურებზე საწვავის შესყიდვისას. აგროდიზელის პროგრამის ფარგლებში, საწვავის ავტოგასამართ სადგურებზე შეძენისას, 1 ლიტრის ფასი 1.16 ლარია, ხოლო საბითუმო ბაზებიდან შესყიდვის შემთხვევაში, რაც 1 500 ლიტრზე მეტი საწვავის შეძენას გულისხმობს, საწვავის ფასი – 1.07 ლარს შეადგენს.

აგროდიზელის პროგრამა ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროგრამაა, რომელიც მომავალ წლებშიც განხორციელდება“, – განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა.

კომენტარები