ადვოკატი: „19-20 წლის ადამიანებს კარიერა დაენგრათ. სამარცხვინოა, რომ მოქმედი სპორტსმენები“

-„ჩვენ ვიხილეთ პოლიტიკურად ანგაჟირებული გადაწყვეტილება. მოსამართლეს ხმა უკანკალებდა, ისე იღებდა გადაწყვეტილებას. ეს მიანიშნებს, რომ, შესაძლებელია, მასზე განხორციელდა ფსიქოლოგიური ან სხვაგარი ზემოქმედება. ძალიან სამწუხაროა, ჩვენს ქვეყანაში კვლავ არის შერჩევითი სამართალი, ისეთ ადამიანებს, რომლებიც არიან მოქმედი სპორტსმენები, უდანაშაულო ადამიანები, ახლა მათ უწევთ იმის მტკიცება, –  ამ მძიმე დანაშაულში არანაირი მონაწილეობა მიუღიათ. რა თქმა უნდა, ჩვენ ყველა ბერკეტს გამოვიყენებთ, მათ შორის გადაწყვეტილებას გავასაჩივრებთ სტრასბურგის სასამართლოში. დარწმუნებული ვართ, სტრასბურგის სასამართლო სხვაგვარად იმსჯელებს და არა ისე, როგორც ჩვენი შიდა სასამართლოები მსჯელობენ.

 არ მაქვს იმედი, თბილისის სააპელაციო კოლეგია იქნება მოწოდების სიმაღლეზე და ამ გადაწყვეტილებას შეცვლის. 

დღევანდელი გადაწყვეტილება არის იმის დასტური, რომ საზოგადოების ზეგავლენის ქვეშ არის მოქცეული სასამართლო; პროკურატურის ზეგავლენის ქვეშ არის მოქცეული სასამართლო, სამარცხვინოა, ასეთ მოსამართლეებს რომ ვხედავ, პირადად ჩემთვის. სამარცხვინოა, რომ მოქმედი სპორტსმენები, ახალგაზრდები 19-20 წლის ადამიანებს კარიერა დაენგრათ იმის გამო, რომ ვინმემ არ იფიქროს, როგორ უნდა იმოქმედოს და როგორ უნდა იფიქროს თუნდაც სასამართლომ და თუნდაც პროკურატურამ”, – განაცხადა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული მორაგბეების, ვასილ მახარაძისა და არჩილ გაგნიძის ადვოკატმა, ალექსანდრე კობაიძემ.

მცხეთის რაიონულმა სასამართლომ ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულ 17-ვე პირს აღკეთის სახით პატიმრობა შეეფარდა. პროცესი დახურულ რეჟიმში მიმდინარეობდა. საქმეში ექვსი ბრალდებული არასრულწლოვანია.

პროკურატურა ბრალდებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდებას ითხოვდა, – სასამართლომ სრულად გაიზიარა. თავის მხრივ, ადვოკატების ნაწილი ბრალდებულების აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ნაწილი კი გირაოს სანაცვლოდ გათავისუფლებას ითხოვდნენ.

პროკურატურამ ჩვიდმეტივე პირის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს მიმართა.

საქართველოს პროკურატურამ, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიების შედეგად, მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე დაკავებულ ჩვიდმეტივე პირს წარუდგინა ბრალდება ორი ან მეტი პირის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ძალადობის, ჯგუფური ძალადობის ორგანიზების და ამავე ძალადობაში მონაწილეობის და ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთის ფაქტებზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 225-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით და 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით“.

გამოძიებით დადგინდა, რომ 2020 წლის 18 ივნისს, დაახლოებით 23:00 საათზე, ქალაქ მცხეთაში, სამხედროს ქუჩა N76-ში არსებული საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, შელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ს.გ-მ ი.წ-სთან და ს.ჩ-სთან ერთად ჯგუფურად ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ნ.ხ-ს და ვ.ჩ-ს, რომელთაც აღნიშნული ქმედებების შედეგად მიიღეს ჯანმრთელობის დაზიანებები და განიცადეს ფიზიკური ტკივილი.

2020 წლის 18 ივნისს, გ.მ-მ, ლ.შ-სთან, ვ.ჩ-სთან, ნ.ც-სთან და გ.ტ-სთან ერთად ორგანიზება გაუწია ჯგუფურ მოქმედებას, რომელსაც თან ახლდა ძალადობა. კერძოდ, ლ.შ-მ, გ.მ-მ, გ.ტ-მ, ნ.ც-მ, მეგობრების ცემის გამო, შურისძიების მოტივით, ჩხუბში მონაწილე – მოწინააღმდეგე მხარის წარმომადგენლებზე ძალადობის მიზნით, გადაწყვიტეს დამატებით სხვა პირების მობილიზება. ამისთვის, ვ.ჩ. და გ.ტ. თავიანთი ავტომობილებით, თანმხლებ პირებთან ერთად, მცხეთის მუნიციპალიტეტიდან წავიდნენ ქალაქ თბილისში, ხოლო გ.მ და ლ.შ. დარჩნენ ადგილზე, რათა პერიოდულად მიეწოდებინათ ინფორმაცია მოწინააღმდეგე მხარის ადგილსამყოფელის შესახებ.

თავის მხრივ ნ.ც-მ, ვ.ჩ-მ და გ.ტ-მ მობილიზება გაუწიეს სხვა პირების შეკრებას, რის გამოც ქალაქ თბილისში, ნაძალადევის რაიონში, მიაკითხეს ვ.მ-ს, ა.გ-ს, ნ.რ-ს და ნ.ჟ-ს და უზრუნველყვეს მათი მცხეთის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე გადაადგილება. კერძოდ, ვ.ჩ-ს „TOYOTA CAMRY”-ს მარკის ავტომობილში, რომელსაც მართავდა ვ.მ. გადანაწილდნენ თავად ვ.ჩ, ვ.მ, ა.ქ, ზ.ხ, ა.გ. და ნ.რ., ხოლო გ.ტ. ავტომობილში – თავად გ.ტ, ნ.ც., ნ.ქ., თ.ბ., ი.მ. და ნ.ჟ., რომელიც შეიარაღდა რკინის ხელკეტით. აღნიშნული პირები 2020 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 00:30 საათზე, ქალაქ თბილისიდან გაემართნენ მცხეთის მუნიციპალიტეტის მიმართულებით, სადაც მათ ელოდებოდნენ გ.მ. და ლ.შ., რომლებიც თავის მხრივ აწვდიდნენ ინფორმაციას ჯგუფის სხვა წევრებს ძალადობის ჩასადენად დაზარალებულების ადგილსამყოფელის თაობაზე.
2020 წლის 19 ივნისს, დაახლოებით 00:45 საათზე, მცხეთის მუნიციპალიტეტში მდინარე არაგვის ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე მყოფ გიორგი შაქარაშვილს, გ.ა.-ს, გ.ქ.-ს, ვ.ა.-ს, ი.ბ.-ს და კ.ღ.-ს თავს დაესხნენ ნ.ც., გ.ტ., ნ.ქ., თ.ბ., ი.მ. და რკინის ხელკეტით შეიარაღებული ნ.ჟ., რომლებსაც ასევე შეუერთდნენ გ.მ. და ლ.შ. და ფიზიკურად გაუსწორდნენ გ.ქ.-ს, კ.ღ.-ს და ვ.ა.-ს, რა დროსაც კ.ღ. გაიქცა თბილისის მიმართულებით, ი.ბ. დაიმალა გზის პირას არსებულ შენობაში, ხოლო გიორგი შაქარაშვილი, გ.ა. და ვ.ა. გაიქცნენ დასავლეთის მიმართულებით.

თავდამსხმელების წასვლის შემდეგ გიორგი შაქარაშვილი, გ.ა. და ვ.ა. დაბრუნდნენ შემთხვევის ადგილზე, დაეხმარნენ ნაცემ გ.ქ.-ს და ცდილობდნენ ქალაქ თბილისში დაბრუნებას. დაახლოებით 00:50 საათზე, მათ თავს დაესხნენ ვ.ჩ., ვ.მ., ა.ქ., ზ.ხ., ა.გ. და ნ.რ., რომლებმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს გიორგი შაქარაშვილს, გ.ა.-ს, გ.ქ.-ს და ვ.ა.-ს და ცდილობდნენ მათზე ძალადობას. საფრთხის თავიდან არიდების მიზნით, გიორგი შაქარაშვილი, გ.ა., გ.ქ. და ვ.ა. გაიქცნენ საავტომობილო გზაზე და გადავიდნენ გზის საპირისპირო მიმართულებაზე, შემდგომ კი გზიდან მარჯვენა მხარეს არსებულ ბუჩქნარისკენ. გ.ა., ვ.ა. და გ.ქ. დაიმალნენ მდინარე არაგვის მიმდებარედ, ბუჩქნარში, ხოლო გიორგი შაქარაშვილი გაიქცა მდინარე არაგვის მიმართულებით.

ვ.მ.-მ, ვ.ჩ.-მ, ა.ქ.-მ, ზ.ხ.-მ, ა.გ.-მ და ნ.რ.-მ დაიწყეს მიმალულების ძებნა და იპოვეს ბუჩქებში დამალული გ.ა., რომელსაც უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება – მისი ნების საწინააღმდეგოდ ჩასვეს ავტომობილის უკანა სავარძელზე, დაუსხდნენ ორივე მხრიდან და მისი ნების საწინააღმდეგოდ წაიყვანეს ქალაქ თბილისში, სადაც ავტომობილიდან ჩამოსვეს მეტროსადგურ დიდუბის მიმდებარე ტერიტორიაზე არსებულ „ლუკოილის“ ფირმის ავტოგასამართ სადგურთან.

2020 წლის 22 ივნისს მდინარე არაგვში აღმოჩენილი იქნა გიორგი შაქარაშვილის ცხედარი.
მომხდარი ცემის და თავდასხმის ფაქტები დასტურდება შემთხვევის ადგილზე მყოფი პირების გამოკითხვებით, რომლებიც დეტალურად აღწერენ კონფლიქტის დაწყების მიზეზებს და მასში მონაწილე მხარეებს, მიუთითებენ დანაშაულის ჩამდენ პირებზე. აღნიშნული დასტურდება ასევე ვიდეო-სათვალთვალო კამერების ჩანაწერებით და მოწმეთა მონაწილეობით ჩატარებული აღნიშნული ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმებით. ვიდეო-სათვალთვალო ჩანაწერებით დგინდება, თუ როგორ აყენებენ ს.გ., ი.წ. და ს.ჩ. ფიზიკურ შეურაცხყოფას დაზარალებულებს ნ.ხ-ს და ვ.ჩ-ს, აღნიშნული ვიდეოჩანაწერებით ასევე დგინდება, რომ გ.მ., ლ.შ., ნ.ც., გ.ტ., ნ.ქ., თ.ბ., ი.მ., ვ.ჩ., ვ.მ., ა.ქ., ზ.ხ., ა.გ., ნ.რ. და ნ.ჟ. მცხეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე არაგვის ხიდის მიმდებარედ როგორ დაესხნენ თავს გიორგი შაქარაშვილს, გ.ა.-ს, გ.ქ.-ს, ვ.ა.-ს, ი.ბ.-ს და კ.ღ.-ს, რა დროსაც კ.ღ-ზე, გ.ქ.-ზე და ვ.ა-ზე განახორციელეს ძალადობა, რის შემდეგაც უკვე ნაცემ კ.ღ-ს, გ.ქ.-ს და ვ.ა-ს და ასევე მათთან ერთად გაქცეულ გიორგი შაქარაშვილს და გ.ა.-ს გამოედევნენ ფიზიკური ანგარიშსწორების მიზნით. ვიდეოჩანაწერებით ასევე დასტურდება მცხეთიდან წამოყვანილი, თავისუფლებააღკვეთილი გ.ა.-ს თბილისში, დიდუბის რაიონში დატოვების ფაქტი, რა დროსაც მას არ ჰქონდა თავისუფალი გადაადგილების საშუალება. მცხეთაში, დაზარალებულთა თავდასხმის ადგილიდან ამოღებულია ლითონის ხელკეტი, ასევე თავდასხმამდე გადაღებული ვიდეოკადრები.

ამავდროულად, გამოძიების დაწყების დღიდან, ინტენსიურ რეჟიმში ტარდება სხვადასხვა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, რომელთა რიცხვი ამ ეტაპისთვის 750-ზე მეტია, მათ შორის: საქმის ირგვლივ გამოიკითხა 60-მდე პირი და მოწმეთა დაკითხვა ამ ეტაპზეც გრძელდება; ამოღებულია მომხდარი ფაქტების დროს შემთხვევის ადგილზე მყოფი 46 პირის მობილური ტელეფონი და მათი ტანსაცმელი; ჩატარდა 40-მდე პირის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა რამდენიმე ათეული, სხვადასხვა სახეობის კომპიუტერული ტექნიკა, საიდანაც ინფორმაციის გამოთხოვის მიზნით, დანიშნულია საინფორმაციო-ტექნოლოგიური ექსპერტიზა; 36 პირს ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა; საექსპერტო კვლევისათვის აღებული იქნა სხვადასხვა სახის 100-ზე მეტი ნიმუში; მოპოვებულია ასევე მომხდარი ფაქტების ამსახველი ვიდეომასალა და განხორციელდა მათი დათვალიერება;

ტარდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა გიორგი შაქარაშვილის სიკვდილის მიზეზის და ცხედარზე არსებული დაზიანებების დადგენის მიზნით. ლაბორატორიული კვლევებისთვის დამატებით აღებულია მასალები, რაზეც მიმდინარეობს შესაბამისი ქიმიური და მიკრობიოლოგიური კვლევები. ამასთან, ექსპერტიზაში ჩართულია დაზარალებული ოჯახის ინიციატივით მოწვეული ექსპერტიც. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის მიღების და გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების მიზეზის დადგენის შემდეგ აღნიშნულს მიეცემა შესაბამისი სამართლებრივი შეფასება.

ასევე, სისხლის სამართლის საქმეზე გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების გარემოებების დადგენა არის უპირველესი ამოცანა, რა მიზნითაც, უწყვეტ რეჟიმში გრძელდება საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების ჩატარება. ამავდროულად, გიორგი შაქარაშვილის ცხედარზე დანიშნულია სამედიცინო ექსპერტიზა, რომლითაც დადგინდება გარდაცვალების მიზეზი, ასევე სხვა რიგი გარემოებები, რაც თავის მხრივ უმნიშვნელოვანესია საქმეზე ჭეშმარიტების დასადგენად.

საქართველოს პროკურატურა მზაობას გამოთქვამს დაზარალებულის ოჯახთან ინტენსიური თანამშრომლობისთვის, ასევე, საქმის მიმართ საზოგადოებაში არსებული მაღალი ინტერესის გათვალისწინებით მედიასთან და ნებისმიერ დაინტერესებულ მხარესთან პროცესის გამჭვირვალედ წარმართვისთვის, შესაბამისად მოვუწოდებთ ყველას თავი შეიკავონ გადაუმოწმებელი და დაუზუსტებელი ინფორმაციის გავრცელებისგან, რათა არ შეეშალოს ხელი საქმეზე სრულყოფილი, ობიექტური გამოძიების და მართლმსაჯულების აღსრულებას.

საქმეზე გრძელდება გამოძიება.

საქართველოს პროკურატურა მკაცრ სისხლის სამართლის პოლიტიკას ატარებს ძალადობრივი ხასიათის დანაშაულის წინააღმდეგ და ამ შემთხვევაშიც პროკურატურას ექნება უმკაცრესი მიდგომა აღნიშნული დანაშაულის ჩადენაში მხილებული ბრალდებულების მიმართ.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე 17 ადამიანი დააკავეს.

ოქროს მოწმე – გური ამირხანაშვილი. ის პოლიციაში იმ მორაგბეების ამოსაცნობად დაიბარეს, რომლებიც 19 ივნისს მომხდარ ინციდენტში მონაწილეობდნენ.

„მიმდინარეობს მთელი რიგი საგამოძიებო მოქმედებები. ჩატარდა ამოცნობა, შესაბამისად, ბატონი გური მობრძანდა და ამოიცნო პიროვნება, რომელიც „ტოიოტას“ მარკის ავტომობილში იჯდა. რა თქმა უნდა, ჩვენ ვადასტურებთ, რომ ეს პიროვნება ჩვენს მანქანაში იჯდა და კონკრეტული საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა“, – განაცხადა ადვოკატმა ალექსანდრე კობაიძემ.

ერთ-ერთი მოწმის ადვოკატის არჩილ ბერიანიძის თქმით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის სურვილია, მაქსიმალურად ითანამშრომლოს გამოძიებასთან, რომ არ დარჩეს პასუხგაუცემელი კითხვები და სამქეს ნათელი მოეფინოს.

„როგორც წინა შემთხვევებში, მომავალშიც მზად ვართ, ნებისმიერ დროს მჭიდროდ ვითანამშრომლოთ გამოძიებასთან“, – აღნიშნა არჩილ ბერიანიძემ.

19 წლის ფეხბურთელი, რომლის დაზიანებული ცხედარიც მაშველებმა 4 დღიანი ძებნის შემდეგ, მდინარე არაგვში იპოვეს, 25 ივნისს, დაკრძალეს. ოჯახი ექსპერტიზის პასუხის მოლოდინშია.

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები. 4-დღიანი უწყვეტი საძიებო სამუშაოების შედეგად მყვინთავებმა ფეხბურთელ გიორგი შაქარაშვილის ცხედარი წყალში იპოვეს.

საძიებო სამუშაოებში ჩართული იყო, 70 მეხანძრე-მაშველი, 7 ნავი და ორი სპეციალური კატერი, რომელიც ახორციელებდა ფკერის სკანირებას. შეუჩერებლად ფუნქციონირებდა საველე შტაბი, საიდანაც ხდებოდა საძიებო ოპერაციის მართვა. ადგილზე მობილიზებული იყო ყველა საჭირო სპეც-ტექნიკა, მათ შორის თერმული დრონები, რომლებიც ახორცილებელდნენ ტერიტორიის მონიტორინგს.

19 ივნისს, დაახლოებით 11 საათზე გიორგი შაქარაშვილის დაკარგვის შესახებ ოჯახმა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიმართა. პოლიციამ, სამაშველო სამსახურთან ერთად, შეტყობინების მიღებისთანავე დაიწყო სამძებრო სამუშაოები.

კომენტარები