ადოლფ ჰიტლერის ბაბუა (მამის ხაზით) ებრაელი იყო

1946 წელს,  ადოლფ ჰიტლერის ნდობით აღჭურვილმა პირმა, ჰანს ფრანკმა განაცხადა, რომ ფიურერის ბაბუა ებრაელი იყო.

ამერიკელი მკვლევარი ამტკიცებს, რომ ავსტრიის არქივებში ამ მოსაზრების დამადასტურებელი ინფორმაცია მოიპოვა. ამ ინფორმაციას გერმანული გამოცემა Focus-ი ავრცელებს:

„ჰანს ფრანკის მემუარების გამოქვეყნების შემდეგ, მათ სენსაცია მოახდინეს. ფრანკის მტკიცებით, მან 1930 წელს აღმოაჩინა, რომ ჰიტლერის ბაბუა (მამის ხაზით) ებრაელი იყო და ავსტრიის ქალაქ გრაცში ცხოვრობდა. ჰიტლერის ბიძაშვილმა უილიამ პატრიკ ჰიტლერმა თითქოსდა ფიურერის სახელზე წერილი დაწერა, რომელშიც იმუქრებოდა, რომ საზოგადოებას ამის შესახებ მოუყვებოდა. ამასთან დაკავშირებით, ჰიტლერმა ჰანს ფრანკს იურიდიული დახმარების გაწევა სთხოვა.

ფრანკი ამტკიცებდა, რომ მან მიაკვლია 1836 წლით დათარიღებულ წერილს, რომელიც ჰიტლერის ბებიამ ადამიანს, გვარად ფრანკენბერგერს გაუგზავნა ოჯახში, სადაც თავად მუშაობდა. წერილის თანახმად, ამ ადამიანს ჰყავდა 19 წლის ვაჟი, რომლისგანაც შინამოსამსახურე დაფეხმძიმდა… ამ მიმოწერაში ფრანკენბერგერმა მზაობა გამოთქვა 14 წლამდე ბავშვისთვის ალიმენტი გადაეხადა… ჰიტლერის პრობლემა იმაში მდგომარეობდა, რომ ფრანკენბერგერი და მისი ვაჟი ებრაელები იყვნენ”.

ეს მოსაზრება ყოველთვის საეჭვო იყო, რადგან ამის დამადასტურებელი წერილები ფრანკის გარდა არავის აღმოუჩენია.

ამერიკელმა მკვლევარმა, ექიმმა და გენდერულ საკითხებში ექსპერტმა,  ლეონარდ საქსმა, ავტორიტეტულ სამეცნიერო ჟურნალში Journal of European History  სტატია გამოაქვეყნა.

გამოცემის ცნობით, პირველად ავსტრიელმა ნიკოლაუს ფონ პრერადოვიჩმა განაცხადა, რომ ქალაქ გრაცში და მთელს შტირიაში ებრაელი არავინ ცხოვრობდა. ის თავის ერთ-ერთ სტატიაში ამტკიცებდა, რომ „გრაცის არქივებში ძიებამ ნათლად დაარწმუნა, რომ 1820-დან 1860-მდე წლებში ქალაქ გრაცში საერთოდ არ იყო რეგისტრირებული ფრანკერბერგერის გვარით ვინმე”.

ამერიკელმა მკვლევარმა ლეონარდ საქსმა გამოარკვია, რომ პრერადოვიჩი რადიკალური მემარჯვენეების მომხრე და აღფრთოვანებული იყო ჰიტლერით. პრერადოვიჩი ირწმუნებოდა, რომ გრაცში პირველი დასახლებული ებრაელების შესახებ ცნობები 1856 წლიდან თარიღდება. “საქსმა აღმოაჩინა დოკუმენტი, რომლითაც დასტურდება პატარა ებრაული საზოგადოების არსებობა ქალაქში უკვე 1850 წელს”. ამასთან დაკავშირებით მკვლევარი მიიჩნევს, რომ ებრაელები გრაცში1836 წელსაც ცხოვრობდნენ. ოფიციალურად, მაშინ ებრაელებს შტირიაში ცხოვრება ეკრძალებოდათ. თუმცა საქსის მოსაზრებით, ბიზნესმენებს, როგორიც იყო ფრანკენბერგერის ოჯახი, შეეძლოთ გრაცში არალეგალურად ცხოვრება და იქ ბიზნესის კეთება.

„სრულად შესაძლებელი იყო, რომ ჰიტლერის ბებიას ებრაელების ოჯახში ემუშავა და დაორსულებულიყო ბიჭისგან, რომელიც მასზე 23 წლით უმცროსი იყო. სწორედ ეს შეიძლება ასევე იყოს იმის მიზეზი, რომ ბიჭის მამა ნებაყოფლობით იხდიდა ალიმენტს, ვინაიდან ეშინოდა სასამართლო პროცესების დროს არ გამჟღავნებულიყო გრაცში მისი არალეგალურად ცხოვრების ამბავი”, – წერს გერმანული გამოცემა Focus-ი.

კომენტარები