ავიაკომპანია Emirates-მა 1 ივლისიდან დუბაი – მასკატის მიმართულებით ფრენები დაიწყო

ავიაკომპანია Emirates-მა 1 ივლისიდან დუბაი – მასკატის (ომანის დედაქალაქი) მიმართულებით დიდი ავიალაინერით, A380-ით ფრენები დაიწყო, ავიარეისები დღეში ორჯერ სრულდება. ამის შესახებ ინფორმაციას თავად კომპანია ავრცელებს.

Emirates-ში ამ რეისს A380-ის ყველაზე მოკლე მარშრუტი უწოდეს – ორი ქალაქის აეროპორტებს შორის მანძილი 340 კილომეტრია. ფრენა 40 წუთის განმავლობაში გრძელდება. როგორც კომპანია აღნიშნავს ეს დრო ხუთი წუთით მეტია იმასთან შედარებით, რაც 42-კაციანი გუნდის მიერ თვითმფრინავის სრულ დასუფთავებას სჭირდება.

როგორც Flightradar24-ი აღნიშნავს, A380-ის პირველი ფრენა დუბაი – მასკატისმიმართულებით 41 წუთს გაგრძელდა, თვითმფრინავმა 349 კილომეტრი დაფარა და მაქსიმალურ სიმაღლეზე 5800 მეტრზე დაფრინავდა.

Bloomberg-მა Emirates-ის გადაწყვეტილება მოკლე მარშრუტზე დიდი ლაინერი დაენიშნა იმით ახსნა, რომ მთელ მსოფლიოში Boeing 737 MAX-ით ფრენები მარტიდან შეჩერებულია. ადრე დუბაი – მასკატის მიმართულებით კომპანია FlyDubai ბოინგ 737 MAX-ით დაფრინავდა.

Airbus A380-ს, კონფიგურაციის გათვალისწინებით, 525-დან 853-მდე მგზავრის გადაყვანა, საწვავის დამატების გარეშე 15 ათასი კილომეტრის სიშორეზე შეუძლია. Emirates-ი A380-ის ყველაზე მსხვილი მომხმარებელია. ავიაკომპანიის პარკში ამ მოდელის 110 თვითმფრინავია, კიდევ 13 კი მალე შეემატება. მთელ მსოფლიოში A380-ის მოდელის 200 ლაინერია.

 

 

კომენტარები