ალეკო ელისაშვილი: „ნამდვილად დავიღალე, არ არის ადვილი, დღეში 500 ზარს უპასუხო, პრობლემებზე მესაუბრებიან – დამირეკეთ, არ დამზოგოთ“

-„ხალხი ძირითადად პრობლემებზე მირეკავს, თუმცა რამდენიმე ბანკმა სესხის აღება შემომთავაზა.

რაც ჩემი ბანერი გამოვაკარით, ნამდვილად დავიღალე, არ არის ადვილი, დღეში 500-ზე მეტ ზარს უპასუხო, მაგრამ ასე უნდა იყოს. ძირითადად მელაპარაკებიან პრობლემებზე, რამდენიმე ბანკიდანაც დამირეკეს სესხი, ხომ არ გინდათო?! ძირითადად მეკითხებიან, აინტერესებთ ნამდვილად მე ვარ თუ არა. ამ კამპანიას გავაგრძელებ, დამირეკეთ, არ დავღლილვარ, არ დამზოგოთ“, – განაცხადა პარტია „მოქალაქეების” თავმჯდომარემ ალეკო ელისაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში“.

პარტია “მოქალაქეების” ლიდერის, საბურთალოს ოლქის მაჟორიტარობის კანდიდატის, ალეკო ელისაშვილის საარჩევნო ბანერზე მისი ტელეფონის ნომერია მითითებული.

-„ცენტრალური საარჩევნო კომისია მისთვის საარჩევნო ნომრის მინიჭებას აგვიანებს. გვინდა, ეს ბანერი იყოს ურთიერთობისთვის, აზრის გაცვლა-გამოცვლისთვის და პრობლემებზე ლაპარაკისთვის და არა რაღაც ყალბი სახეებით, სტუდიებში რომ გადაიღებენ ხოლმე. დამირეკეთ ამ ნომერზე, საბურთალოს პრობლემებზე, ამ ბანერით იმის თქმა მინდა, რომ არ დამზოგოთ, დამირეკეთ, რა პრობლემის მოგვარებასაც შევძლებ თავს არ დავზოგავ, ალეკო გისმენთ,”- განაცხადა  ალეკო ელისაშვილმა.

„პალიტრანიუსის“ გადაცემა „დღის ნიუსრუმში“ დავით ბაქრაძემ ელისაშვილის კამპანიას ინოვაციური უწოდა.

-„ხალხს უნდა უსმენდნენ ყოველდღე. უსინდისო ვიყო, ამას გავაგრძელებ, არა მარტო წინასაარჩევნოდ, არამედ სულ. ეს იმიტომ გავაკეთე, რომ გული მერევა ამ ყალბ ბანერებზე. ვაშაძემ ბანერები გააკრა, აწერია – „დავამარცხოთ სიღარიბე“, 10 000 ოჯახს მოუგვარებდა სიღარიბის პრობლემას იმ ფულით“, – განაცხადა ალეკო ელისაშვილმა.

კომენტარები