ალექსანდრე (სანდრო) კანდელაკი

ალექსანდრე (სანდრო) კანდელაკი – დაიბადა 1893 წლის 6 ოქტომბერს, მცხეთის სიახლოვეს მდებარე სოფელ ნიჩბისში. ქართველი ფალავანი, რომელიც განსაკუთრებული ფიზიკური ძალით გამოირჩეოდა. ხალხმა მას „ქართველი გოლიათი“ უწოდა. სიმაღლით დაახლოებით 2-მეტრიანი სპორტსმენი 170 კილოგრამს იწონიდა.

ყმაწვილობაში მოჯამაგირედ იყო, შემდეგ კი მდინარე ქსანზე მებორნედ მუშაობდა. მონაწილეობა მიიღო პირველ მსოფლიო ომში. დემობილიზაციის შემდეგ მუშაობა მცხეთის რკინიგზაზე დაიწყო. ზამთრობით თბილისში ჩამოდიოდა და ცირკში გამართულ ჭიდაობაში მონაწილეობდა.

თბილისში, ესიკოვსკის ცირკში, ჭიდაობა რეგულარულად 1921 წლიდან მოეწყო. კანდელაკს ბევრი ცნობილი მოჭიდავე ჰყავს დამარცხებული, მათ შორის: თევდორე კოჟემიაკინი, ივანე ზაიკინი, პავლე ზაგორუიკო, გეორგ ლურიხი.

ცალკე უნდა ვთქვათ მისი და ლეგენდარული უკრაინელის, ივანე პოდუბნის დაპირისპირებების შესახებ. ცალკეული შერკინებების გარდა, პოდუბნის 40 წლის განმავლობაში არცერთ მნიშვნელოვან ჩემპიონატზე არ წაუგია, რისთვისაც „ჩემპიონების ჩემპიონი“ შეარქვეს!!! 1923 წელს, კანდელაკი და პოდუბნი ერთმანეთს ბაქოში, ორჯერ შეერკინენ – ერთი შეხვედრა ფრედ დასრულდა, მეორეში კი გამარჯვება ქართველს დარჩა!

1921-1930 წლებში კანდელაკი უფრო კლასიკურ ჭიდაობას მისდევდა. თუმცა ამ სახეობის ილეთები საგანგებოდ არ ჰქონდა შესწავლილი, დიდი ღონის წყალობით მაინც იმარჯვებდა.

გადაღებულია ქართულ ფილმებში: „ხანუმა“ (1926), „ჯანყი გურიაში“ (1928), „უკანასკნელი ჯვაროსნები“ (1933), „ქაჯეთი“ (1936), „მეგობრობა“ (1940), „ქაჯანა“ (1941). დაჯილდოებულია „საპატიო ნიშნის“ ორდენით.
სანდრო კანდელაკი 1959 წელს, 66 წლის ასაკში გარდაიცვალა.

1976 წელს, მცხეთაში მისი ძეგლი გაიხსნა, რომლის ავტორიც მოქანდაკე ბიძინა ავალიშვილი გახლავთ.

კომენტარები