ალექსეი მელნიკოვი: „ახალმა რუსეთმა უნდა მოამზადოს აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი საქართველოსთვის გადასაცემად, დნესტრისპირეთის კი მოლდოვისთვის“

ახალმა რუსეთმა უნდა შეწყვიტოს წარუმატებელი და ძვირადღირებული არათუ ექსპერიმენტი, არამედ ჩიხში შესული, არაშორსმჭვრეტელი პოლიტიკა, უნდა მოამზადოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის საქართველოსთვის, დნესტრისპირეთის კი მოლდოვისთვის გადაცემა.

ამის შესახებ რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო დუმის ყოფილმა დეპუტატმა, ალექსეი მელნიკოვმა განაცხადა. 

-„2021 წლის აგვისტოში შესრულდება „დამოუკიდებლობის“ 13 წლისთავი. რა არის მისი შედეგები? რის გაკეთება მოახერხა რუსეთის დიპლომატიამ იმისთვის, რომ მიეღწია, ეს „სახელმწიფოები“, თუნდაც, მსოფლიო თანამეგობრობის ნახევარს ეღიარებინა? – ვერაფრის. რუსეთის რამდენიმე სატელიტისა და კლიენტის გარდა, აფხაზეთი და სამხრეთი ოსეთი არავინ აღიარა.  ისინი რუსეთისგან ყოველწლიურად იღებენ ფინანსურ დახმარებასა და მხარდაჭერას, რომელსაც ბოლო არ უჩანს. აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის პროექტი წარუმატებელ გადაწყვეტილებად უნდა ჩაითვალოს. კიდევ ერთი ასეთი „ჩამოკიდებული“ ტერიტორიაა დნესტრისპირეთი“ – წერს მელნიკოვი.

აფხაზეთის არაღიარებულ რესპუბლიკაში ამ განცხადებამ მოსახლეობის ნაწილის უკმაყოფილება გამოიწვია.

-„დაიწყო დისკუსია, – ნამდვილად არის თუ არა ის ოპოზიციონერი პოლიტიკოსის, ალექსეი ნავალნის თანაშემწე“,-  წერს „ეხო კავკაზა“ .

კომენტარები