„ამას კარგა ხანი მეც ვერ მივხვდი! – ეს ყველაფერი ძალიან ჭკვიანურად, კარგად ორგანიზებულია“-გიორგი ფხაკაძე

პროფესორი, ორგანიზაციის – „აკრედიტაცია საზღვრების გარეშე“ – ხელმძვანელი გიორგი ფხაკაძე გვესაუბრა:

-„უამრავი ადამიანისგან შემოდის შეკითხვები და გადავწყვიტე გიპასუხოთ. ვაქცინაცია რთული პროცესია. ემოციური ფონი მთელ მსოფლიოში კატასტროფულია, ყველა დეპრესიაშია შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე – ყველა დაიღალა! კოვიდი ადამიანებს მონადირესავით ექცევა – დაგღლის, ყურადღებას მოგიდუნებს, კუთხეში მიგიმწყვდევს და როცა უკვე წინააღმდეგობის გაწევის ძალა აღარ გაქვს, ზუსტად მაშინ დაგესხმება თავს. სამწუხაროდ, ამ მდგომარეობაში არა მხოლოდ საქართველოა, მსოფლიოში ბევრი სხვა ქვეყანაც უშვებს ბევრ შეცდომას.

რაც შეეხება საქართველოს, როგორც განაცხადეს, ფაიზერის მილიონ დოზას ელოდებიან – ამას მხოლოდ მივესალმები, თუკი მოხერხდება. თუმცა უნდა ვაღიაროთ, ეს 10 ათასი, 50 ათასი ან თუნდაც 100 ათასი ვაქცინა არ ნიშნავს ვაქცინაციას. ვაქცინაცია ნიშნავს როცა მოსახლეობის 90%-ს აცრი ძალიან მოკლე დროში, ერთბაშად. კონკრეტულად ამ ვირუსის დასამარცხებლად სწორედ ეს რაოდენობა უნდა აიცრას, რომ 70% იყოს დაცული. ამასთან, ეს ვაქცინა უნდა იყოს აუცილებლად უსაფრთხო და ეფექტიანი. კარგი ვაქცინა არ გვაქვს, და არც რაოდენობა  გვაქვს. ის რაოდენობა, რაც შემოტანილია საქართველოში, რომ შევადაროთ, იგივეა, რაც 20 ლიტრი ღვინით 350-კაციანი ქორწილი გადაიხადო.

ბევრს ლაპარაკობენ „ჯოგურ იმუნიტეტზეც“… რომელიც უნდა გამომუშავდეს პოპულაციაში არა ამ ვირუსით, არამედ ვაქცინებით.

ვინაიდან ვაქცინა ფიზიკურად ვერ შემოაქვთ, ქმნიან ისეთ გარემოს, რომ ვითომ აქტიური ვაქცინაცია მიმდინარეობს, ამასთან, გამოდიან და ყვირიან ანტივაქსერები, სხვადასხვა ტელევიზიაში იწვევენ… რომ დავაკვირდი ამ პროცესს და ანალიზი გავაკეთე, მივხვდი, რომ ეს ყველაფერი ძალიან ჭკვიანურად, კარგად ორგანიზებულია – და ამას კარგა ხანი მეც ვერ მივხვდი! კულმინაცია იყო „იმედზე“ გასული გადაცემა პრაიმშოუ, სადაც მიწვეული ჰყავდათ ანტივაქსერი ქალბატონები და რა მიიღეს? ახალგაზრდა ექიმ ღოღობერიძის ლაივებზე ბევრად მეტი ნახვა აქვს ამ ქალბატონებს… ეჭვი მაქვს, რომ ამ ყველაფერს ძალიან მიზანმიმართულად აწყობენ! თავად გააკეთეთ ანალიზი და მიხვდებით. ყველამ ვიცით, როგორ შეიძლება ამ ვირუსის შეჩერება: ან ვაქცინებით, ან ჩაკეტვით, სხვა მოდელი დედამიწაზე არ არსებობს. და ამ დროს აქ რას აკეთებენ? – ჩაკეტვებიც წარმოსახვითია და ვაქცინაციაც! სინამდვილეში არც ერთს არ აკეთებენ! ადრე ძალიან ვბრაზობდი დაავადებათა კონტროლის ცენტრზე, გაოცებული ვიყავი, როგორ შეიძლება ასეთი პროფესიონალები ასე იქცეოდნენ-მეთქი, ძალიან ბევრი განათლებული და გამოცდილი ხალხი მუშაობს იქ. ამას მხოლოდ ერთი ახსნა აქვს: ეს ხალხი პოლიტიკურად ანგაჟირებულია, მათ მთავრობისგან ჰქონდათ დავალება, შეექმნათ ეს წარმოსახვითი გარემოება. აქ სხვა ლოგიკა არ არსებობს – ან სპეციალურად აკეთებენ, ან ყველა დასაჭერია მავნებლობის გამო. საბოლოო ჯამში კი არც ისე მავნებლები არიან – მათ პოლიტიკური დავალება აქვთ და იმას ასრულებენ.

ჩემს გვერდზე ვდებ ძალიან ბევრ სტატიას ინგლისურად, წესით ასეთი სტატიები საქართველოში უნდა ითარგმნებოდეს, მაგრამ, სამწუხაროდ, მეცნიერება აღარ არსებობს, განადგურებულია, არ არის უწყვეტი სამედიცინო განათლება ქვეყანაში, ექიმებს, ექთნებს ხელფასს არ აძლევენ… დასკვნაა ძალიან მარტივი: ეს ქვეყანა იმართება ძალიან მავნებელი ხალხისგან! არც ერთი პოლიტიკური პარტიის მიმართ არ მაქვს სიმპატია, ვერც ერთ პოლიტიკურ პარტიაში ვერ დავინახე ნამდვილად კარგი საქმის კეთების მიზანი, რომელთანაც თანამშრომლობის, დახმარების სურვილი გამიჩნდებოდა. ღმერთმა ქნას, გამოჩნდეს ვინმე! ამ პარტიების ყველა ნაბიჯი, ყველა ქცევა არალოგიკურია: როცა ქვეყანაში გაქვს ორი უდიდესი პრობლემა – კოვიდი და რუსეთი – როგორ შეიძლება ამდენ დროს და რესურსს პარტიები ხარჯავდნენ პარლამენტში შესვლა-არშესვლაზე!

ერთი სიტყვით, მივესალმები, თუ ქვეყანაში შემოიტანენ საუკეთესო ვაქცინას, ჯერჯერობით ასეთია „ფაიზერი“. უკუჩვენება და პრობლემა ყველა წამალს აქვს, მაგრამ „ფაიზერმა“ ამ ეტაპზე აჩვენა საუკეთესო შედეგი.

თუმცა, ბოლო კვლევებით გახდა ცნობილი ფაიზერის ვაქცინის ერთ-ერთი უკუჩვენება, საკმაოდ სამწუხარო ამბავი,18-დან 30 წლამდე პირებში ყოველ 1000000 ადამიანიდან ერთმა განიცადა გულის მიოკარდიუმის ინფარქტი. ძირითადად ეს დაფიქსირდა მამაკაცებში.

შესაძლო კავშირი ფაიზერის ვაქცინასა და მიოკარდიუმის შემთხვევებს შორის

Pfizer-BioNTech-ის ვაქცინა – მოქმედების მექანიზმი და უკუჩვენებები

„ფაიზერმა“ აშშ-ში დამზადებული ვაქცინების ექსპორტი დაიწყო

„ასტრაზენეკასთან“ დაკავშირებით მაქვს ჩემი მოსაზრება, აქვს თავისი პლუსები და მინუსები, 60 წლის ზევით შეიძლება გაუკეთოთ, მაგრამ 60 წლის ქვემოთ ბევრი კითხვის ნიშანია… თანაც, ყველა ვაქცინა ექსპერიმენტულია, არც ერთი ბოლომდე არ არის შესწავლილი, ამიტომ რაც უნდა ვილაპარაკოთ სარგებელსა თუ რისკზე, არავის აქვს უფლება დააძალოს ასეთი ვაქცინების გაკეთება. არც მე მინდა ვიყო ექსპერიმენტის ნაწილი… თუმცა მოსახლეობას კარგად უნდა აუხსნან, რა სიკეთის მოტანა შეუძლია თუნდაც ასეთ ვაქცინებს, როცა სიკვდილიანობის შემცირება შეიძლება: არიან დაავადებული ადამიანები, რომლებიც კოვიდს ვერ გადაიტანენ, ამიტომ ასეთი ხალხისთვის ვაქცინაცია სასიცოცხლოდ აუცილებელია, თუნდაც ჩინური ვაქცინა იყოს, სიკვდილიანობას ცოტათი მაინც ხომ შეამცირებს. ვაქცინაციაში ეს არის ყველაზე მთავარი. ერთი სიტყვით, მოსახლეობას გასაგებად უნდა ავუხსნათ, რომ ეს ვაქცინები არის წამალი, რომელიც მოსახლეობას სიკვდილიანობის შემცირებაში დაეხმარება. ჩვენ შემთხვევაში ეს იქნება სიმართლე, თორემ ვაქცინაციის დარქმევა ამ პროცესზე, რაც ეხლა ხდება, ნამდვილად არასწორია. ვაქცინაციას საქართველოში სჭირდება არა მილიონი, არამედ 4 მილიონი „ფაიზერის“ ვაქცინა: სამჯერ უნდა გაუკეთდეს აცრა თითოეულ ადამიანს, პირველად ორჯერადად და მესამედ აუცილებლად 5 თვის შემდეგ.

AstraZeneca-ს ვაქცინა – მოქმედების მექანიზმი და უკუჩვენებები, EMA-ს კვლევა

„ჯონსონის“ ვაქცინა ჩავარდა. არაერთი სტატია დავდე ჩემს გვერდზე, მაგალითად, ერთ-ერთი ეხებოდა იმას, რომ ამერიკაში პირველი დოზის შემდეგ მეორე დოზაზე არ გამოცხადდა აცრილთა 8-10%. ჩემი რეკომენდაციაა, თუ ვაქცინის ერთ დოზას გაიკეთებთ, აუცილებლად უნდა გაიკეთოთ მეორეც, ყველა წამალს თავისი მიღების წესი აქვს, ასევეა ვაქცინაც, თუ არ მივყვებით სწორად რეკომენდაციებს, მან შეიძლება უკუშედეგი მოიტანოს. თუ მეკითხებით, რომელი ვაქცინა გაიკეთოთ, ჩემი პასუხი ასეთია: ყველამ, ვინც საზღვარგარეთ ხართ, გაიკეთეთ ის ვაქცინა, რომელიც ადგილობრივი ჯანდაცვის ექსპერტების მიერ არის რეკომენდირებული. ხოლო საქართველოში ჩემი აზრი ყველამ იცის, ჩინური ვაქცინების მიმართ თავიდანვე ნეგატიურად ვიყავი განწყობილი, ძალიან ბევრი ინფორმაცია მაქვს, ჩემს გვერდზეც არაერთი გავაზიარე, აგიხსენით, გრაფიკული მასალაც მოგაწოდეთ. გადახედეთ, რა ხდება თურქეთში – თურქეთი მთლიანად ჩაიკეტა – ქვეყანა, სადაც ჩინური ვაქცინით აცრეს ნახევარი მოსახლეობა, აფეთქებაა. ასე რომ, თავად გამოიტანეთ დასკვნები და მიიღეთ შესაბამისი გადაწყვეტილება. ამასთან, ჩინურ ვაქცინაზე რეკომენდაცია არ გასცა არც მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციამ, არც ევროკავშირის წამლის სააგენტომ. მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას რეკომენდაცია გაცემულიც რომ ჰქონდეს ამ ვაქცინაზე, უნდა გავითვალისწინოთ ის, რომელი შტამია ქვეყანაში და ამ შტამზე მუშაობს თუ არა ეს ვაქცინა. ყველა კვლევით, რაც დღემდე ცნობილია, ჩინური ვაქცინა არ მუშაობს ბრიტანული შტამის წინააღმდეგ, და მით უმეტეს, სხვა, ბრაზილიური ან ინდური შტამების წინააღმდეგ.

თურქეთში კორონავირუსის სამი შტამია გავრცელებული, თურქეთში სრული ლოკდაუნი

თურქეთში რუსული ვაქცინა დაამტკიცეს

ვაქცინა Sinopharm – მოქმედების მექანიზმი, როგორ შეიქმნა ეს ვაქცინა

ასევე, ყურადღება უნდა გავამახვილო იმ სამედიცინო დაწესებულებებზე, რომლებიც ვაქცინაციამდე, დამატებით, კვლევების ჩატარებას გთავაზობენ, მაპატიეთ, მაგრამ ეს არის უნამუსობა, ესკომპანიები ფულს აკეთებენ თქვენზე! ანალიზები უნდა გაიკეთოთ მხოლოდ და მხოლოდ ექიმის დანიშნულებით. არსად მსოფლიოში არ აკეთებენ ასეთ კვლევებს ვაქცინაციამდე.

რაც შეეხება კოვიდპასპორტს – ესაა მსოფლიო აფიორა, ფულის გაკეთების და კორუფციის წყარო. ჯერ ერთი, როდესაც ადამიანი გაიკეთებს ვაქცინას, ეს ქაღალდზე კი არ უნდა აღინიშნოს, არამედ უნდა იყოს ელექტრონული აპლიკაცია, თანამედროვე მედიცინაში ყველაფერი უნდა იყოს ელექტრონული. ელემენტარულად, ვაქცინის გაკეთების შემდეგ ვაქცინის ნომერსაც ვერ წერენ საქართველოში ნორმალურად. ჩვენი ვაქცინაცია ჩამორჩენილი აფრიკის ქვეყნის დონეზეა.

საინტერესოა, რომელი ვაქცინის პასპორტი უნდა გააკეთონ?!

ეს პასპორტი არ არის ახლად მოგონილი, 2000 წელს ჟენევაში მე ავიღე ვაქცინის პასპორტი, როცა მივემგზავრებოდი ნეპალში, იქ იყო რაღაც დაავადებები და აუცილებელი მოთხოვნა იყო იმ ქვეყანაში შესვლის წინ გამეკეთებინა გარკვეული აცრები. ასევე, აფრიკაში მივდიოდი 2006 წელს და კენიაში როცა ჩავფრინდი, აეროპორტში მომთხოვეს ყვითელი ბარათი ანუ ვაქცინაციის პასპორტი. თუ ადამიანი არ იყო აცრილი გარკვეულ ინფექციებზე, ქვეყანაში არ უშვებდნენ. მაგრამ ეს ვაქცინები არის ძველი, მამა-პაპური, უკვე დიდი ხნის გამოცდილი, ანუ იმას რომ გაიკეთებ, იცი, რომ ხარ დაცული – გაიკეთებ – არ დაგემართება.

ახლა რა ხდება: ჩვენ გვაქვს ეს ახალი ვაქცინები, ავიღოთ მაგალითად „ფაიზერის“ ვაქცინა – ისრაელის მაგალითი. ისრაელმა გამოუშვა ე.წ. პასპორტი, იქ წერია: ადამიანის სახელი-გვარი, როდის გაიკეთე პირველი და მეორე დოზა, და ვალიდურობა (მეორე ნემსის გაკეთებიდან 5 თვე), პირველი ნემსიდან 6 თვის შემდეგ ვალიდურობა მთავრდება, აღარ ხარ დაცული. ეს არის ერთი ინდიკატორი ანუ მაჩვენებელი, რამდენი ხანი ხარ დაცული. ისრაელმა ვაქცინაციისთვის გამოიყენა მხოლოდ ერთი ვაქცინა, შესაბამისად ამ ვაქცინაზე მეტ-ნაკლებად იციან ყველაფერი.

ჩვენს საქართველოში რა ხდება: ჩვენ ხომ მულტიპროფილური ქვეყანა ვართ, გვაქვს „ფაიზერი“, „ასტრაზენეკა“, ჩინური ვაქცინა (ალბათ ორნაირი) და სავარაუდოდ, კიდევ ჩამოიტანენ.

ეხლა ასეთი საკითხი დგას: „ფაიზერთან“ მეტ-ნაკლებად ვიცით შედეგი – 94%-ით ხართ დაცული ვუჰანური და ბრიტანული ვირუსისგან, მაგრამ ბრაზილიურ, სამხრეთაფრიკულ და ინდურ შტამებზე რა მოგახსენოთ. არ ვიცით!

ვთქვათ გაიკეთეთ „ასტრაზენეკა“ (ამ ვაქცინასთან დაკავშირებით ძალიან ბევრი კითხვაა, იმდენად ცუდად არის ამ ვაქცინის საქმე, ამ კომპანიამ ვაქცინის სახელიც კი შეცვალა), დავუშვათ გაიკეთეთ პირველი დოზა, მეორე დოზას როდის გაიკეთებთ, კაცმა არ იცის, სხვადასხვა ვერსია იყო სხვადასხვა ეტაპზე, ზოგი ევროპული ქვეყანა იმასაც ამბობს, მეორე დოზაზე სხვა ვაქცინა უნდა გაიკეთოთო, მე პირადად ვერაფერი გავიგე! პირველი შეკითხვა ასეთია: რა ვადა აქვს ვალიდურობა? წესით და რიგით, როგორც ვიცი, 6 თვის შემდეგ უნდა აიცრათ მესამედ. მეორე შეკითხვა კი ასეთია: რამდენი პროცენტით იქნებით დაცული? – „ასტრაზენეკაზე“ სავარაუდოდ 70%-ით იქნებით დაცული. განსხვავება საკმაოდ დიდია „ფაიზერისა“ და „ასტრაზენეკას“ დაცულობას შორის, ისმის კითხვა: ამ ორი სხვადასხვა ვაქცინით აცრილ ადამიანებს ერთნაირი პასპორტი უნდა მივცეთ? გამოდის, „ასტრაზენეკათი“ აცრილი უფრო საშიშია, ის შეიძლება დაინფიცირდეს და გაავრცელოს ვირუსი… ჩინური ვაქცინის შემთხვევაში საერთოდ სხვა, ბევრად უარესი მონაცემები გვაქვს: მისი ეფექტიანობა 25%-ია და არ მუშაობს არც ერთი შტამის წინააღმდეგ, გარდა ვუჰანურისა. საკითხავია, ამ სამი სხვადასხვა ვაქცინით აცრილ ადამიანებს ერთნაირი პასპორტი უნდა მივცეთ? ამ დროს, არსებობენ ადამიანები, ვინც გადაიტანეს ეს ვირუსი და იმუნიტეტი აქვთ უკვე, მინიმუმ 5-6 თვე დაცულები არიან, რას ვუშვებით ასეთ ადამიანებს, პასპორტი მათ არ უნდა მივცეთ? ელექტრონული ჯანდაცვა თუ არ გაქვთ, როგორ უნდა დაადგინოთ, ვინ რითია აცრილი ან რამდენად უსაფრთხოა? სრული აბსურდია!!! ამასთან, ადამიანი, რომელმაც კოვიდი გადაიტანა, უფრო დაცულია, ვიდრე ის, ვინც ჩინური ვაქცინა გაიკეთა. მე მაგალითად, ამ ოთხი ადამიანიდან ყველაზე დაცულად კოვიდგადატანილი ადამიანი მიმაჩნია და პასპორტს სწორედ მას მივცემდი.

ამ ყველაფრის გათვალისწინებით მიმაჩნია, რომ ეს კოვიდპასპორტი არის კოვიდაფიორა, ფულის გაკეთების ახალი საშუალება, კორუფციის წყარო.

ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრის 27.04 განახლებული წესები:(https://bit.ly/3nzP64r),

 

რაც შეეხება იმ გამოკითხვას, რაც საქართველოში ჩაატარეს, როცა ადამიანებს შეავსებინეს აპლიკაცია – რომელ ვაქცინას გაიკეთებენ. ჩემი აზრით, ეს არის შეურაცხმყოფელი, როცა ქვეყანაში რეალურად ვაქცინების არჩევანი არ არის.

დიდი აჟიოტაჟი ატყდა ჩემ მიერ ამას წინათ გაკეთებულ განცხადებაზე, რომელიც შეეხებოდა სპერმის ხარისხს. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს ეხებოდა მხოლოდ კოვიდის გავლენას, და არა ამ ვაქცინების, კოვიდვაქცინის სპერმის ხარისხზე ზემოქმედებაზე ჯერ კვლევების შედეგები ცნობილი არ არის. როგორც კი იქნება კვლევის შედეგები, აუცილებლად გაცნობებთ. თუ ვინმემ რამე ვერ გაიგო, ბოდიშს გიხდით. ზოგადად კი, სპერმის ხარისხზე მოქმედებს ნებისმიერ ვაქცინა, წამალი და დალევაც კი“.

კომენტარები