“ამას უკვე პარტნიორობას ვერ უწოდებთ!” – მამუკა ფიფიას ტელეინტერვიუ გადაცემაში „Соловьёв LIVE“

მცირედი შემოკლებით გთავაზობთ პარტიის „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ საერთაშორისო მდივნის, ბიზნესმენ მამუკა ფიფიას ტელეინტერვიუს, გადაცემაში

„Соловьёв LIVE“

 – რა ხდება? თითქოს ისეთ კანონს ღებულობთ, რაც შეერთებული შტატების ანალოგიურ კანონზე გაცილებით რბილია… თურმე ეს დემოკრატიის იმ ნორმებს ეწინააღმდეგება, რაც იმავე შეერთებულ შტატებს გააჩნია?

– დიახ, მოგეხსენებათ, ისინი ფარისევლები და ორმაგი სტანდარტების ჩემპიონები არიან. აშშ-ის სახელმწიფო მდივნის თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში ჯიმ ო’ბრაიენი გვასწავლის, თურმე ეს კანონი საქართველოსთვის რარიგ ცუდია, არადა, საკუთარ ქვეყანაში 10-ჯერ უფრო მკაცრი კანონი აქვთ.

ბოლოსდაბოლოს, ეს კანონი მივიღეთ და ის პოლიტიკურ, საზოგადოებრივ და კულტურის სფეროებში ცვლილებას შეიტანს და, რაც მთავარია, ქვეყნის სუვერენიტეტს გაამყარებს. ქართველ საზოგადოებას ჩამოშლისგან და პერმანენტული აქციებისგან დაიცავს.

 – ვინ არის ის ხალხი, რომელიც პროტესტს ავლენს ამ კანონის მიმართ?

– მათი ნაწილი გრანტიჭამიები არიან; ასევე სტუდენტები და სკოლის მოსწავლეებიც აღმოჩნდნენ ჩართულები.

 – აირწინაღებით და ძალაყინებით აღჭურვილან… პროტესტს მშვიდობიანი ხასიათი აქვს?

– არა, მათ შორის არის ასე, 5-დან 10 ათასამდე საკმაოდ აგრესიული ადამიანი, რომლებსაც ძალადობის გამოვლენა ევალებათ. ისინი მზად არიან, დაუპირისპირდნენ პოლიციელებს. ამერიკაში ძალოვნები ასეთებს უმალ გაანეიტრელებდნენ. ხომ ვნახეთ, რამხელა სასჯელები მიუსაჯეს, ვინც კაპიტოლიუმის შენობას უბრალოდ, მიუახლოვდა?! უფრო მეტი – ორგანიზატორებს მიესაჯათ. საქართველოში ორგანიზატორები ბუჩქებში იმალებიან, წინა ხაზზე კი, ამ ახალგაზრდებს მიერეკებიან. ვიცით, რომ ეს ორგანიზატორები პროფესიონალი რევოლუციონერები არიან. ამ ხალხმა სააკაშვილის დროს ჯერ კიდევ 2003 წელს მოახდინა რევოლუცია, 2014 წელს აქტიურად მონაწილეობდნენ უკრაინის ევრომაიდნის მოვლენებში, ასევე მოლდოვაში, ყირგიზეთში, შემდეგ-კვლავ უკრაინაში… შემორჩენილები არიან ევროდეპუტატები, რომლებსაც სააკაშვილი ხელფასებს უხდიდა პიარისთვის. ისინი ამღვრევენ წყალს საქართველოში. ჩვენს წინაპრებს მადლობა, რომ 1941-1945 წლებში ფაშისტებს ქართულ მიწაზე არ დაუბიჯებიათ! მაგრამ რამდენიმე დღის წინ ერთმა გერმანელმა ფაშისტმა განაცხადა, რომ ეკლესია ხელისუფლების მოკავშირეა, ახალგაზრდების წინააღმდეგ! მაშინვე გამახსენდა, როგორ განდევნეს უკრაინიდან მართლმადიდებელი სარწმუნოება, გაანადგურეს ეკლესია. აი, ეს ხალხი აკეთებს განცხადებებს ამჯერად საქართველოში.

ევროპამ უნდა გააცნობიეროს, რომ საქართველო მრავალათასწლოვანი ისტორიის მქონე, მრავალეროვნული ქვეყანაა და თავისი წესები არ მოგვახვიოს.

 – ამავდროულად, ნუ დავივიწყებთ – დიადი ქრისტიანული ქვეყანაა საქართველო!

– საქართველოში ყოველ რელიგიას თანაბრად სცემენ პატივს. ამიტომ მსურს, ყველა კონფესიის წარმომადგენელს ჩვენი თანადგომისკენ მოვუწოდო. წინააღმდეგ შემთხვევაში, მტერი ხვალ თქვენც მოგადგებათ.

 – სულ, რამდენი არასამთავრობოა საქართველოში?

– 20 ათასზე მეტი, არადა, ქვეყანაში მხოლოდ 3 მილიონ 200 ათასი ადამიანი ცხოვრობს. მსმენია, რომ ერთ-ერთი ადამიანის გარშემო 5 არასამთავრობოა გაერთიანებული იმ მიზნით, რომ გრანტები მეტი რაოდენობით მოიზიდოს. სამწუხაროდ, არასამთავრობო ორგანიზაციის მეოხებით ფულის მოზიდვა საქართველოში მეთოდად გადაიქცა.

 – ვესაუბრე აზერბაიჯანის პრეზიდენტს, რომელმაც მითხრა, რომ მას მერე რაც უცხოეთიდან დაფინანსება აკრძალა, არასამთავრობოების ორგანიზებული ასიათასიანი მიტინგები თითოოროლამდე დავიდა.

– მართალია. დღევანდელი არასამთავრობოები არა მხოლოდ საქართველოში ახდენენ მნიშვნელოვან გავლენას ქვეყნის შიგნით პროცესებზე, არამედ, აზერბაიჯანშიც ცდილობენ მოვლენების წარმართვას. ამის გამო აზერბაიჯანის მხარემ სახმელეთო საზღვარიც კი ჩაკეტა საქართველოსთვის. ვფიქრობ, ქართულ არასამთავრობოებს ირანამდეც მიუწვდებათ ხელი.

 – თქვენი პრეზიდენტი რას აკეთებს ამ დროს?

– „მადამ სალომე“ ქართულ ენასაც კი, ქართველისთვის ღიმილისმომგვრელ დონეზე ფლობს. ის საფრანგეთში დაიბადა, „კრუასანებზე“ აღიზარდა და მშობლიური ენა მისთვის – ფრანგულია.

 – ნუთუ, საქართველოში პრეზიდენტის პოსტზე კანდიდატი ვერ გამოინახა, რომ საფრანგეთის ემისარი არ დაგენიშნათ?

– უცხოური გავლენა სწორედ ამაში მდგომარეობს – უცხოეთმა ის პრეზიდენტად თავხედურად შემოგვაჩეჩა! ასე თავხედურად ერევიან ჩვენს საშინაო პოლიტიკურ პროცესებში, მეზობლებისგან, თუნდაც, რუსეთისგან განსხვავებით, რომელთანაც საქართველოს 860 კილომეტრის სახმელეთო და დამატებით, 230 კილომეტრი სიგრძის საზღვაო საზღვარი გააჩნია. რუსეთი არ აფინანსებს საქართველოში არც ერთ არასამთავრობო ორგანიზაციას ან ტელევიზიას, არცერთ პოლიტიკურ პარტიას! 2023 წელს რუსეთიდან საქართველოს მიმართულებით პირდაპირი ავიარეისები აღდგა. ამ მიზნით, ჩვენმა პარტიამ „სოლიდარობა მშვიდობისთვის“ დსთ-ს საქმეთა კომიტეტს, ლეონიდ ივანეს ძე კალაშნიკოვს მიმართა. დიდი მადლობა მას და მის ჯგუფს, რამეთუ დაუყოვნებლივ მიმართეს რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტს, ვლადიმერ პუტინს, რომელმაც დადებითად გადაწყვიტა ეს საკითხი. შედეგად, რუსეთმა, რომელიც 2022 წელს საქართველოს ეკონომიკურ პარტნიორებში რიგით მე-2 ადგილს იკავებდა, 2023 წელს 1 ადგილზე გადაინაცვლა! რუსეთიდან საქართველოში ჩამოვიდა ყველაზე მეტი ტურისტი; რუსეთთან საქონელთბრუნვამ შეადგინა 2 მილიარდი დოლარი; რუსეთიდან საქართველოში 2022 წელს 2 მილიარდი დოლარი გადმოირიცხა (ეს უზარმაზარი ციფრია!) ხოლო 2023 წელს 1,5 მილიარდზე მეტი. ჰოდა, ჩვენი ეკონომიკური მთავარი პარტნიორები არ გვერევიან საშინაო საქმეებში, ხოლო დასავლეთი თავს ასეთი მოქმედების უფლებას აძლევს! ამას უკვე პარტნიორობას ვერ უწოდებთ!

 – ქალბატონი პრეზიდენტი დაგპირდათ, რომ კანონს ვეტოს დაადებს…

– დიახ. მაგრამ უბრალო უმრავლესობით შეიძლება ამ ვეტოს დაძლევა.

 – აქამდე რად რჩება პრეზიდენტად? საქართველოს კანონმდებლობა იმპიჩმენტის პროცედურას არ ითვალისწინებს?

– იყო ამისი მცდელობა, საკონსტიტუციო სასამართლოც კი გაიმართა, როდესაც პრეზიდენტმა კონსტიტუცია დაარღვია, მაგრამ იმპიჩმენტისთვის საკმარისი ხმების რაოდენობა არ აღმოჩნდა. ნაცებმა მას მხარი დაუჭირეს, რის შედეგადაც პრეზიდენტის პოსტზე დარჩა. საქართველოში მომავალ წელს ახალი პრეზიდენტის, ხოლო მიმდინარე წლის შემოდგომაზე – ახალი პარლამენტის არჩევნები გაიმართება. ამჟამად სიტუაცია საკმაოდ დაძაბულია და ნაცები მზად არიან ყველაფერზე წავიდნენ, ხელისუფლების ძალადობით შეცვლის მიზნით. ისინი ქართველებზე ზეწოლას მაშინ აძლიერებენ, როდესაც უკრაინის ფრონტზე რუსეთი განსაკუთრებით არის დაკავებული. მათ სურთ, საქართველომ რუსეთს მეორე ფრონტი გაუხსნას, რათა უკრაინიდან ყურადღება თავისკენ გადაატანინოს.

 – უნდა აღნიშნოს, რომ უკრაინელთა მხარეს ბევრი ქართველი ომობს და უკვე საკმაოდ ბევრი დაიღუპა კიდეც. საქართველოს ოფიციოზი როგორ აფასებს უკრაინაში მეომარ ქართველებს?

– აფასებს უკიდურესად ნეგატიურად. შეიძლება თქვენ არც კი იცით, აშშ ყოფილიო ელჩი კელი დეგნანი როგორ მიეჭრა საქართველოს მაშინდელ პრემიერს, ირაკლი ღარიბაშვილს და პირდაპირ მოსთხოვა რუსეთისთვის მეორე ფრონტის გახსნა. მან ქართველთა მხრიდან პოტენციური მსხვერპლიც ივარაუდა და თავხედურად აღნიშნა, რომ „თავისუფლებას საზღაურის გაღება სჭირდება“ და დამოუკიდებლობისათვის ბრძოლაში ამ რაოდენობით მსხვერპლი სრულიად მისაღები უნდა ყოფილიყო საქართველოსთვის!

 – იმავდროულად, უთქვამს, თქვენ დაიწყეთ და ჩვენ მხარს დაგიჭერთო… როგორც თავის დროზე კრეტინი სააკაშვილი წააქეზეს და რამაც კოლოსალური რაოდენობით ქართველთა დაღუპვა გამოიწვია!

– მაშინდელი დეტალები არ ვიცი, მაგრამ ამჯერად თავად ყოფილმა პრემიერმა ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ დეგნანი მას ომის დასაწყებად აქეზებდა.

 – სააკაშვილის ციხიდან გამოყვანის და მისთვის ძალაუფლების ჩაბარების საკითხი ისევ განიხილება?

– რა თქმა უნდა. ის ცნობილი სიმულიანტია, ხოლო დასავლეთი აუცილებლად ეცდება, აგრესიული ბრბო ვივა-მედის კლინიკამდე მიიყვანოს, სადაც სააკაშვილი ამჟამად „სასჯელს იხდის“ და მსჯავრდებული იქედან გამოიყვანოს. გეხსომებათ, თავის დროზე როგორ გააღწია მან უკრაინის საზღვარზე. ამავე მეთოდით, შეიძლება პატიმრობასაც დააღწიოს თავი.

 – ბოლოსდაბოლოს, ვინ ებრძვის საქართველოს კანონიერ ხელისუფლებას?

– უცხოეთის აგენტურა. რამდენიმე კერად დაყოფილი ბანდა, რომელიც ინგლისური დაზვერვიდან ფინანსდება.

 – ჩვენში, თუ უცხოელი ამ დონეზე ერევა ქვეყნის საშინაო საქმეებში, აუცილებლად ჩამოართმევენ სტატუსს და გააძევებენ სახელმწიფოდან.

– ყველაფრის ერთბაშად მოხერხება შეუძლებელია. ამიერიდან, ჩვენთანაც ამგვარად იქნება და მალე საერთაშორისო საზოგადოება პირველ დეპორტაციებსაც იხილავს. ისეთი შემთხვევებიც არის, როდესაც აქციის მონაწილე ტელეარხს გულწრფელად პასუხობს, რომ საქართველოში ცხოვრობს, რადგან რუსეთში მასზე ძებნა არის გამოცხადებული, იმ კანონზე დაყრდნობით, რომლის მსგავსი „რუსული კანონის“ ამოქმედებას საქართველოში აპირებენ. ასეთები ბევრნი არიან.

 – დაუყოვნებლივ გამოაძევეთ! მოუთმენლად დაველოდებით. რუსეთში ლეფორტოვოს ციხე ასეთებისთვის მუდამ ღიაა! დიდი მადლობა, მამუკა, ინტერვიუსთვის. საქართველოს კი სიბრძნეს და გამძლეობას ვუსურვებთ, რათა უცხოელების შემოტევას გაუმკლავდეს!

კომენტარები