„ამბობდა, დედა შემაგინა და იმიტომ ვესროლეო – „ზურა უმაღლესი პიროვნება იყო…“ – “ მკვლელობა იყალთოში – დაკავებულია პოლიციელი
თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ იყალთოში მკვლელობა მოხდა.
კახეთის პოლიციის დეპარტამენტის თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილემ, ვანო ზანდარაშვილმა, თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორი,ზურა საჩიშვილი ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა.
დაჭრილია თელავის მერიის იურიდიული სამსახურის უფროსი, ლევან ბერძენაშვილი, რომელსაც ექიმებმა დახმარება აღმოუჩინეს, შემდეგ სახლში გაწერეს.
როგორც ერთ-ერთი თვითმხილველი აცხადებს, სროლის ხმა ღამე, 00:00 საათზე გაიგო.
-„დაახლოებით 4-5-ჯერ გაისროლეს, შემდეგ მანქანიდან გადმოვიდნენ და ის ეუბნებოდა, რატომ მესროლე, მეც დამჭერიო? დედა შემაგინა და იმიტომ ვესროლეო. მანქანაში მოხდა ეს ამბავი.
მანქანის გაჩერების ხმა იყო, გაჩერდა მანქანა, მანქანაში ესროლეს, დაგუდული ხმა იყო, გარეთ ნასროლი არ იყო. მგონი ოთხნი იყვნენ, ნასვამები იყვნენ და შელაპრაკების ნიადაგზე მოხდა ასეთი ამბავი“,-აცხადებს თვითმხილველი „რუსთავი 2“ საუბრისას.
როგორ ადგილობრივები ამბობენ, დაპირისპირება ერთერთი ადგილობრივის, დავით ლაჩაშვილის, სახლში, დაბადების დღის წვეულებაზე, კომენდანტის საათის დროს მოხდა.
-„ჩემი მეგობრები იყვნენ. არ იცნობდნენ ერთმანეთს… დიდი ტრაგედიაა პირადად ჩემთვის”, – თქვა ლაჩაშვილმა.
პროკურატურამ თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის, ზურაბ საჩიშვილის მკვლელობის ფაქტზე თელავის რაიონული სამმართველოს უფროსის მოადგილე ვ.ზ. დააკავა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება კახეთის საოლქო პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში, სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით მიმდინარეობს.
მიმდინარე გამოძიებით დგინდება, რომ 2020 წლის 26 დეკემბერს, თელავის რაიონის სოფელ იყალთოში, ვ.ზ.-მ ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, შურისძიების მოტივით, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით განზრახ მოკლა ზ.ს. შემთხვევის ადგილზე ასევე ურთიერთშელაპარაკებისას ხელის არეში დაიჭრა ლ.ბ.
საქმეზე ტარდება ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება.
– არა, შიგნით არანაირი კონფლიქტი არ იყო. ზურა მე მეჯდა გვერდით და ვლაპარაკობდით. ვანოს პირადად არ იცნობდა, პირველად შეხვდნენ ჩემთან ერთმანეთს.
თელავის ცენტრალური საავადმყოფოს დირექტორის მკვლელობისთვის ბრალდებული პოლიციელი სასამართლომ წინასწარ პატიმრობაში დატოვა. მოსამართლემ პროკურატურის მოთხოვნა დააკმაყოფილა და ის არგუმენტები გაითვალისწინა, რომლის მიხედვითაც, ბრალდების მხარის მტკიცებით, ვანო ზანდარაშვილი გათავისუფლების შემთხვევაში, საგამოძიებო მოქმედებებს ხელს შეუშლიდა.
ხელის შემშლელ ფაქტორებად პროკურორმა, სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებების განადგურება, მოწმეებზე ზეწოლა და მიმალვის საფრთხე დაასახელა.
გაასაჩივრებს თუ არა ვანო ზანდარაშვილის ადვოკატი მოსამართლის გადაწყვეტილებას, მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც ადვოკატს განჩინება ჩაბარდება. დღევანდელ პროცესზე კი არჩილ ბერიანიძე აღმკვეთ ღონისძიების, პატიმრობის შეცვლას 10 000 ლარიანი გირაოთი ითხოვდა.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე (განზრახ მკვლელობა) და 117-ე (ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანება) მუხლებით მიმდინარეობს.
შემდეგი სასამართლოს სხდომა 18 თებერვალს დაინიშნა, ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებული პოლიციელს 7- 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.