ამირან გამყრელიძე: „ეპიდსიტუაცია თანდათან უფრო იძაბება – მეორე ტალღა, უფრო ძლიერია რიცხობრივი კუთხით, მაგრამ შედარებით უფრო სუსტია დაავადების სიმძიმის მხრივ“

საქართველოში კორონავირუსის 680 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 292 ადამიანი. მონაცემები StopCov-ზე ახლახანს განახლდა.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგი გაიმართა.

-„ეპიდსიტუაცია ქვეყანაში თანდათან უფრო იძაბება, ეს მოსალოდნელი იყო შემოდგომაზე. დაწყებულია მეორე ტალღა, უფრო ძლიერია რიცხობრივი თვალსაზრისით, მაგრამ შედარებით უფრო სუსტია დაავადების სიმძიმის თვალსაზრისით.

გარკვეული ცვლილებები შევიდა ტესტირების რეჟიმში. ყველა სამედიცინო მუშაკი 2 კვირაში ერთხელ გაიტესტებაკოვიდ-კლინიკების რეანიმაციების პერსონალი – კვირაში ერთხელ, სასწრაფო და გადაუდებელი დახმარების პერსონალი – ყოველ 72 საათში ერთხელ, ვინაიდან ისინი ე.წ. ფრონტის წინა ხაზზე არიან. ზოგადად, მთელი ამ ხნის განმავლობაში დადებითობის მაჩვენებელი 1,82-ს შეადგენს, ბოლო 1 კვირაში გვაქვს 6%. ეს მაღალი ნიშნულია, რეგიონების ჭრილში ყველაზე მაღალია აჭარაში – დაახლოებით 22%. შემდეგ მოდის იმერეთი – 7%, თბილისში 4%. მოკლედ რომ შევაჯამოთ ეს სტატისტიკა, ეპიდსიტუაცია ქვეყანაში თანდათან უფრო იძაბება.  საკმაოდ დიდი წილი გვაქვს უსიმპტომო და მსუბუქი პაციენტების, რომლებიც სტაციონარში მკურნალობას არ საჭიროებენ.

ის მოარული აზრი, – მსოფლიოში კორონავირუსი არ არსებობს, ის მოგონილია, არის გრიპივით, მალე გაივლის, არ არის სწორი. ჯერ ერთი, გრიპი სერიოზული დაავადებაა. კორონავირუსმა უკვე 1 მილიონი ადამიანი შეიწირა, მომავალ გაზაფხულამდე კიდევ ამდენივე დაიღუპება, რაც ტუბერკულიოზის, შიდსის, მალარიისა და ჰეპატიტის მსხვერპლთა რიცხვს აღემატება.

აქედან გამომდინარე ეს ვირუსი იქნება უფრო მკვლელი, ვიდრე არის შიდსი, ტუბერკულიოზი, მალარია და ჰეპატიტი. კორონა მათ გადაასწრებს, ამიტომ სერიოზული პანდემიაა ქვეყანაში, აქედან გამომდინარე ვაქცინის დამტკიცებამდე ერთადერთი საუკეთესო თავდაცვა არის პირბადე და ყველას ვთხოვ, რომ ის ატარონ“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

ამ დროისთვის საქართველოში კორონავირუსის 13 521 შემთხვევაა დადასტურებული, გამოჯანმრთელებულია 7 159 ადამიანი, გარდაიცვალა 109 პაციენტი.

კარანტინის რეჟიმში 5590 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარები