ამირან გამყრელიძე: „ოქტომბრის პირველ კვირაში საქართველოს გრიპის ვაქცინის 135 ათასი დოზა ექნება“

-„ოქტომბრის პირველ კვირისთვის შეკვეთილი და ნაყიდი გვაქვს ოთხკომპონენტიანი გრიპის ვაქცინის 135 ათასი დოზა, – როგორც წესი, გაუკეთდება რისკჯგუფებს, ეს რისკჯგუფები ყოველწლიურად ისაზღვრება იმუნიზაციის საბჭოს დადგენილებით. ვცდილობთ მაქსიმალურად, გავზარდოთ სახელმწიფოს მიერ შესყიდული ვაქცინის მარაგი. ძალიან ბევრ ბაზარზე და ბევრ მწარმოებელთან გვაქვს კონტაქტი, შესაძლებელია, წელს გრიპის აცრებზე მოთხოვნა იყოს მეტი, ვიდრე ოდესმე ყოფილა. რა თქმა უნდა, ვაქცინა ექნებათ კერძო კომპანიებსაც. შარშან გვქონდა ნაყიდი 100 ათასი, იქიდან დაგვრჩა ძალიან ცოტა, წელს შევიძინეთ 135 ათასი, ახლა ვცდილობთ, სულ მცირე გავაორმაგოთ.

თანდათან შევდივართ შემოდგომის სეზონში, ამ დროს აქტიურდება სეზონური ინფექციები, იგივე გრიპის ვირუსი. ყველანაირად უნდა ვუფრთხილდეთ ამ სეზონს, რომელიც პირველი სეზონი იქნება, როცა იქნება თანხვედრა და ე.წ ზედდება ორი ინფექციის, „კოვიდისა“, გრიპის. ორივე გახლავთ რესპირატორული ინფექცია, კლინიკურად ძალიან გვანან ერთმანეთს, მათი გარჩევა შეიძლება ძირითადად ლაბორატორიულად, 21 ლაბორატორია, რაც ახლა მუშაობს ქვეყანაში თანდათან, გარდა „კოვიდისა“, შემდგომში აწარმოებს გრიპის დიაგნოსტიკას, ასევე ყველა კლინიკას ვთხოვეთ, დროულად მოიმარაგონ გრიპის სწრაფი ტესტები, ნოემბერში, როცა ეს პროცესი დაიწყება, ამ ორი რესპირაციული ინფექციის დიფერენცირება ადვილად მოვახდინოთ. გარდა ამისა, გრიპზე გავრცელდება ყველა ის რეკომენდაცია, რომელიც არის „კოვიდზე“ – პირბადის გამოყენება დახურულ სივრცეში და იმ ღია სივრცეებშიც, სადაც მეტრნახევრიანი დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება, დავიცვათ დისტანცია ყველგან,  რაც შეიძლება ხშირად დავიმუშაოთ ხელები სადეზინფექციო ხსნარებით ან კარგად დავიბანოთ საპნით.

აუცილებელია დიდი თავშეყრის ადგილებისგან თავიდან აცილება, რადგან არის მომატებული რისკფაქტორი ინფექციის გავრცელებისა“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

დღე-ღამეში საქართველოში კორონავირუსის 193 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. 40 პაციენტი გამოჯანმრთელდა, ერთი გარდაიცვალა.

გასული დღე-ღამის განმავლობაში, კორონავირუსით ინფიცირების 193 ახალი შემთხვევიდან 92 აჭარაში დაფიქსირდა, 53 იმერეთში, 31 თბილისში, 8 სამეგრელო-ზემო სვანეთში, 7 გურიაში, 1 რაჭა-ლეჩხუმში, 1 კი მცხეთა-მთიანეთში.

კარანტინის რეჟიმში 4 988 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 836, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კომენტარები