ამირან გამყრელიძის განმარტება, -კოვიდ სასტუმროში კორონავირუსით  42 წლის ქალი გარდაიცვალა

-„ბათუმის კოვიდ სასტუმროში 42 წლის ქალის გარდაცვალების მიზეზი, სავარაუდოდ, თრომბოემბოლია გახდა.

ყველა გარდაცვლილის ოჯახს ვუსამძიმრებ. სამწუხაროდ, მედიცინაში 100%-იანი არაფერი არ არის. ვისაც ექიმად უმუშავია,სამწუხაროდ უეცარ სიკვდილს შესწრებია, ეს არის, როცა შენ, ექიმს, არაფერი არ გძალუძს. დიდი ალბათობით, როგორც ჩემი კოლეგები აჭარიდან მეუბნებიან, იქ იყო თრომბოემბოლია, – იწვევს უეცარ სიკვდილს”, –  განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა, ამირან გამყრელიძემ სოფო ზურებიანის „პოლიტიკის ფორმულაში“.

ჟურნალისტის კითხვაზე, იყო თუ არა ქალბატონის გადარჩენის შანსი, კლინიკაში რომ ყოფილიყო ის მოთავსებული, გამყრელიძემ განაცხადა, -„ღია ეთერში სამედიცინო შემთხვევების განხილვის მომხრე არ არის“.

აჭარაში, წუხელ, კოვიდ-სასტუმროში კორონავირუსით  42 წლის ქალი გარდაიცვალა. 

-„დაავადება უსიმპტომოდ მიმდინარეობდა, ის კოვიდ-სასტუმროში გადიოდა მკურნალობის კურსს.

დაფიქსირდა 42 წლის ქალის გარდაცვალება. ძალიან სამწუხარო შემთხვევაა, ვუსამძიმრებ მის ოჯახს. ეს იყო უეცარი სიკვდილის შემთხვევა. მსუბუქი პაციენტი, გამოხატული კლინიკური სიმპტომები არ აღენიშნებოდა. გვიან საღამოს ოჯახის წევრები და ჩემი კოლეგებიც ესაუბრნენ, თუმცა კლინიცისტებისგან მიღებული პირველადი ინფორმაციით, ეს იყო თრომბოემბოლიური გართულებებით გამოწვეული შემთხვევა“, – განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ, თამარ გაბუნიამ.

აჭარის ჯანდაცვის მინისტრის, ნინო ნიჟარაძის განცხადებით, ქალი კოვიდ-სასტუმროში 10 ოქტომბრიდან იმყოფებოდა.

კომენტარები