„ამნისტიის ალტერნატივა გირაო არ არის – კაცური საქციელი არ არის, როცა მელია ამბობს, რომ გირაოს გადაიხდის და გამოვა, მაგრამ მისგან გაბრიყვებული ადამიანები, რომლებიც უტევდნენ პარლამენტს, უნდა შევიდნენ ციხეში“-ირაკლი კობახიძე

ამნისტია შეთანხმების ნაწილია, აქედან გამომდინარე, პასუხისმგებლები ვართ, ხელმოწერილი დოკუმენტის ეს ნაწილი აღსრულდეს. ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, ირაკლი კობახიძემ განაცხადა.

-„პირველ რიგში უნდა ითქვას, –  ამნისტიის კანონი არ არის სხვა რაღაცების ალტერნატივა, იქ საუბარი იყო გირაოზე, თავდებობაზე და ა.შ. ამნისტია არის ერთადერთი ზომა, რომელიც იცავს ბრალდებულს შესაძლო გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულებისგან. სხვა, – არც გირაო, არც თავდებობა და ა.შ. ამისგან არ იცავს ბრალდებულს. ერთადერთი, რაც იცავს ბრალდებულს შესაძლო გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულებისგან არის სწორედ ამნისტია. ამნისტია არ არის არაფრის ალტერნატივა. ამნისტია არ იყო ჩვენი მოთხოვნა, პირიქით, ჩვენ არ მოგვწონდა ეს პუნქტი, საბოლოო ჯამში ეს იყო საერთაშორისო პარტნიორების ინიციატივა. შესაბამისად, ამნისტიის შესახებ ჩანაწერი აისახა ამ დოკუმენტში.

ერთის მხრივ, ჩვენთვის არის მნიშვნელოვანი, -გირაო იყოს გადახდილი და მელიამ აღიაროს გირაო, ეს არის ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი, მაგრამ კკიდევ ერთხელ გავიმეორებ, –  გირაო რომც მიიღოს მელიამ, ის გამოვა წინასწარი პატიმრობიდან, თუმცა თუ დადგება მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენი, ის შებრუნდება ციხეში, ამიტომ ამნისტიის ალტერნატივა გირაო არ არის.

კიდევ ერთი აქცენტი, როდესაც მელია ამბობს, –  უკვე მზად არის, გირაო აღიაროს, გამოვიდეს, ოღონდ, ამნისტია არ იყოს მიღებული, ეს თავისთავად კარგია, რადგან ეს არის უკან დახევა, მაგრამ მინდა, მას ვუთხრა, – არ არის კაცური საქციელი, როდესაც ის ამბობს, – გირაოს გადაიხდის და გამოვა, მაგრამ ის ადამიანები, რომლებიც მისგან იყვნენ გაბრიყვებული და რომლებიც უტევდნენ პარლამენტს, უნდა შევიდნენ ციხეში. ეს არ არის კაცური საქციელი, მან კაცურად უნდა მიიღოს ყველაფერი, რაც არის მათ შორის გაწერილი შეთანხებაში“.

კომენტარები