ამნისტიის შესახებ მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული კანონპროექტი – დეტალურად

„ქრონიკამ“ ამნისტიის შესახებ მმართველი გუნდის მიერ შემუშავებული კანონის პროექტი მოიპოვა:

„ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ჩართულობით საქართველოს პოლიტიკური პარტიების მიერ 2021 წლის 19 აპრილს ხელმოწერილი შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების შესასრულებლად, რომლის მიზანია შემცირდეს პოლარიზაცია ქართულ პოლიტიკაში და თავიდან იქნეს არიდებული 2019 წლის 20 ივნისს საქართველოს პარლამენტის შენობაში შეჭრის მცდელობისა და პოლიციელებზე ძალადობის, აგრეთვე აღნიშნულ დანაშაულებრივ ქმედებებზე სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლების მიერ უფლებამოსილების გადამეტებით რეაგირების საკითხის გადაჭარბებული პოლიტიზება, კანონპროექტით ერთჯერადი, დროებითი და განსაკუთრებული ღონისძიების სახით ცხადდება ამნისტია.

სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდება ყველა პირი, რომელმაც 2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებით ჩაიდინა დანაშაული და უარს არ აცხადებს მის მიმართ ამნისტიის გავრცელებაზე. ამნისტია ვრცელდება აგრეთვე პირზე, რომელმაც 2019 წლის 19- 21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული დანაშაულის მომზადება ან მცდელობა ჩაიდინა. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან გათავისუფლება ვრცელდება პირობით მსჯავრზეც.

2019 წლის 19-21 ივნისის მოვლენებთან დაკავშირებული დანაშაულის ჩადენისთვის სასჯელის სახით შეფარდებული ჯარიმა, რომელიც აღსრულებულიამსჯავრდებულს არ დაუბრუნდება. ამნისტია არ ვრცელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 1441-1443 მუხლებით გათვალისწინებულ დანაშაულებზე.

2021 წლის 19 აპრილს „სამომავლო გზა საქართველოსთვის“ ხელმოწერილი შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების დროულად შესრულების საჭიროებიდან გამომდინარე, კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე.

შესაბამისი პირი გათავისუფლდება იმ ჯარიმის გადახდისაგან, რომელიც ამ კანონის ამოქმედების მომენტისთვის არ არის აღსრულებული.

კანონპროექტით არ დგინდება ახალი გადასახადი, მოსაკრებელი ან სხვა სახის გადასახდელი და არ იცვლება არსებული გადასახადები, მოსაკრებლები და სხვა სახის გადასახდელები.

კანონის პროექტის ავტორი საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნება“, მისი ინიციატორი კი, საპარლამენტო ფრაქცია „ქართული ოცნებაა“.

კომენტარები