„ამ ეტაპზე მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება – ახელენ თვალს“ – შატილში დაშავებულები
პირველი საუნივერსიტეტო კლინიკის დირექტორმა, ლევან რატიანმა შატილში მომხდარი ტრაგედიის დროს დაშავებული 3 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა:
-„ამ ეტაპზე მათ სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. პაციენტები იმყოფებიან მართალია რეანიმაციულ განყოფილებაში, მინდა გითხრათ, რომ ვიტალური ფუნქციები სამივე მათგანთან არის აღდგენილი.
ჰემოდინამიკა ამ ეტაპზე სამივე პაციენტთან არის აღდგენილი, ორ მათგანთან გვაქვს კარგი ნევროლოგიური სტატუსი, – ჩაძახილზე ისინი ახელენ თვალს. ასრულებენ მარტივ ინსტრუქციებს.
მესამე, 32 წლის ქალბატონს გუშინ ჩაუტარდა რეკონსტრუქციული ოპერაცია სახის ძვლების, მისი მდგომარეობა ამ ეტაპზე რჩება სტაბილურად მძიმე, მაგრამ დადებითი დინამიკით“.
შატილის გზაზე, 23 აგვისტოს ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად 17 ადამიანი დაიღუპა, სამი მძიმედ დაშავდა. ავარია სოფელ ბისოს სიახლოვეს მოხდა. სამგზავრო მიკროავტობუსი დაახლოებით 80 მეტრის სიმაღლიდან, კლდოვან ფერდობზე გადავარდა. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სსკ-ის 276-ე მუხლით დაიწყო.
მიკროავტობუსი კომპანია Traveler GE-ის ეკუთვნოდა.