„ამ კვლევით შევეცდებით, დავადგინოთ, გავრცელება რამდენია ამ ორ მუნიციპალიტეტში სავარაუდო კოვიდინფექციის“ – ბოლნისისა და თელავის მუნიციპალიტეტებში ე.წ. სერო-პრევალენტობის კვლევა

პარასკევიდან ბოლნისისა და თელავის მუნიციპალიტეტებში ე.წ. სერო-პრევალენტობის კვლევა დაიწყება.

-„შემთხვევითი შერჩევის პრინციპით მოსახლეობის სრული გამოკვლევა არ იგეგმება. ეს სრული გამოკვლევა ნამდვილად არ არის. სწორედ ამიტომ კეთდება შემთხვევითი შერჩევა. სრული გამოკვლევა საუკეთესო მოდელია, თუ ყველა მოსახლეს გამოიკვლევ ამა თუ იმ ფაქტორზე რაც არ უნდა გაინტერესებდეს, სრული სურათი გექნება, მაგრამ ასეთი რამ ბუნებაში არ ხდება. ამ კვლევით შევეცდებით, დავადგინოთ, გავრცელება რამდენია ამ ორ მუნიციპალიტეტში სავარაუდო კოვიდინფექციის.  ოფიციალურად რეგისტრირებული კოვიდის შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტში არ გვქონია. ბოლნისის მუნიციპალიტეტში საკმაოდ მაღალი რიცხვი გვაქვს გავრცელების და შევეცდებით, შევაფასოთ რეალური სიტუაცია, რისთვისაც შერჩეულია მოსახლეობა, რეპრეზენტატული რაოდენობა თანაბარზომიერად განაწილებული მის სხვადასხვა დასახლებულ პუქნტებში. გვაქვს ამ პუნქტების დასახელება, შერჩეული ადამიანთა სია, რომლიდანაც მოხდება შემთხვევითი შერჩევა და მათ ჩაუტარდებათ ტესტირება.

ტესტირება სწრაფი, ანტიგენზე და ანტისხეულზე დამყარებული ტესტებით ჩატარდება“, – განაცხადა  დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის გადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ხათუნა ზახაშვილმა.

-„ჩვენ, პარასკევიდან ბოლნისის მუნიციპალიტეტსა და თელავის მუნიციპალიტეტში ვიწყებთ ე.წ. სერო-პრევალენტობის კვლევას, რომ დავადგინოთ, როგორია გავრცელება კოვიდინფიცრებისა მთლიანად ბოლნისის მუნიციპალიტეტში, არა მხოლოდ ორ სოფელში. საკონტროლოდ ავიღეთ კახეთის ერთ-ერთი მუნიციპალიტეტი, კერძოდ თელავი. ე.წ. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით, 5 დღის განმავლობაში, პარასკევიდან მოყოლებული ამ კვლევებს ჩავატარებთ და ამ კვლევებზე იქნება დამოკიდებული, რა დამატებითი ღონისძიებები შეიძლება დაიგეგმოს ბოლნისში“, – განაცხადა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები