„ამ ჯვარმა გაგასამართლოს-მეთქი. რამდენიმე დღის შემდეგ წესის ასაგებად გავყევი ჭირისუფალთ და ასეთი რამ მიამბეს“

ბერი გაბრიელი

ერთხელ თბილისში, მაღაზიასთან ქრისტეს სიყვარულზე ვქადაგებდი. ჯვარი და ეს სანაწილე მეკეთა – ხუთი წმინდანის სხეულის ნაწილია შიგ ჩადებული. ორი ახალგაზრდა მოვიდა, წამგლიჯეს სანაწილე, რადგან ძვირფასეულობა ეგონათ და გაიქცნენ. მე დავუძახე და შეჩერდნენ. იქ მყოფ ხალხს გავუფრთხილდი, აბა, მეხს ხომ არ ჩამოვიტანდი ციდან ამ ახალგაზრდების გულისთვის, და ვუთხარი: – მოდით, მომეცით სანაწილე-მეთქი. ორივენი მოვიდნენ და სანაწილე დამიბრუნეს. ჯვარი არ გამოვართვი და დავძინე: – ამ ჯვარმა გაგასამართლოს-მეთქი. რამდენიმე დღის შემდეგ წესის ასაგებად გავყევი ჭირისუფალთ და ასეთი რამ მიამბეს:

სასწაული მოხდა. ერთი მღვდელი ქადაგებდა და ამ დროს ჯვარი და რაღაც ნივთი წაართვეს. მღვდელმა ყველაფერი დაიბრუნა, ჯვარი კი უკან გაატანა – ამ ჯვარმა გაგასამართლოსო. სრულიად ახალგაზრდა, ჯანმრთელი ბიჭი, რომელსაც ეს ჯვარი ჰქონდა, სახლში მოსვლისთანავე ლოგინად ჩავარდა და გარდაიცვალა. ბევრი ადამიანია ამ ამბის მომსწრეო.

ჰკითხეს:

– ის ბიჭი, ალბათ, ჯოჯოხეთში მოხვდა?

– არა! მე ვილოცე, რომ ჯოჯოხეთიდან სამოთხეში ასულიყო.

მძიმე და დაბრკოლებებითაა აღსავსე მონასტრის ცხოვრება. ბერ-მონაზვნები პირისპირ შებმიან კაცობრიობის მტერსა და ცოდვების მთესველს. ამ მძიმე ტვირთის ქვეშ ქედდადრეკილმა იღუმენიამ ერთხელ აღელვებით შესჩივნა ბერს:

– მამა გაბრიელ, აღარ შემიძლია, ჯვარი უნდა მოვიხსნა!..

ბერი შეყოვნდა. ჩვეულებისამებრ, ხატებისაკენ მიბრუნდა, ხმადაბლა ილოცა და ცოტა ხნის შემდეგ დასძინა:

– მოთმინება იქონიე, დაო და დედაო, შენით ნუ მოიხსნი ჯვარს, ვინც მოგხსნის, პასუხს ის აგებს. განა პატრიარქს არ უჭირს? შენ არ იცი, კათალიკოსის ჯვარი რა მძიმეა, იმან რაღა ქნას? ბევრი განსაცდელი გელოდება, ღმერთი გახურებულ ღუმელში შეგაგდებს, რომ გამოგაწრთოს და განგწმიდოს.

– რა ვქნა, როგორ მოვიქცე? ზოგს შენიშვნას რომ ვაძლევ, არ ღებულობს, თავისი ცოდვების მონანიების ნაცვლად, განკითხვაში ვარდება. იქნებ ჯობს, არაფერი ვუთხრა? არ მივაქციო ყურადღება, რაც უნდა, ის აკეთოს. ღმერთი ხომ ყველაფერს ხედავს.

ბერი ერთხანს დაფიქრდა, მერე მკაცრად უთხრა:

– მერე, შენ ხომ იღუმენია ხარ! მაპატიე, დაო და დედაო, არქიმანდრიტის ჯვარი გკიდია და ღმერთი იმისათვის დაგსჯის, შენიშვნას რომ არ მისცემ. მხილება აუცილებელია, განკითხვა სხვა რამ არის. როგორ შეიძლება, ცუდ საქციელზე თვალი დახუჭო? შენ უნდა მიუთითო, მათ უნდა შეასრულონ! თუ არ შეასრულებენ, უფალი თვითონ მოჰკითხავს.

კომენტარები