„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებული ტენდერის გამოცხადება დაჩქარდება. დაწყებულია მოლაპარაკებები“

-„ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობასთან დაკავშირებული ტენდერის გამოცხადება დაჩქარდება.

დაწყებულია მოლაპარაკებები ტექნიკურ დახმარებასა და საკონსულტაციო მომსახურებების თაობაზე ისეთ ორგანიზაციებთან, რომლებსაც საერთაშორისო ტენდერის გამოცხადების დიდი გამოცდილება აქვთ.

ვიდრე დაიწყებოდა ეპიდემია, ეს ჯერ კიდევ გაცხადებული გვქონდა. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პროექტია. დაწყებული გვქონდა მუშაობა საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტებთან, მათ შორის, იმ ინსტიტუტებთან ვინც თავიდანვე იყო დაინტერესებული ამ პროექტში შესვლით.

უბრალოდ, ეს წინა ინვესტორის პირობებში ვერ მოხერხერდა. მათთან გვაქვს დაწყებული მოლაპარაკება, ტექნიკური დახმარება, საკონსულტაციო მომსახურების თაობაზე, რათა ისინი დაგვეხმარონ ახალი ტენდერის მომზადებასა და გამოცხადებაში. ჩვენ ახლა შეგვიძლია უკვე თანდათან გავხსნათ ეკონომიკა. ვთვლით,  დადგა მომენტი, როდესაც უნდა მივუბრუნდეთ და გავააქტიუროთ ეს ჩვენი სამუშაო პროცესი. აქედან გამომდინარე, დავაჩქარებთ ტენდერის მომზადებას და ვეცდებით, რაც შეიძლება მალე გამოვაცხადოთ.

ჩვენ ვსაუბრობთ ყველა იმ საფინანსო ინსტიტუტებთან, ვინც მანამდე იყო ჩართული ამ პროექტში, არამხოლოდ EBRD, ასევე აზიის განვითარების ბანკი, ასევე შეიძლება ვესაუბროთ საერთაშორისო საფინანსო კორპორაციას, რომელიც არის მსოფლიო ბანკის წევრი. ესენი ის ორგანიზაციები არიან, რომლებსაც გარდა სესხებისა, ასევე აქვთ ტექნიკური დახმარების გაწევის შესაძლებლობა და ძალიან დიდი გამოცდილება საერთაშორისო ტენდერის გამოცხადების და აქედან გამომდინარე, ეს პროცესი აღდგება“, – განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „პოლიტ-ტაბლო“.

კომენტარები