ანგელოზები არა მარტო ცხადში იცავენ ადამიანებს, არამედ ძილშიც

ანგელოზები არა მარტო ცხადში იცავენ ადამიანებს, არამედ ძილშიც. ერთხელ პაისი დიდთან სასაუბროდ ვინმე ბერი მივიდა. ღირსი მამა მძინარე დაუხვდა, თავს მცველი ანგელოზი ედგა ბრწყინვალე ჭაბუკის სახით. ბერმა განცვიფრებულმა თქვა: ჭეშმარიტად, ღმერთი თავის მოყვარულს იცავსო! მან ვერ გაბედა მიახლოებოდა მძინარე ბერს და ღვთის დიდებით იქაურობას გაშორდა.

***
ღირსი კირილე ბელოზარის მონასტერს აგებდა. ადგილობრივი მცხოვრებნი უყურებდნენ და ფიქრობდნენ, ალბათ ძალიან მდიდარიაო. ერთმა ანგარმა მემამულემ გადაწყვიტა, ღირსი კირილეს მონასტერი გაეძარცვა. მსახურებთან ერთად მონასტერს მიუახლოვდა. ავაზაკებმა დაინახეს, ხმალმომარჯვებული მეომრები სავანეს გარს უვლიდნენ. დილამდე უცადეს, იქნებ ჩაეძინოთო, მაგრამ ამაოდ. როცა მეორე და მესამე ღამესაც იგივე განმეორდა, მემამულემ დილითვე გაგზავნა მსახური, – გაიგე, მონასტერში ჯარის რომელი ნაწილი დგასო. უკან მობრუნებულმა აუწყა ბატონს, სავანეში მორწმუნეთა გარდა არავინ არისო. მაშინ კი მიხვდა მემამულე, რომ მონასტერს უფლის ანგელოზები იცავდნენ და თავისი საქციელი შეინანა.

***
დიდად მოსაგრე მამას, ამბა ისიდორეს, გულისთქმებით და ეშმაკთან ბრძოლით დაქანცული ბერი მოსე შეხვდა. გასამხნევებლად წმინდა ისიდორემ უთხრა, – გაიხედე დასავლეთითო. მოსემ უთვალავი ეშმაკი იხილა, საომრად ემზადებოდნენ. ახლა აღმოსავლეთით გაიხედეო, – უთხრა მოძღვარმა. აღმოსავლეთით ზეციერი დიდებით მოსილი ურიცხვი ანგელოზი იხილა. ნახე, ძმაო, უფალი თავის წმინდანებს დასახმარებლად ვის უგზავნის, – მიმართა ისიდორემ მოსეს, – მრავალნი, დასავლეთით მდგომნი, ჩვენთან საომრად ემზადებიან, მაგრამ მათზე მეტია ჩვენი შემწეო. ამ ხილვამ დაამშვიდა და სულიერი ძალნი შემატა მამა მოსეს.

***
ედესელი ეპისკოპოსი თეოდორე შეეკითხა ერთ ღირს მესვეტე მამას, – როგორ არჩევ, შენთან მოსულთაგან რომელია მართალი და რომელი – ცოდვილიო. მესვეტემ უთხრა, – თუ სვეტის ახლოს ღვთისმოშიში კაცი ჩაივლის, მას გარშემო ნათლით მოსილი ანგელოზები მოჰყვებიან, ეშმაკები კი შორიდან უყურებენ და მიახლოებას ვერ ბედავენ. ცოდვილს მოზეიმე ეშმაკთა გუნდი მოჰყვება, უკან კი მტირალი მფარველი ანგელოზი მოსდევს და მოსთქვამს ცოდვილი კაცის სულიერ სიკვდილს. მაგრამ როცა ეშმაკები კაცის საბოლოოდ დაღუპვას გადაწყვეტენ, იქვე გამოჩნდება ანგელოზი და ცეცხლოვანი მახვილით განდევნის მათ.

კომენტარები