ანჟელა არუთინიანი: ის ყუმბარა ამერიკის პრეზიდენტისთვის ჩემს ვოვას არ უსვრია! ტერაქტის მითი სააკაშვილმა შეთხზა! 

კაცი, რომელიც თბილისში, 2005 წელს არც მეტი და არც ნაკლები – თვით ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტნტ ჯორჯ ბუშზე (უმცროსი) ტერორისტული აქტის ბრალდებით დაიჭირეს და უკვე 15 წელია, ციხეში ზის, ამჟამად საკანში ჩვეულებრივი ცელოფნის პაკეტებისგან სხვადასხვა ფიგურის, მონუმენტის და პორტრეტის შექმნით არის დაკავებული. თქვენ წარმოიდგინეთ, ეს საქმიანობა დააპატენტა კიდეც! ყველაზე საინტერესო კი, ის არის, რომ, ბუშზე თავდასხმისთვის მსჯავრდებული ვოვა არუთინიანი, რომელმაც, ციხეში ვინაობა გამოიცვალა – თურმე ამერიკის სხვა პრეზიდენტის, ტერორისტული აქტის შედეგად დაღუპული ჯონ კენედის თაყვანისმცემელი ყოფილა! 

ვაშლიჯვრის დასახლებაში საუკუნის ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან ტერორისტულ აქტში მსჯავრდებულ, ვოვა არუთინიანის დედა, 80 წლის ქალბატონი ანჟელა არუთინიანი ცხოვრობს. დამირეკა და მოკრძალებით მთხოვა, ინტერვიუ მინდა მოგცე და სახლში მეწვიეო. თემა? შვილის დაპატიმრებიდან მე-16 წელს ქალბატონი ანჟელა აცხადებს, რომ ტერაქტის ვერსია სააკოვის რეჟიმის მოგონილია, სპეცსამსახურებმა დადგეს, რათა მსოფლიოს უდიდესი იმპერიის, ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის სიცოცხლის გადარჩენით ეტრაბახათ და იმპერატორისგან ხალათი დაემსახურებინათ! დიდხანს არ მიფიქრია, ვაშლიჯვარის დასახლებისკენ ავიღე გეზი.

რა თხოვნით მიმართავს საქართველოს პრეზიდენტს,სალომე ზურაბიშვილს,

აშშ-ის პრეზიდენტ ჯორჯ ბუშზე (უმცროსი) ტერაქტის ბრალდებით

უვადო პატიმრობამისჯილი ვოვა არუთინიანის დედა?

ამას პუბლიკაციის ეპილოგში შეიტყობთ!

დიასახლისმა კარი როგორც კი გამიღო, ბინიდან სიღატაკე შემომეფეთა. ერთი ეგ არის, სააკოვის რეჟიმის მიერ ნომერ პირველ ტერორისტად მიჩნეული ვოვა არუთინიანის ბინა ლამის, მუზეუმად არის გადაქცეული, სადაც სამუზეუმო ექსპონატებს ციხეში ვოვას მიერ ცელოფნის ჩვეულებრივი პაკეტებისგან დამზადებული სხვადასხვა, ძირითადად, მეომრების ფიგურები და ცნობილი ადამიანების პორტრეტები წარმოადგენენ, რომლებსაც ზედ ნუმერაციაც აწერიათ. ოთხასამდე ასეთ სუვენირს ოროთახიანი ბინის ერთი ოთახი მთლიანად უკავია. რაც მაგიდაზე არ დაეტია, პირდაპირ იატაკზეა დალაგებული.

უვადო პატიმარმა თურმე, იმდენი მოახერხა, რომ ცელოფანის პაკეტებისგან ფიგურების დამზადების საქმიანობა დაიპატენტა კიდეც.  პორტრეტებში კი, თვალს იტაცებს ჩე გევარას, სტალინის, ზვიად გამსახურდიას და ჯონ კენედის ოსტატურად შექმნილი გამოსახულებები… მაგრამ, უფრო დიდი საოცრება წინ მელოდება, როცა დიასახლისი მეორე ოთახის კარს მიღებს და ყვავილების ულამაზეს ბაღში შევყავარ. ათობით ყვავილის ფიგურა იმდენად წააგავს ნამდვილს, რომ მეჩვენება, შესაბამის სურნელებასაც აფრქვევენ! 

 

 

 – ქალბატონო ანჟელა, რის თქმას აპირებთ ჩემთვის?

 – 15 წელი ვდუმდი. ისევ ვოვას გამო ვდუმდი, მეგონა, სიმართლის ხმამაღლა თქმით, გავაღიზიანებდი საქართველოს ხელისუფლებასაც და გარე ძალებსაც… მეგონა, ისინდისებდნენ,  ვითარება შეიცვლებოდა, ტანჯვას აკმარებდნენ და გაათავისუფლებდნენ…  თბილისში ვარ დაბადებული. სამი დიპლომი მაქვს. ფრანგული ენის მასწავლებელი და უფროსი მეცნიერ-მუშაკი, შრომის ვეტერანი გახლავართ. ხომ ხედავთ – პენსიონერი, სოციალურად დაუცველი – უკიდურეს სიღარიბეში ვცხოვრობ! თავს ვირჩენ ბაზარში ხელსახოცების გაყიდვით… ვოვას ჩემს გარდა არავინ ჰყავს… 15 წელია, ციხეში ზის, წლებია, შვილს არ შევხებივარ. პაემნის დროსაც კი, შუშის ბარიერი გვყოფს ერთმანეთისგან… მეც ცოდვა ვარ და ისიც! აკმარონ, რაც ციხეში იტანჯა! გაითვალისწინეთ – ეს 15 წელი სამარტოვო საკანში გაატარა ისე, რომ დამლაპარაკებელიც კი არავინ ჰყოლია! მე რომ მოვკვდე, ციხეში სამუდამოდ დალპება, არავის გაახსენდება! უკვე 80 წლის ვარ და მარტო ის მასულდგმულებს, რომ შვილს ვჭირდები… გადავწყვიტე, სათქმელი პირდაპირ გითხრათ,

დამალვას უკვე, აზრი არ აქვს! მინდა, მთელმა საქართველომ იცოდეს, რომ ჩემი შვილი უდანაშაულოა!

 – უდანაშაულო?

– დიახ, ჯორჯ ბუშის წინააღმდეგ არანაირი ტერაქტი ბუნებაში არ ყოფილა!  ბუში ხომ ცოცხალია?! უფრო მეტიც – ისე გაემგზავრა საქართველოდან, არც კი შეუტყვია, თითქოს ვინმე ლიკვიდაციას უპირებდა! ლიკვიდაცია კი არა, უკვე დაბეჯითებით გეუბნებით – მისთვის ყუმბარა არავის უსვრია, ხოლო ტერაქტის შესახებ მითი სააკაშვილის მითითებით, მისმა სპეცსამსახურებმა შეთხზეს! ნახეთ, რას წერს სააკაშვილის დაცვის უფროსის მაშინდელი მოადგილე ვასილ გიგოლაშვილი (ხმამაღლა მიკითხავს): „სწორედ იმ ადგილას ვიდექი, სადაც პოლონელმა ჟურნალისტმა არუთინიანს ფოტო გადაუღო. ჩემს გვერდით იჯდა მთელი ამერიკული მანქანა და გამორიცხული იყო, რამე მომხდარიყო. მეტიც – ფარული კამერა იღებდა ყველაფერს! ამერიკელებმა მთხოვეს, საიდუმლოდ დარჩენილიყო და ამიტომაც, ვიდეომასალის შინაარს ვერ გავახმაურებ!“

 ჯერ ლამის გმირად შერაცხეს, ვინც ის ყუმბარა გაიტანა; მერე აღმოჩნდა, თურმე სასწავლო ყუმბარა იყო და მაინც ვერ აფეთქდებოდა. მეორე საკითხია ის, რომ ყუმბარა ვოვას არ უსვრია და ზოგადად, არანაირი მტკიცებულება, არანაირი ვიდეოკადრები არ არსებობს იმისი, თითქოს ვინმემ საერთოდ ისროლა. ამერიკული დაზვერვის ფარული კამერები საგულდაგულოდ აკონტროლებდნენ სიტუაციას და ეყოლებათ დაფიქსირებული, როგორც ვოვა, ასევე, ის პირი, ვინც ცხვირსახოცში გახვეული ყუმბარა ბუშის მახლობლად დადო! 

 – ამტკიცებთ, რომ თქვენს შვილს იმ ყუმბარასთან არანაირი კავშირი არ ჰქონია? 

 – ვინმეს სჯერა, რომ იმდენ ხალხში და სპეცსამსახურებში ვოვამ შეუმჩნევლად შეძლო ყუმბარის სროლა და შემდეგ იქაურობის მშვიდად დატოვება? ამასაც რომ თავი დავანებოთ, განა რანაირად შეძლებდა ყუმბარით შეიარაღებული, ბუშამდე  მიღწევას, როცა მარტო ქართული კი არა, ამერიკული სპეცსამსახურებიც საგულდაგულოდ ჩხრეკდნენ ღონისძიებაზე დასასწრებად მისულ ყველა სულიერს? 

გაითვალისწინეთ – ვოვა ამ ამბებიდან 3 თვის შემდეგ დაიჭირეს! სახლის მახლობლად დაჭრეს და საკაცეთი წაიყვანეს! ადვოკატიც თვითონ აუყვანეს. მირეკავს ეს ადვოკატი და მეუბნება – საავადმყოფოში, სადაც ოპერაცია გაუკეთეს, სულ შიშველია, ზეწრის ამარაა, ტანსაცმელი წამოუღეთო… კითხვა მაქვს – სად წავიდა ტანსაცმელი, რაც დაკავების მომენტში ეცვა?  

 – მაგრამ, მისი დაკავების დროს, პოლიციელი დაიღუპა

 –   ქუჩიდან მოსულს სახლთან დახვდნენ. იარაღი რატომ, ან საიდან ექნებოდა? შეეშინდა დამხვდურების. გაიქცა და, სროლით დაედევნენ.  იმ დღეს კი არა, არც არასოდეს ჰქონია იარაღი, არც მიდრეკილება არ ჰქონია, იარაღთან ურთიერთობის! დაღუპულ პოლიციელს კი, ტყვია უკნიდან ჰქონდა ნასროლი! ის სარდაფი, სადაც ვოვას იარაღები „იპოვნეს,“ სინამდვილეში მურაბების სათავსო იყო! გასაღები გამომართვეს. მერე ჩემი თვალით ვნახე და სხვებმაც ნახეს, საბარგო ავტომობილებით როგორ მოიტანეს რაღაც კალათები და იმ სათავსოში შეზიდეს!  

 – აღარც ბუშია ამერიკის პრეზიდენტი, აღარც სააკაშვილია საქართველოში. ვის ინტერესებშია დღეს, ვოვა არუთინიანის პატიმრობა? 

 

 

 – ალბათ, ამერიკის ინტერესია, მაგრამ ვერ ვხვდები, რა დაუშავა ამერიკელებს. პოლონელი ჟურნალისტი, რომელმაც ვოვას სურათი გადაუღო, გოდერძი შარაშიას ჟურნალისტურ გამოძიებაში ამბობს, რომ მას ყუმბარის სროლის მომენტი არ უნახავს! არც მოწმე არსებობს, რომ ვოვამ დანაშაული ჩაიდინა… მე ვფიქრობ, რომ ყველაფერი სააკაშვილის ბრალია. მას უნდოდა, ამერიკელებისთვის თავი მოექონა და სრულიად უდანაშაულო ჩემს შვილს დააბრალა, თითქოს ბუშის მოკვლა უნდოდა! ახლა კი, არავის უნდა იმის აღიარება, რომ 15 წლის წინ დაჭერილი უდანაშაულო ადამიანი  ისევ ციხეში უზით! მე კი, ისე მენატრება, ჩემი შვილის ჩახუტება… ვისარგლებ შემთხვევით და პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს ფრანგულად მივმართავ:

ქალბატონო პრეზიდენტო, მე ვარ ვოვა არუთინიანის დედა. ის უკვე 15 წელია, პატიმარია. ამჟამად რუსთავის მე-6 ციხეში იმყოფება. დამეხმარეთ, გეთაყვა, გევედრებით! არ მომიკლათ… ის ხომ ჩემი ერთადერთი შვილია! თავისუფლება ვოვას!

 

ესაუბრა ზაზა დავითაია

წყარო: „ასავალ-დასავალი“ 

 

 

 

 

 

კომენტარები