ანრი ოხანაშვილი: „ფაქტია, სააკაშვილი საპროცესო შეთანხმებასთან კი არა, ასოცირდება რეკეტთან, ქონებების უკანონო ჩამორთმევასთან“

 

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილი მიხეილ სააკაშვილის  განცხადებას გამოეხმაურა:

-„საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სააკაშვილი ასოცირდება რეკეტთან და არა – საპროცესო შეთანხმების რეფორმასთან.

საპროცესო შეთანხმება არის ინსტიტუტი, რომელსაც თავისი დადებითი მხარეები აქვს. საპროცესო შეთანხმების ინსტიტუტი არ არის ვინმე სააკაშვილის მოგონილი. ეს მეთოდი სხვადასხვა ქვეყანაშია აპრობირებული და ხდება  მისი გამოყენება. ჩვენს ქვეყანაშიც თავისი დანიშნულება აქვს. სააკაშვილი ასოცირდება რეკეტთან და არა საპროცესო შეთანხმებასთან, ეს საყოველთაოდ ცნობილია. თუ ისეთი „რეფორმა“ უნდა ჩაატაროს მსჯავრდებულმა, ვინმე სააკაშვილმა, რომელიც რეკეტს ახორციელებდა და 24 საათიანი რეჟიმი ჰქონდა ქონებების უკანონო და დანაშაულებრივი გზით გადაფორმების, ამის შესახებ არაერთი გადაწყვეტილებაა მიღებული და საყოველთაოდ ცნობილია. ფაქტია, სააკაშვილი საპროცესო შეთანხმებასთან კი არა, ასოცირდება რეკეტთან, ქონებების უკანონო ჩამორთმევასთან. ჩვენი ხელისუფლების პირობებში ადამიანებს ნაწილობრივ დაუბრუნდათ ქონება და ეს პროცესი არ დასრულებულა, კიდევ უნდა წარიმართოს. ფაქტების ცოცხალი მოწმეები არიან, ვისაც უკანონოდ ართმევდნენ ქონებას, ღამე მიჰყავდათ ნოტარიუსთან და ქონებას აფორმებინებდნენ“.

საქართველოს ყოფილმა პრეზიდენტმა, უკრაინის რეფორმების საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარემ, მიხეილ სააკაშვილმა უკრაინული ტელეკომპანია „1+1“-ის ეთერში განაცხადა:

-„კიდევ ერთი წინადადება, რომელიც იყო მხარდაჭერილი, ეს არის პროკურატურასა და იმ ადამიანებს შორის, ვინც სახელმწიფოს ფული მოჰპარა, საპროცესო შეთანხმების საკითხი, – გულისხმობს სახელმწიფოსთვის ფულის დაბრუნებას ციხეში არჩასმის სანაცვლოდ. ეს მეთოდები მუშაობს ამერიკაში და სხვა მრავალ ქვეყანაში. საქართველოში ჩემი პრეზიდენტობის მხოლოდ პირველი წლის განმავლობაში ჩვენ დავიბრუნეთ ერთ მილიარდ დოლარზე მეტი, საერთო ჯამში კი 2,5 მილიარდი.

ერთ-ერთი ყველა მნიშვნელოვანი რეფორმა არის სასამართლო რეფორმა. ვიდრე არ იქნება სამართლიანობა, არაფერი იქნება. უკრაინაში არ არის სამართლიანობა, რადგან არ არის სამართლიანი სასამართლოები.  ყველაფრის რადიკალურად შეცვლაა საჭირო. ჩვენ შევთანხმდით, უახლოესი ორი კვირის განმავლობაში ჩვენ წარვადგენთ კონცეფციას, თუ როგორ უნდა შევცვალოთ ფუნდამენტურად უკრაინის სასამართლო სისტემა.

მიხეილ სააკაშვილმა ასევე უკრაინაში საგადასახადო რეფორმის განხორციელების მნიშვნელობაზეც ისაუბრა.

 

კომენტარები