ანტიკრიზული გეგმით გათვალისწინებული მხარდაჭერა ფერმერებზე 20 მაისიდან ეტაპობრივად გაიცემა

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ფერმერებისთვის გათვალისწინებული დახმარების პროგრამების განხორციელება ხვალიდან, 20 მაისიდან იწყება.

 20 მაისიდან, ეტაპობრივად დაიწყება „სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის მესაკუთრეთა სტიმულირების“ პროგრამით გათვალისწინებული ქულების დარიცხვა ლიბერთის ბანკის აქტიური ანგარიშის მქონე ბენეფიციარებისათვის;

ასევე ეტაპობრივად მოხდება ლიბერთი ბანკის მიერ აგრობარათების დარიგება.

ფერმერთა საყურადღებოდ! – პროგრამის პოტენციური ბენეფიციარების სიმრავლიდან გამომდინარე, მასობრივი შეკრებების თავიდან აცილების მიზნით, მხოლოდ პროგრამაში მონაწილეობისა და დარიცხული ქულების შესახებ ინფორმაციის ვებპორტალზე myliberty.ge. გადამოწმების შემდეგ მიმართეთ ბანკს. ბანკში ვიზიტის დროს თან იქონიეთ პირადობის დამადასტურებელი მოწმობა.

პროგრამით გათვალისწინებული სუბსიდიის მისაღებად საჭიროა, ფიზიკურ და იურიდიული პირებს საკუთრებაში ჰქონდეთ საჯარო რეესტრში რეგისტრირებული 0.25-დან 10 ჰა-მდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთი. სუბსიდიის მოცულობა 1 ჰექტარ მიწაზე განისაზღვრა 200 ლარით (აგრობარათზე დარიცხული 200 ქულით). ქულების გამოყენება შესაძლებელია სასოფლო-სამეურნეო საქონლის შესაძენად სპეციალიზებულ მაღაზიებში.

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის „ზრუნვა სოფელზე და ფერმერებზე“ სტრატეგიული მიმართულებების ხელშეწყობის პროგრამებში რეგისტრაცია მიმდინარეობს, დეტალური ინფორმაცია განთავსებულია ვებ-გვერდზე arda.gov.ge

სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში სასოფლო-სამეურნეო საქმიანობაში ჩართულ ფერმერებსა და მეწარმეებს შესაძლებლობა ეძლევათ სახელმწიფოსგან მნიშვნელოვანი ფინანსური მხარდაჭერა მიიღონ. ანტიკრიზისული გეგმა 1 ჰექტარ რეგისტრირებულ მიწაზე ფერმერისთვის 850-დან 1700 ლარამდე დახმარების გაცემას ითვალისწინებს. გარდა ამისა, გაზრდილია სახელმწიფოს მხრიდან საკრედიტო და საგრანტო დახმარების მოცულობა, ტექნიკური დახმარება და სხვა.

დეტალური ინფორმაცია სოფლის მეურნეობის ანტიკრიზისული გეგმის შესახებ იხილეთ ბმულზე: https://mepa.gov.ge/Ge/Page/AntiCrisisPlan

კომენტარები