„არავითარ შემთხვევაში არ უნდა ველოდოთ, რომ ფასები გაიზრდება უძრავ ქონებაზე, ეს გამორიცხულია“ – ირაკლი ბურდილაძე

პრემიერ-მინისტრი, გიორგი გახარია დეველოპერული კომპანიების წარმომადგენლებს ხვდება. შეხვედრას მინისტრთა კაბინეტის წევრები და თბილისის მერი, კახა კალაძე ესწრებიან.

დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმის პრეზენტაცია გაიმართა.

პრეზენტაციას კომპანია „საქართველოს უძრავი ქონება m2“-ის ხელმძღვანელი, ირაკლი ბურდილაძე დაესწრო.

-„მთავრობის მიერ წარდგენილი დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის ანტიკრიზისული გეგმა არის ყოვლისმომცველი და ძალიან კარგად დაბალანსებული.  ეკონომიკას სტიმულირება ნებისმიერი კრიზისის დროს სჭირდება.

მინდა, ვისარგებლო შემთხვევით და ძალიან დიდი მადლობა გადავუხადო საქართველოს მთავრობას, თბილისის მერიასა და საქართველოს ეროვნულ ბანკს ასეთი კოორდინირებული, სწრაფი და დროული ქმედებისთვის. ასეთი დონის კრიზისი მსოფლიოს ისტორიაში არ ყოფილა. ბუნებრივია, ნებისმიერი კრიზისის დროს, ეკონომიკას სჭირდება სტიმულირება. მთავრობის მიერ წარმოდგენილი პაკეტი  არის ყოვლისმომცველი, არის ძალიან კარგად დაბალანსებული. ერთის მხრივ, ახდენს მოთხოვნის სტიმულირებას, იპოთეკური სესხების ნაწილს ვგულისხმობ, მეორეს მხრივ ახდენს მიწოდების სტიმულირებას. ვგულისხმობ სახელმწიფო შესყიდვებისა და ასევე გარანტიების სქემას. ჩვენი აზრით, სტიმულირების ეს პაკეტი და პროგრამა ხელს შეიწყობს დეველოპერულ სექტორში ლიკვიდურობისა და სტაბილურობის შენარჩუნებას. ძალიან სერიოზულად დაეხმარება ამ სექტორში მოქმედ კომპანიებს და დასაქმებულებს.

დახმარების პროგრამის გარეშე კომპანიას გაყიდვები აუცილებლად შეუმცირდებოდა. m2-ს გაყიდვები არ შემცირებია. კრიზისი რამდენიმე თვის წინ დაიწყო. მოსალოდნელი იყო გაყიდვების შემცირება.ეს პროგრამა და დახმარების პაკეტი რომ არ ყოფილიყო, გაყიდვები სექტორში აუცილებლად შემცირდებოდა. გაყიდვების შემცირებთ,  შეიძლება, ზოგიერთი დეველოპერისთვის საერთოდ ყოფნა-არ ყოფნის საკითხიც დამდგარიყო.  ჩვენი აზრით, ეს პროგრამა  ამ საფრთხეებს აარიდებს ქვეყანას, არა მარტო სამუშაო ადგილების დაკარგვის საფრთხეს, არამედ იმ საფრთხეებსაც, ზოგიერთ დეველოპერი შეიძლება, საერთოდ გაკოტრებულიყო.  პროგრამა  მიზნად ისახავს სწორედ გაყიდვების იმ დონის შენარჩუნებას, რომელიც კრიზისამდე იყო. შესაბამისად, არ უნდა ველოდოთ ამ პროგრამის არსებობის ფარგლებში გაყიდვების შემცირებას.

არავითარ შემთხვევაში არ უნდა ველოდოთ, რომ ფასები გაიზრდება უძრავ ქონებაზე, ეს გამორიცხულია“, – განაცხადა ირაკლი ბურდილაძემ.

კომენტარები