არასრულწლოვნის მიმართ პოლიციის განყოფილებაში შესაძლო ძალადობის ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში  არასრულწლოვნის მამას და ადვოკატს გამოკითხავენ – შაქარაშვილის გარდაცვალების საქმე

გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მიმართ პოლიციის განყოფილებაში შესაძლო ძალადობის ფაქტზე სახელმწიფო ინსპექტორის მიერ დაწყებული გამოძიების ფარგლებში  არასრულწლოვნის მამას და ადვოკატს გამოკითხავენ.

-„ბრალის დადგენილების ჩაბარების შემდეგ, მე და არასრულწლოვნის მამა სახელმწიფო ინსპექტორის სამსახურში გამოკითხვაზე მივდივართ, ჩვენება უნდა მივცეთ.

აბსოლუტურად ყველა მაიდენტიფიცირებელი ჩვენება მიაწოდა არასრულწლოვანმა გამოძიებას, – რა ეცვა აღნიშნულ პირს, რა ნივთები ჰქონდა, როგორ გამოიყურებოდა და ა.შ. პოლიციის განყოფილებებში შიდა კამერები განთავსებულია. ის, რომ არასრულწლოვანი პოლიციის განყოფილებაში დაახლოებით 15-16 საათი იმყოფებოდა, ცალსახად კანონდარღვევაა. გამოძიებას მარტივად შეუძლია კამერების ჩანაწერის ამოღება და დათვალიერება. გამოჩნდება, სიმართლეს ამბობს თუ არა ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი პირი.

ის აცხადებს, რომ იმ პირს ცალკეული პოლიციელები მოწიწებით მიმართავდნენ, ეს იმას ნიშნავს, რომ ის პოლიციაში სავარაუდოდ, ერთ-ერთი ხელმძღვანელი პირი იყო“, – განაცხადა გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთი დაკავებულის ადვოკატმა, გიორგი გელხაურმა.

გიორგი შაქარაშვილის საქმეზე დაკავებული არასრულწლოვნის მამა მოითხოვს, მისი შვილი ხელმეორედ დაკითხონ. არასრულწლოვნის მამა აცხადებს, დაკითხვისას მის შვილს ერთმა პოლიციელმა ჩაარტყა ზურგსა და თავში, რათა სასურველი ჩვენება მიეღო.

-„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი იყო დაბადების დღეზე, კონფლიქტში არ მონაწილეობდა, არც გზაზე, არც მაგისტრალზე.

„ჩემი დაცვის ქვეშ მყოფი არანაირ კონფლიქტში არ მონაწილეობდა. რა მუხლით წარუდგენენ ბრალს, ჯერ არ ვიცით. გვიჩნდება განცდა და ეჭვი, ხომ არ სურს გამოძიებას რაიმეს გადაფარვა. იმედია, მტკიცებულებებს გადმოგვცემენ. ჩვენ ჩავაბარეთ დნმ-ის ანალიზი, მიცემული ჰქონდა ჩვენება, თანამშრომლობდა გამოძიებასთან“, – აცხადებდა გიორგი გელხაური.

კომენტარები