„არის სნეულება ფიზიკური, მაგრამ უარესია სულიერი სნეულება – თუ ადამიანი მოინდომებს გამოსწორებას და ფერისცვალებას, უფალი მზად არის მოვიდეს ასეთ ადამიანთანაც, განკურნოს“ – მეუფე შიო

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრემ, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტმა შიომ (მუჯირი) ყოვლადწმინდა სამების სახელობის საპატრიარქო ტაძარში ქადაგებისას განაცხადა:

-„უფალი უშვებს სნეულებას ჩვენზე, რომ რაღაც ძალიან მნიშვნელოვანი გაგვაგებინოს ამ ცხოვრებაში, რომ სულიერად განგვკურნოს; ფიზიკური სნეულება ხშირად ამისთვის ეშვება, რომ ადამიანი სულიერად განიკურნოს და გაძლიერდეს. და როდესაც ეს ხდება, მაშინ ჩვენი და ჩვენი ახლობლების ფიზიკური სნეულებაც უკან იხევს ხოლმე. ახლობლებს რატომ ვახსენებ? – იმიტომ, რომ ხშირად ადამიანი ახლობლების სნეულებას უფრო მეტად განიცდის, ვიდრე თავისას. როცა შვილი ავად გიხდება, უფრო გტკივა, ვიდრე შენი თავი. ამიტომ ამაზე უნდა დავფიქრდეთ დღეს,.

მეორე, რისი თქმაც მინდოდა, რომ არის სნეულება ფიზიკური, მაგრამ უარესია სულიერი სნეულება. აი, ეს სახარება ჩვენ გვაფიქრებს ამ განრღვეულობაზეც, სულიერ პარალიზებაზეც, სულიერ განრღვეულობაზეც. როგორც ეს კაცი იწვა ამდენი წლის განმავლობაში სარეცელზე, ასევე სულიერად განრღვეული ადამიანები წვანან თავიანთი ცოდვების სარეცელზე და თითქოს არსაიდან არის ხსნა, მაგრამ თუ ადამიანი მოინდომებს გამოსწორებას და ფერისცვალებას, უფალი მზად არის მოვიდეს ასეთ ადამიანთანაც, განკურნოს და მასაც ეტყვის უფალი: „ადექი და გაიარე“.

ეს ჩვენც, ყველას გვეხება, იმიტომ რომ ეს სულიერ სნეულებათა სარეცელი შეიძლება იყოს სხვადასხვაგვარი. ალბათ ერთ-ერთი ასეთი ყველაზე მძიმე, საშიში სნეულება გახლავთ ჩვევა, მავნე ჩვევები, როდესაც ჩვენ ვეგუებით ამ ჩვევებს, კი არ ვასწორებთ, კი არ ვებრძვით, არამედ ვეგუებით, აი, ამ სარეცელზე, უძრაობაში ვიმყოფებით, არ ვებრძვით, არ ვასწორებთ და, შესაბამისად, ვართ განრღვეულები.

ამიტომ არანაირი სულიერი წინსვლა და აღმასვლა არ გვაქვს, ერთ ადგილას ვართ და უფრო მეტიც, გახსოვთ, ჩვენს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს არაერთხელ უთქვამს, რომ ადამიანი ან წინ, ან უკან მიდის სულიერად, იგი ერთ ადგილას ვერ ჩერდება“.

კომენტარები