“არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნების ჩაშლისა და არეულობის სურვილი აქვს”- კახა კალაძე

„არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნების ჩაშლისა და არეულობის შემოტანის სურვილი აქვს“, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, პარტია „ქართული ოცნების“ გენერალურმა მდივანმა, კახა კალაძემ განაცხადა.

როგორც კალაძე განმარტავს, ზუგდიდში „ნაციონალურ მოძრაობას“ თბილისიდან მხარდამჭერები ჩაჰყავს. მისივე თქმით, შესაბამისმა სამსახურებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ამის უფლება არავის მისცენ.

„მნიშვნელოვანია, რომ არჩევნები მშვიდობიან გარემოში ჩატარდეს. ყველა კანდიდატს ჰქონდა შესაძლებლობა, წარედგინა თავისი ხედვები. შეიძლება, იყო პატარა ექსცესები, თუმცა ყველაზე მოხდა რეაგირება. ჩვენ ვისმენთ იმას, რომ გარკვეული რაოდენობა ადამიანებისა მიჰყავთ დედაქალაქიდან. არსებობს საფუძვლიანი ეჭვი, რომ „ნაციონალურ მოძრაობას“ არჩევნების ჩაშლის, არეულობის შემოტანის სურვილი აქვს. შესაბამისმა სამსახურებმა ყველაფერი უნდა გააკეთონ, რომ ამის უფლება არავის მისცენ და არ უნდა მოხდეს არეულობა. მოვისმინეთ ცესკო-ს განცხადება, რომ მაქსიმალურად უნდა იყოს მობილიზებული შესაბამისი სამსახურები, რათა მშვიდობიან გარემოში წარიმართოს არჩევნები. ჩვენი სურვილია, არჩევნები ყველა ოლქში პირველ ტურში დამთავრდეს. სხვა დანარჩენი ადგილობრივ მოსახლეობაზეა, თუმცა თუ სადმე მეორე ტური გაიმართება, აქაც ვერ ვხედავთ პრობლემას, ესეც ჩვენი დემოკრატიის ნაწილია და ზუსტად ჩვენ მივიღეთ ის გადაწყვეტილება, რომ 50%-მდე გავზარდეთ ბარიერი, რომელიც საკმაოდ მაღალია“, – განაცხადა კახა კალაძემ

კომენტარები