„არსენ ტოროსიანმა ბოდიში უნდა მოიხადოს, ან დაასაბუთოს საკუთარი განცხადებები. საქართველოში COVID-19-ით პაციენტების გამოვლენა და რეგისტრაცია ხდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით“ – თენგიზ ცერცვაძე არსენ ტოროსიანს

-„საქართველოში COVID-19-ით პაციენტების გამოვლენა და რეგისტრაცია ხდება უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით, გამჭვირვალედ და მათი მაღალი სანდოობა ჯერ ეჭვქვეშ არ დაუყენებია არც ერთ, აბსოლუტურად არც ერთ საერთაშორისო ინსტიტუციას თუ ექსპერტს.

ვფიქრობთ, ბატონმა მინისტრმა ან თავისი არაკორექტული (რბილად რომ ვთქვათ) შეფასებები უნდა დაასაბუთოს, ან სულ ცოტა თავისი განცხადების დეზავუირება მოახდინოს და ბოდიში მოიხადოს.

განვმარტავთ, რომ საქართველოში ფუნქციონირებს რეგიონში ერთადერთი უნიკალური და უმაღლესი დონის „ლუგარის“ სახელობის ცენტრი, სადაც ყველა ლაბორატორიული კვლევა სრულდება უმაღლეს დონეზე ყველაზე მაღალი ხარისხის ტესტ-სისტემების გამოყენებით, რაც ყველანაირ ცდომილებას გამორიცხავს. არ გვგონია, რომ სომხეთს უკეთესი ლაბორატორია, მეთოდოლოგია და ტესტ-სისტემები ჰქონდეს.

საქართველოში ყველა სადიაგნოსტიკო გამოკვლევა ხდება მხოლოდ PCR ტესტების გამოყენებით (სულ სადღეისოდ შესრულებულია 45 707 PCR კვლევა), ხოლო ანტისხეულებზე სწრაფ ტესტებს ვიყენებთ მხოლოდ, როგორც დამატებით კვლევას SARS-CoV-2-ზე სეროპოზიტიური პირების (და არა ავადმყოფების) გამოსავლენად.

ტოროსიანმა ბოდიში უნდა მოიხადოს, ან დაასაბუთოს საკუთარი განცხადებები“, –  განაცხადა თბილისის ინფექციური საავადმყოფოს დირექტორმა, თენგიზ ცერცვაძემ სომხეთის ჯანდაცვის მინისტრის, არსენ ტოროსიანის განცხადებასთან დაკავშირებით.

საზოგადოებრივი საბჭოს ონლაინ სხდომის დროს, სომხეთის ჯანდაცვის მინისტრმა, არსენ ტოროსიანმა სომხეთსა და საქართველოში კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების რაოდენობის სხვაობაზე ისაუბრა.

არსენ ტოროსიანმა კორონავირუსზე საქართველოს სტატისტიკაში ეჭვი შეიტანა. ტოროსიანმა განაცხადა, რომ სომხეთის ეპიდსაწინააღმდეგო სისტემა უფრო ძლიერია, ვიდრე საქართველოსი.

კომენტარები