არქიმანდრიტი ანთიმოზი: ანტიქრისტე ახლა 20 წლისაა და 10 წელიწადში ტახტს დაიდგამს!

ფეისბუქში არქიმანდრიტ ანთიმოზის (ერისკაცობაში თამაზ ბიჩინაშვილი) სკანდალურ პოსტს წავაწყდი – ასტროლოგიური გამოთვლებით ასკვნის, რომ პლანეტარული მხეცი, ანტიქრისტე – ამჟამად, 20 წლის არის და არც მეტი, არც ნაკლები – 2030 წელს მსოფლიოს ხალხები მას მეფედ აღიარებენ. სიმართლე გითხრათ, ბერისგან გამიკვირდა თარიღის ზუსტად მინიშნება, ვინაიდან თავად ქრისტე საკუთარ მოციქულებთან ქადაგებისას მხოლოდ მხეცის ამოსაცნობ ნიშნებზე ამახვილებდა ყურადღებას. მაშ, რა უდევს საფუძვლად არქიმანდრიტის გამოთვლას? ამის შესატყობად მამა ანთიმოზს ინტერვიუსთვის ვესტუმრე:

– როდესაც მაცხოვარს პეტრე მოციქული სთხოვს ანტიქრისტეს მოსვლის ჟამის დაზუსტებას, ქრისტე მიუგებს – ეს დრო არავინ, მთავარანგელოზებმაც კი არ იციანო, მაგრამ ქრისტე, რომელსაც ერთდროულად ღვთიური და ადამიანის ბუნებაც გააჩნია, ამას პასუხობს სრული ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე. სინამდვილეში, ქრისტემ, მეორე იპოსტასმა და ღვთის ლოგოსმა – სამყაროს შემქნელმა (სიტყვით) – შეუძლებელია, არ იცოდეს ანტიქრისტეს მოსვლის ზუსტი ჟამი! ქრისტე არ უმხელს მოციქულებს ჟამს, მაგრამ სანაცვლოდ, უხსნის იმ ნიშნებს, რომლის გამოვლენისას, ანტიქრისტეს გამოჩენა მოხდება. ეს იქნება ღვთისგან უდიდესი სულიერი განდგომილების – აპოსტასიის პერიოდში, როცა ადამიანებს შორის აღარ იქნება ღვთის და ერთმანეთის სიყვარული, რაც გადაიზრდება ბოროტების და უზნეობის ნორმად აღიარებაში, ხოლო პლანეტა ამ მოვლენას გამოეპასუხება გახშირებული ომებით, მიწისძვრებით და ბუნების კატაკლიზმებით. მოგვიანებით, იოანე ღვთისმეტყველი უფრო მეტ განმარტებას აკეთებს და აზიაში 7 ეკლესიას, მათ შორის, პერგამოს ეკლესიას მიმართავს, სადაც სატანის ტახტია. მართლაც, პერგამოს ეკლესიის საკურთხეველი გახლდათ ზევსის ტაძარი, რომლის ანალოგიც, სხვათაშორის, არქიტექტორმა შჩუსევმა მოსკოვში ლენინის მავზეოლეუმის სახით ააგო. სოლომონის ტაძრის დანგრევის და მის საკურთხეველში ზევსის ბომონის დადგმას ეხმაურება წმიდა იოანე ოქროპირიც და განმარტავს, რომ ზევსი არის ანტიქრისტეს წინა სახე. მე უკვე 6 წელია, ამ საკითხზე აქტიურად ვსაუბრობ, თუმცა საზოგადოების უმრავლესობა არ იჯერებს.

– ჟამი რომ ახლოა, მთელმა მორწმუნე საზოგადოებამ იცის, მაგრამ თქვენ საიდან გაქვთ ამაზე მეტი ინფორმაცია?

– სემინარია 1990 წელს დავამთავრე. დღევანდელი ეპისკოპოსების უმრავლესობა ჩემი ჯგუფელები არიან. ბერად 2000 წელს მაკურთხეს. საქართველოში სამონასტრო ცხოვრების აღორძინების ერთ-ერთი პირველი მონაწილე გახლავართ. დავით გარეჯში ვმოღვაწეობდი, სადაც აზერბაიჯანელ მესაზღვრეებთან კონფლიქტის გამო (ჯოხით ვცემე) გადმომიყვანეს და ამჟამად სამების ტაძრის კელიაში ვცხოვრობ. 25 წელი მაქვს მონასტერში გატარებული და ბერებთან ერთად მუდმივად ვმსჯელობდით ამ საკითხზე, ვიკვლევდით და ვბჭობდით. 80-იან წლებში საქართველოში მხოლოდ ბეთანიის მონასტერი ფუნქციონირებდა, სადაც ცნობილი ბერების – მამა ლაზარე აბაშიძის, მამა იოანე შეყლაშვილის გარემოცვაში ვცხოვრობდი. ბეთანიიდან მერე მთელი ქვეყნის მასშტაბით განივრცო ბერული, სამონასტრო ცხოვრება. იქ ვისმენდი საუბრებს ანტიქრისტესთან დაკავშირებით და ახლა, რაც დრო გადის, ვხვდები, რომ ჟამი მართლაც ძალიან ახლოა.

– მაგრამ თქვენ კონკრეტულ თარიღებზე ამახვილებთ ყურადღებას.

– საზოგადოება იცნობს ათ ციფრს, 0-დან 9-მდე. თანამედროვე პერიოდში ყველა ინფორმაცია ციფრულია, ციფრებზე ანუ მატრიცაზეა მორგებული. წელთაღრიცხვა იწყება ქრისტეს შობიდან, რომელიც ნულოვან წლად არის მიჩნეული. ქრისტეს შობიდან 2020 წელი არის გასული. ვარსკვლავთმრიცხველები, რომლებმაც მაცხოვრის დაბადების ადგილი ციფრულად დაადგინეს, იყვნენ იმ დროის ასტროლოგები. ასტროლოგია არის რეალური მეცნიერება და ჩენი გამოთვლები მასზეა დამყარებული. ნულოვან წელს დაბადებული ქრისტე 30-ე წელს (რადგან ძველ ებრაული ტრადიციის მიხედვით, 30 წლის ასაკამდე ამის უფლება არ ჰქონდა) ხდება მოძღვარი, (რაბი). 33-ე წელს კი, ზუსტად სამწელიწადნახევარში, ჯვარზე აღსრულება. ჯვარცმიდან 50-ე დღეს მოციქულებზე სულიწმიდა გადმოვიდა და ითვლება, რომ ქრისტეს ეკლესია სწორედ ამ წელს დაარსდა. დაარსებიდან 2000 წელი გადის 2033 წელს, სულ რაღაც 13 წელიწადში…

– და რა კავშირშია ეს ციფრები ანტიქრისტეს გამეფებასთან?

– წმიდა მამები წინასწარმეტყველებენ, რომ ანტიქრისტე იქნება სრული ანტიპოდი იესო ქრისტესი, რომელმაც 30 წლის ასაკიდან სამწელიწადნახევარი იქადაგა. დააკვირდით: ჩვენი წელთაღრიცხვა იწყება ქრისტეს შობიდან. ჟამი უფლისა – ერთი დღე, ვითარცა 1000 წელი. ჟამი სატანისა – ერთი დღე, ვითარცა 666 წელი.
პირველი დრო ჟამი 0-დან, ქრისტეს შობიდან 666 წელი. მეორე ჟამი-დრო 666+666=1332 წელი. მესამე ჟამი 1332+666=1998 წელი. გაილია სამ ჟამი 666-ისა და 666 ამოტრიალდა -1’999, რომელსაც მოყვა 2’000. ამ წელს ანტიქრისტე დაიბადა და ახლა არს 20 წლისა. 2030-ში იგი – 30 წლისა გახდება მეფე და იქადაგებს სამწელიწადნახევარი. ამ დროს პლანეტა დედამიწა მიაღწევს ცოდვის აპოგეას, რომელსაც მოყვება მეორედ მოსვლა 20’34 ანუ 34, სამი’ოთხი – სამოთხე. 20 20-დან 20 30-მდე მოხდება დედამიწის მოსახლეობის დაბეჭვდა 666-ით, დაინგრევა იერუსალიმში ომარის მეჩეთი და აშენდება სოლომონის ტაძარი, სადაც ანტიქრისტე იკურთხება დედამიწის მეფედ.

– რას გამოხატავს ციფრი 666 ?

– მეფე სოლომონ ბრძენის დროს ეს ციფრი გახლდათ ბარაქის, მატერიალური სიმდიდრის სიმბოლო. ქრისტეს შობიდან სამი ჟამი, სამჯერ 666 – გაილია 1998 წელს, ხოლო 1999 წელს სამი ექვსიანი ამოტრიალდა. დადგა წელი – 2 და სამი ნული, ანუ, 2000. სწორედ ამ წელს დაიბადა ქრისტეს ანტიპოდი – ანტიქრისტე. იგი 2030 წელს შესრულდება 30 წლის და გამოვა ასპარეზზე საქადაგოდ. ამ პერიოდში მოხდება იერუსალიმში სოლომონის ტაძრის აღდგენა თავის ძველ მდებარეობაზე, სადაც ახლა ომარის მეჩეთი დგას. მეჩეთს დაანგრევენ, ან შეიძლება, გადადგან კიდეც. სოლომონის ტაძრის თითოეული ქვა უკვე დანომრილია და მშენებლობის დაწყებას ელოდება. აღდგენილ სოლომონის ტაძარში დაიდგამს ტახტს ანტიქრისტე. 2033 წელს ქრისტეს ეკლესიის დაარსებიდან 2000 წელი გაილევა. ამ დროს ღვთისგან განდგომილება და უზნეობის განდიდება მიაღწევს კულმინაციას და მას შემდეგ, რაც გაილევა ანტიქრისტეს მეფობის სამწელიწადნახევარი, (ანუ, 2034 წელს, ¾ – სამოთხე) – მოხდება მაცხოვრის მეორედ მოსვლა. იესო ქრისტემ ადამიანი თავიდან, გამოისყიდა ცოდვის ტყვეობიდან, მაგრამ სიკვდილისგან (ანტიქრისტესგან) ადამის შთამომავლების გამოხსნა და სამოთხეს დამყარება მოხდება ქრისტეს მეორედ მოსვლის დროს. მინდა, სამოთხეს ჩემეული, მატრიცული განმარტება შემოგთავაზოთ – 3 ნიშნავს სამებას, ხოლო 4 – ნიშნავს 4 ელემენტს (მიწა, ცეცხლი, ჰაერი, წყალი), რომლისგანაც შედგება მატერია, მეტაგალაქტიკა და თვით ადამიანი.

– დარწმუნებული ბრძანდებით, რომ თქვენი დასახელებული ციფრები და თარიღები ზუსტია?

– იოანე ღვთისმეტყველი, როცა ანტიქრისტეს რიცხვის მნიშვნელობას ეხება, ამბობს, რომ „ვისაც გონება აქვს გამოთვალოს, ვინაიდან რიცხვი არის ადამიანის და არის 666.“ ანუ, ადამიანებს კი არ უკრძალავს გამოძიებას, არამედ ნებას აძლევს და აკურთხებს ამის გასაკეთებლად. მე გამოთვლის ჩემებური ვარიანტი შემოგთავაზეთ, თუმცა თავს ვერავის მოვახვევ. ისედაც, უკვე განმიკითხავენ: – ანთიმოზი წინასწარმეტყველებსო და რა უფლება აქვსო? – ქრისტესმიერო დანო და ძმანნო! 2020-დან 20 30-მდე რა უფლება გაქვთ წინასწარ განკითხვისა?

ანტიქრისტეს შეცნობის მიზნით, ქრისტე ჩამოთვლის კონკრეტულ ნიშნებს და შეიძლება თამამად ითქვას, რომ თანამედროვე სამყაროში, რომელშიც გამალებით მიმდინარეობს „პანდემონიზაციის პროცესი,“ ამ ნიშანთა დიდი უმრავლესობა – უკვე სახეზეა!

ესაუბრა ზაზა დავითაია

წყარო: „ასავალ-დასავალი“

კომენტარები