არჩილ თალაკვაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ მილევად რეჟიმშია

მიხეილ სააკაშვილს მიღებული აქვს პოლიტიკური ტრავმა და ამ წლების განმავლობაში ის მუდმივად იმეორებს გადაბარებას, სინამდვილეში ეს დღეს არ გახლავთ არც საქართველოს მოქალაქე და რომელი ქვეყნის მოქალაქეც არის, იქაც მას უკვე ექნება სამსახურის პოვნის პრობლემა, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ ეგზიტპოლების გამოცხადების შემდეგ „ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„რაც შეეხება „ნაციონალურ მოძრაობას“, ის არის მილევად რეჟიმში და ჩვენ საზოგადოებას ვეუბნებოდით, რომ დემოკრატიის გაძლიერებასთან ერთად, პოზიტიურ დღის წესრიგთან ერთად, მომავლისთვის მნიშვნელოვან გადაწყვეტილებასთან ერთად, მათ ჰქონდათ საშუალება, რომ ეს დესტრუქციული პოლიტიკური ძალა გაეყვანათ პოლიტიკური ველიდან, რაც ნიშნავს, რომ მათ შეუმცირდებათ მხარდაჭერა. მე ასევე წინსწრებით შემიძლია გითხრათ, რომ ის მცირე გუნდიც კი, რომელიც „ნაციონალური მოძრაობიდან“ პარლამენტში შევა, მათ იმ გუნდშიც კი პრობლემები ექნებათ, ვინაიდან სიას თუ გადახედავთ, იმ გუნდის ნახევარი ნაციონალური მოძრაობის გუნდის წევრიც კი არ გახლავთ, მათ ვერც კი შეძლეს კონსოლიდირებული პარტიული გუნდი დაეყენებინათ არჩევნებში, მათ დააყენეს ისეთი გუნდი, სადაც სხვადასხვა, სრულიად განსხვავებული ინტერესები იყო ერთად მოქცეული და როგორც კი პარლამენტი დაიწყებს საქმიანობას, საზოგადოება მომსწრე გახდება, თუ რა იქნება ამ გუნდის „განვითარების“ შემდგომი ეტაპი“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.

კომენტარები