არჩილ თალაკვაძე ოპოზიციაზე – „პარტნიორების არასწორად ინფორმირება და შიდა სპეკულაციები“

-„სამწუხაროდ, 8 მარტის შეთანხმება ოპოზიციამ დაარღვია. 8 მარტის შეთანხმება ჩვენი მხრიდან შესრულებულია.  ეს შეთანხმება  ძველმა ოპოზიციამ დაარღვია, მიუხედავად იმისა, საზოგადოებას ცვლილებების, მხარდაჭერის პირობა მისცა, მხარი მაინც არ დაუჭირა. ეს არის ერთგვარი პოლიტიკური უპასუხისმგებლობა, ჩვენი საზოგადოება ამას სათანადო შეფასებას მისცემს, – მათ ვერ შეძლეს იმაზე პასუხისმგებლობის, რასაც საჯაროდ ჰპირდებოდნენ საზოგადოებას და პარტნიორებს, ამ პარტიებს საზოგადოება ვერანაირ პასუხისმგებლობას ვერ ჩააბარებს. პოლიტიკური პატიმრების თემა,  რომელსაც ძველი ოპოზიცია იყენებს, არის სპეკულაცია. როდესაც მათ არ აქვთ ხალხის მხარდაჭერა და არ ჰყავთ, ან ცოტა ჰყავთ ლიდერები, ვისაც შეუძლია პირდაპირ მივიდეს საზოგადოებასთან და რაიმე მხარდაჭერა მიიღოს, მოქმედების ორი შესაძლო არეალია – ჩვენი პარტნიორების არასწორად ინფორმირება და შიდა სპეკულაციები, რასაც მუდმივად აკეთებდნენ..

„ქართული ოცნება“ პარტნიორების მოსაზრებებს ყოველთვის პატივს სცემს. როგორც ხელისუფლებამ, ყველაფერი გავაკეთეთ შემოდგომაზე თავისუფალი, გამჭვირვალე და დემოკრატიული არჩევნების ჩასატარებლად. დავამტკიცეთ ახალი საარაჩევნო მოდელი, შევცვალეთ საარჩევნო კოდექსი, ვმუშაობთ უსაფრთხოების წესებზე, რომელიც პანდემიის დროს არჩევნების უსაფრთხოდ ჩატარების საშუალებას მოგვცემს.  მაქსიმალურს ვაკეთებთ, რაც შეიძლება მეტი დამკვირვებელი ჩამოვიდეს ქვეყანაში, ვინაიდან ადგილობრივმა და საერთაშორისო დამკვირვებლებმა თავად ნახონ,  როგორი დემოკრატიული სტანდარტით ჩავატარებთ 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებს. რაც შეეხება კონკრეტულ შეფასებებს, ყველას აქვს საკუთარი მოსაზრების გამოთქმის შესაძლებლობა. ეს პოლიტიკური პროცესია, თუმცა არანაირი საფრთხე საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიულ ურთიერთობებს და მეგობრობას არ ემუქრება. ჩვენ ჩვენს მოქალაქეებს და პარტნიორებს შემოდგომაზე კიდევ ერთხელ დავუმტკიცებთ, რომ საქართველო აძლიერებს თავის დემოკრატიას და ამ შესაძლებლობასაც აუცილებლად გამოიყენებს.

ოპოზიციას მოქმედების ორი არეალი აქვს –  პარტნიორების არასწორად ინფორმირება და შიდა სპეკულაციები“, – განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ  გიორგი რურუას პატიმრობაში დატოვებასთან დაკავშირებით.

30 ივლისს სასმართლომ გიორგი რურუას 4-წლიანი პატიმრობა მიოუსაჯა. იარაღის შეძენა-შენახვა-ტარების ნაწილში დამნაშავედ ცნო. რურუას ადვოკატები საქმის გასაჩივრებას აპირებენ.

გიორგი რურუა 2019 წლის 18 ნოემბერს დააკავეს. გამოძიება მას სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე და მეოთხე ნაწილებით გათვალისწინებულ დანაშაულს ედავება, რაც ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს.

კომენტარები