არჩილ თალაკვაძე: „ჩვენი პოლიტიკური გუნდი მზად არის ეს პასუხისმგებლობა პირნათლად განახორციელოს ჩვენი საზოგადოების წინაშე – ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით ჩვენმა ქვეყანამ შეძლო ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესის უზრუნველყოფა“

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, არჩილ თალაკვაძემ  პარლამენტში, ბრიფინგი გამართა.

-„სწორედ ბიძინა ივანიშვილის ლიდერობით „ქართულმა ოცნებამ“ და ჩვენმა პოლიტიკურმა გუნდმა, ჩვენმა ქვეყანამ შეძლო ამ წლების განმავლობაში ძალიან მნიშვნელოვანი პროგრესის უზრუნველყოფა ყველა იმ მიმართულებით, რომელიც დემოკრატიულ, განვითარებულ ქვეყნებს ახასიათებთ.

ეს, პირველ რიგში დემოკრატიის კონსოლიდაცია, რომელსაც „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო რეფორმით, თავისუფალი და კონკურენტული არჩევნებითა და ინსტიტუციური რეფორმებით მიაღწია, რის შედეგადაც ხელისუფლების შტოებს შორის ფუნქციები გაიმიჯნა. მეორე მნიშვნელოვან მიღწევად ადამიანის უფლებების დაცვაა, რა მიმართულებითაც საქართველოს, საერთაშორისო შეფასებებით მნიშვნელოვანი პროგრესი აქვს.  კიდევ ერთი მიღწევა ბიზნესის და საკუთრების უფლების დაცვის სფეროშია, რაც წინა ხელისუფლების მმართველობის წლებში პრობლემას წარმოადგენდა. ივანიშვილის მმართველობით წლების განმავლობაში საქართველომ, შედეგიანი საგარეო პოლიტიკის გატარება შეძლო, უსაფრთხოების სფეროში საიმედო პარტნიორი გახდა მოკავშირეებისთვის და უპრეცედენტო რაოდენობის ინფრასტრუქტურული პროექტი განახორციელა.

ამ გაწეული სამუშაოს ფონზე, როდესაც მან მნიშველოვნად შეუწყო ხელი დემოკრატიული ინსტიტუტების გაძლიერებას, მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი მონაწილეობით დემოკრატიას, როდესაც მოქალაქეებს დაუბრუნდათ ხელისუფლება, როდესაც ხელისუფლება გახდა ანგარიშვალდებული კონსტიტუციურადაც და რეალურ პროცესში მოქალაქეებთან, რა თქმა უნდა, სრულიად ლოგიკურია უკვე მისი გადაწყვეტილება,- ახალ გუნდს, რომელმაც გამოიარა გარკვეული პოლიტიკური გამოცდები, გადასცეს მთელი პასუხისმგებლობა მართვაზე. მინდა ჩემი მხრიდან გითხრათ, -ჩვენი პოლიტიკური გუნდი მზად არის ეს პასუხისმგებლობა პირნათლად განახორციელოს ჩვენი საზოგადოების წინაშე“, – განაცხადა თალაკვაძემ.

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი პოლიტიკიდან მიდის.

კომენტარები