“არცერთ წარმატებულ ქვეყანას ღირსეული პენსიისთვის არ აქვს მიღწეული საპენსიო ფონდების გარეშე”

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, მამუკა ბახტაძემ დღეს პარლამენტში ინტერპელაციის ფორმატში გამოსვლისას საპენსიო რეფორმაზე გაამახვილა ყურადღება. როგორც მან აღნიშნა, მსოფლიოში არცერთ წარმატებულ ქვეყანას ღირსეული პენსიისთვის არ აქვს მიღწეული საპენსიო ფონდების გარეშე.
​მისივე თქმით, საქართველოს ამ მხრივ ახალი არაფერი გამოუგონია და ესაა ერთადერთი გზა იმისთვის, რომ მოქალაქეებისათვის ღირსეული პენსია მომავალში უზრუნველყოფილი იყოს.
“რაც შეეხება თქვენს შეკითხვებს – პირველი სამი შეკითხვა ეხება საპენსიო რეფორმას და აქ პასუხი არის ძალიან ნათელი – ჩვენ გვსურს, შევქმნათ ღირსეული საპენსიო სისტემა ჩვენი მოქალაქეებისთვის და მსოფლიოში არცერთ წარმატებულ ქვეყანას ღირსეული პენსიისთვის არ აქვს მიღწეული საპენსიო ფონდების გარეშე. ეს არის ჭეშმარიტება და ეკონომიკური კანონზომიერება. ასე რომ,​ აქსიომებზე დავას, მე ვფიქრობ, აზრი არ აქვს, ტყუილად დავკარგავთ დროს. უნდა ვისაუბროთ მის შინაარსობრივ ასპექტზე. მე მსურს, კიდევ ერთხელ გავიმეორო – ყველა ქვეყანამ, რომელმაც წარმატებას მიაღწია, არის წარმატებული, ჯანსაღი საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყანა, ყველას აქვს დაწყებული მსგავსი რეფორმა. ჩვენ ახალი ველოსიპედი არ გამოგვიგონებია და ეს არის ერთადერთი გზა იმისთვის, რომ მოქალაქეებისათვის უზრუნველყოფილი იყოს ღირსეული პენსია მომავალში.
უფრო მეტიც, 15 წლის წინ ამ კითხვების ავტორებს რომ ჰქონოდათ მსგავსი ხედვა, ან გამბედაობა ამ რეფორმის დაწყების, დღეს პენსია იქნებოდა ორჯერ მეტი და არ იქნებოდა ისეთი მწვავე საკითხები, რომლებიც გვაქვს დღეს და, ამავე დროს, ვერ იქნებოდა ისეთი პოპულისტური განცხადებები, რომლებიც წინასაარჩევნოდ მოვისმინეთ, რომ ვიღაცები ორჯერ აპირებდნენ პენსიის გაზრდას ისე, რომ მთელი ბიუჯეტი არ ეყოფოდათ. ამ პერიოდის გასვლის შემდეგ მინდა, ავიღო პოლიტიკური პასუხისმგებლობა, რომ საქართველოში ეს პრობლემა იქნება მოგვარებული”, – განაცხადა პრემიერმა.
მისივე განმარტებით, 25 წლის ახალგაზრდა, რომელიც ჩაერთვება ამ სისტემაში და გახდება პენსიონერი, მხოლოდ ამ კომპონენტიდან დღევანდელი მსყიდველუნარიანობით 2300 ლარს მიიღებს.
​როგორც პრემიერმა აღნიშნა, მთავრობა ნებაყოფლობითი სისტემის წინააღმდეგი არაა, თუმცა, მისივე თქმით, ნებაყოფლობითი სისტემა ვერ იქნება სავალდებულოს ალტერნატივა.
​”რაც შეეხება კონკრეტულად ციფრებს – საზოგადოებამ თვითონ გააკეთოს არჩევანი და ანალიზი – ყველა ფაქტორის გათვალისწინებით, მათ შორის ინფლაციის გათვალისწინებით, 25 წლის ახალგაზრდა, რომელიც დღეს შევა ამ სისტემაში, როდესაც ის გავა საპენსიო ასაკზე, მხოლოდ ამ კომპონენტიდან მე არ ვგულისხმობ საბაზისო პენსიას – მიიღებს დღევანდელი მსყიდველუნარიანობით 2300 ლარს. დიახ, ეს არის ღირსეული პენსია და ჩვენ ასე გვესმის ეს საკითხი.
რა თქმა უნდა, ჩვენ არა ვართ ნებაყოფლობითი სისტემის წინააღმდეგნი, ნებაყოფლობითი სისტემა ვერ იქნება სავალდებულოს ალტერნატივა. უფრო მეტიც, ის კანონი, რომელიც შემოტანილი იყო და პარლამენტმა მხარი დაუჭირა, ითვალისწინებს ნებაყოფლობით სისტემასაც – ე.წ. მესამე სვეტს.
ახლა რაც შეეხება იმას, სად მიდის ეს თანხები და როგორ განიკარგება ის – რაც უნდა ემოციურად დასვათ შეკითხვა, ფაქტი არის შემდეგი – საინვესტიციო საბჭო შეირჩა და შეირჩა მათ შორის თქვენი მონაწილეობით. მე ყოველთვის ვინარჩუნებ ობიექტურობას და ამას ვამბობ. დიახ, ოპოზიცია იყო წარმოდგენილი და მან იხელმძღვანელა ობიექტური კრიტერიუმებით. ამ საინვესტიციო საბჭოში არიან მაგალითად ადამიანები, რომლებიც იყვნენ ფინეთის საპენსიო ფონდის ხელმძღვანელები, საფრანგეთის საპენსიო საინვესტიციო ფონდის ხელმძღვანელი, მსოფლიოს გიგანტი, ნომერ პირველი საინვესტიციო ბანკის ჯეიპი მორგანის ვიცეპრეზიდენტი და ასე შემდეგ. ეს არის ის სახელი და გვარები, რომლებიც არიან საინვესტიციო ბორდში წარმოდგენილი. თქვენ თვითონ შეაფასეთ, რა თამასაზეა საუბარი, მით უმეტეს, მონაწილეობა მიიღეთ ამ ყველაფერში.
კიდევ ერთხელ მსურს, განვმარტო, რომ საპენსიო ფონდთან დაკავშირებით კითხვის ნიშნები არ არსებობს. ეს არის ერთადერთი სწორი გზა, ეს არის ის გზა, რომელიც გაიარა ყველა წარმატებულმა ქვეყანამ. ავსტრალია, ავსტრია, ბელგია, გერმანია, ჰოლანდია, დანია, ფინეთი, კანადა, საფრანგეთი, იაპონია, ყველა წარმატებული საბაზრო ეკონომიკის მქონე ქვეყანა. ეს არის ერთადერთი ალტერნატივა. შინაარსზე კი ბატონო, ნებისმიერ დროს მზად ვარ ვისაუბროთ, როგორ უნდა მოხდეს ამ თანხების განთავსება. მაგრამ, თითონ ბორდის დაკომპლექტების პროცესი აჩვენებს ჩვენს სულისკვეთებას”, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

კომენტარები