არწივები გულაღმა კვდებიან! – ჯემალ დავლიანიძე:

არწივები გულაღმა კვდებიან

 

 

არა მაქვს პრეტენზია პოეტისა,

იქნებ, საამისოდ არც მყოფნის წონა,

მტრებო, მოყვარენო, _ არ ინერვიულოთ,

ეს სტრიქონები ჩამითვალეთ –

ზოგმა ლექსად და ზოგმა პროზად!

 

***

დრო დადგა _ გაზაფხულმა

ზამთარი გადახარა,

გურამ ფანჯიკიძემ თავისთან დამიბარა

და თვალი თვალებში გამჭოლად გამიყარა:

_მოგიხმე, _ როგორც წერეთელმა რაჭველები,

დიდი თხოვნა მაქვს შენთან სათქმელი _

დრო გამონახე, ყიზლარს წამიყვანე,

თამაზიც დავითანხმე, ჩვენი _ წივწივაძე…

გაგვარონიე და გვანადირე

კასპიისპირეთში, ყალმუხთა მიწაზე…

როცა გურამმა შემოთვალა-შემომიარე,

მარტის დღე იდგა, გახლდათ კვირადღე…

გზას დავადექით,

გადავიარეთ ჯვრის უღელტეხილი,

მთები მოვილიეთ მიფლეთილ-მოფლეთილი.

ლარსს რომ გავშორდით, ჩამოვიტოვეთ,

გურამს სახეზე დაეტყო წუხილი…

ბალთაში შევჩერდით პურის გასატეხად,

თამაზი იცქირება ცოტა ალმაცერად:

_ საქართველოა, დღეს ჰქვია ოსეთი,

იქით სამხრეთი, აქეთ _ ჩრდილოეთი…

უცბად იელვა, მოჩვენება არ იყო,

თავზე დაგვადგა შალიკო-ვალიკო!

ჩემმა მეგობარმა, მოხევე წიკლაურმა

სწრაფად მოგვართვა ღვინო და ყაურმა!

ორსახელა ყაზბეგელს დავემშვიდობეთ,

როცა რესტორანში “სიმდი” იცეკვეს…

_ აქედან ყიზლარამდე საჭეს მივუჯდები, _

მთხოვა გურამმა ბალღური დაჟინებით!

ვლადიკავკაზიდან ასოცით ვისრბოლეთ,

გროზნოს გზა ვუქციეთ,

არღუნს ჩავუქროლეთ!

კოჩუბეიში საღამოს ჩავედით,

აბაშიძისას სუფრასთან დავსხედით.

გობით მოგვართვეს შავი ხიზილალა,

გურამი გაოცდა, წარბები აეშალა:

_ ამდენი შავი “იკრა”? _

რა ხდება მითხარით,

სინამდვილეა თუ არის სიზმარი?

ხუმრობით მესროლეთ ვგონებ ქამანდი,

სხვა რაღაცაა, უცხო შეჭამანდი?

თამაზმა წაუხუმრა:

_ გურამ, ნუ ღელავ,

თერთმეტი ნომერი ეს არის საფანტი!

საათი უსახსოვრა გურამმა მასპინძელს,

უძვირფასესი, შვეიცარული!

წამსვე წამოენთო რამაზ აბაშიძე! _

გამოაზიმზიმა თოფი გერმანული,

ორლულიანი – გურამს გადაჰკიდა,

ქეიფი განივრცო, სიმღერა წაგვეკიდა!

პირველადაა გურამი ყიზლარში,

აინტერესებს რა არის ნოღაი!

 

კარგად ვესვრიო ტყვიას მიზანში, _

აქ უნდა დავიდვა ნადირთ ცოდვაი!

 

… ტრამალში მივუძღვები გურამ ფანჯიკიძეს,

– “ტყუილად არ ისროლო!”  – მაკერია პირზე!

გვერდზე გვყავს წივწივაძე _ საშიში კრიტიკოსი,

ველებზე გავიჭერით რომანტიკოსები!

ვეძებთ ანტილოპას, სახელად საიგაკს,

ნავარდი იცის _ ქარბუქს გაიტანს!

ჩემი ავტოთი _ თეთრი “ჟიგულით”

დიდრონი წრეებით მივეშურებით!

სისხლის ღვრას ვაპირებთ ანტილოპისას,

ვემშვიდობებით ყოფას პატიოსანს!

აზარტის წყურვილია თოფის ლულაში,

სადაა ნამუსი, სადღაა ულვაში!

_ შეგვხვდება მელა-ტურა,

თრითინა, კურდღელი,

არაფერს ესროლოთ! _ კვლავაც ვეუბნები!

და, აჰა, აგვიფრინდა ველის არწივი,

უცბად, რაც მოხდა, კინაღამ ჩავიწვი!

ფრინველთ მეფეს გურამმა ესროლა კარტეჩი…

გარინდებაა… კრინტს ვძრავთ არც ერთი!

მონადირე არასოდეს არ ესვრის მონადირეს,

ვინც ეს ჩაიდინა, _ გაინაპირეს!

დაჭრილმა არწივმა ვაჟა მომაგონა,

თვალებში ცრემლებმა უმალ გამოჟონა…

თამაზმა კბილებში სევდით გამოსცრა:

_ ეს საცოდაობა, ნეტავ, არ მენახა,

მერჩივნა თბილისში წყალი მენაყა!

გურამი გაოგნდა _ ეს რა მომივიდა,

რას ვიფიქრებდი, _ შემომაკვდებოდა…

დაღონებულებს დგომაც კი გვიჭირს,

თითქოს ველის არწივს ვუხდი პანაშვიდს!

სწუხს აბაშიძე!

სწუხს წივწივაძე!

სწუხს ფანჯიკიძე!

მომხდარის გამო _ მეც ავიმრიზე…

თვალსისხლა არწივმა ფრთები მოირაგვა,

ბეჩავი ეცადა _ წამოიმართა!

სამჯერ წაიქცა პირქვე საწყალი,

სამჯერვე წამოდგა ცამდე მართალი!

მეოთხედ _ ფრთები განზე გადაშალა, _

გულაღმა განერთხა, როგორც ვაჟკაცი!

 

უნდობელ სიკვდილმა ზვიადი გამახსენა,

ყიზლარს ვანადირებდი იმასაც როცა,

არწივის დანახვისას თოფს გადახსნიდა,

ლოცვას იწყებდა, პირჯვარს იწერდა!

მამამ, _ კონსტანტინემ მასწავლა ესო,

არწივთ ჯილაგის საპატივსაცემოდ…

კოჩუბეიში _ ამ მცირე სოფელში,

პატიმრობაში იყო ზვიადი,

ქარბორბალაში, ქვიშაში, მტვერში,

იპოვებოდა დღეები მზიანი! _

მე ვწერდი რომანს _ “შემობრუნებას”,

ზვადი თარგმნიდა მათეს სახარებას…

სახება მისია დაუვიწყარი,

სევდის მორევი _ კასპიისპირეთი და დაღესტანი!

ამ მოგონებამ წამით იელვა, უცბადვე გაჰქრა,

ისევ სტეპში ვარ, დაჭრილ არწივთან,

სიკვდილის წამთან!

 

უჩვეულოდ _ ზემოდან ქვემოთ

თავს დაგვატყდა ქარი ზრიალით,

დავლანდე კიდეც, _ თოფგადახსნილი,

ახლაც ჩემთან დგას მწუხრად ზვიადი…

ჰა! ამბავი ველის არწივისა

და უბედურება ორი ქართველისა:

ერთი იბრალებდა, მეორე ესროდა…

ხმა მღაღადებლისა – არსით ისმოდა!

თუმცა, _ არ მომხდარიყო ცოდვა ამდაგვარი,

ვის ეცოდინებოდა ლეგენდა ამბავი?

ცხრაას ოთხმოცში ვნახეთ ტრაგედია, _

სტეპში რომ ვნადირობდით გამთენიიდან!

ნეტავი იმ დროს _ ყიზლარში ყოფნისას,

შუაღამეზე, გვიანობისას,

გურამმა მთხოვა _ იქნებ მიჩვენო,

ზვიადის ბინა ტუსაღობისას…

 

დილით მივადექით მოღობილ ეზოს,

აქ სახლი დაგვხვდა აწ უკვე კერძო…

სამი წლის უკან, აქ მე ვცხოვრობდი,

იწოდებოდა მცირე სასტუმროდ…

რუსული “პეჩკა”, მომცრო ოთახი,

კუთხეში ვითომ სამზარეულო,

ორი საწოლი, ერთი ხალიჩა…

ეჰ, მოგონებავ! ჰოი, წარსულო!

დრო მოგვივიდა წამოსასვლელი,

ფანჯიკიძეა დამწუხრებული:

_ ხომ კარგად ჰხედავთ, რომ ვარ ვნებული,

მირჩიეთ რამე შენ და თამაზმა, _

ჭკვიანური და თქვენებური!

თვალებში აენთო უმალ სიხარული,

მოისმინა რა ჩვენი პასუხი:

_ ცოდვის საპასუხოდ იქნება დიდებული, _

თბილისში გააკეთე არწივის ფიტული!

…ერთ თვეში გურამი კვლავაც მიბარებს:

_ მეწვიეთ სახლში შენ და წივწივაძე!

ღვინო მაქვს ხიმშური, ათი წლის უხადი,

მოდით, დამილოცეთ ჭერი და ბუხარი!..

რატომ “ბუხარი”, მე მივხვდი მაშინ,

როცა ავხედე ფრთაგაშლილ არწივს…

იგი ბრძანდებოდა აწი უგვირგვინო,

უსამშობლოო და უსულგულო…

 

იმ ქვეყნადაა ახლა ყველა _

ვინც ვახსენე, ვინც ჩამოვთვალე:

ზვიადი, გურამი, აბაშიძე და წივწივაძე…

არწივთა სიკვდილი ცუდად მაქვს დაცდილი…

სამეგრელოში თოფია დაცლილი…

 

სტეპში ბევრია ველის არწივი,

გულაღმა ერთია მხოლოდ გარდაცვლილი!

ვფიცავარ მზეს _ ეს სტრიქონები

იწერება ვაება, ცრემლით,

როს მახსენდება კასპისპირეთი, ტრამალები

და არწივებით მოფენილი ყიზლარის ველი!

უბედურება, როგორცა ვთქვი, დატრიალდა

ცხრაას ოთხმოცში ნოღაის ველზე,

სინანული მაშინდელი და სიმწუხარე,

სასჯელ-სარტყელად, სამარადჟამოდ მარტყია წელზე!

ეჰა! ჩავამთავრე ამბავი საჯახირო,

დაღესტანს არ ვყოფილვარ მას მერე სანადიროდ!

მას შემდეგ შემომეწნა გველივით ვარამი,

მაინც ვერ გავაგდე ხელიდან კალამი!

გულში ნაღველია გაფრენილი წლების, _

სულში?

სულში სიმაღლეა კენწეროების…

 

                  ჯემალ დავლიანიძე

 

2020 წ. 27 თებერვალი

 

კომენტარები