„არ შეიძლება მხოლოდ ერთი მხარის მონათხრობზე გააკეთო დასკვნები და ადამიანები მოძალადედ შერაცხო“- ირმა ჭკადუა სახალხო დამცველის განცხადების შესახებ

 ჩოგბურთელის, ნიკოლოზ ბასილაშვილის  ადვოკატი, ირმა ჭკადუა სახალხო დამცველის განცხადებას გამოეხმაურა:

-„არ შეიძლება მხოლოდ ერთი მხარის მონათხრობზე გააკეთო დასკვნები და ადამიანები მოძალადედ შერაცხო.

 ყველას უნდა ჰქონდეს საკუთარი პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობა, მაგრამ დასკვნებს იქამდე ნუ გააკეთებენ, ვიდრე სასამართლო განაჩენს არ გამოიტანს.

ზოგადად, სახალხო დამცველის ინსტიტუტი ნიშნავს იმას, რომ ის არის ყველას დამცველი. არ შეიძლება მხოლოდ ერთი მხარის მონათხრობზე გააკეთო დასკვნები და ადამიანები შერაცხო მოძალადედ. ძალიან კარგს იზამს, თუკი მონიტორინგს განახორციელებს. ამ საქმეში ჩართულია არასრულწლოვანი ბავშვი, აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს იმის უფლებამოსილება და შესაძლებლობა, რომ გავასაჯაროოთ მტკიცებულებები, რომლებიც საქმეშია, რომელიც ნათელს მოჰფენს და საზოგადოება დარწმუნდება იმაში, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილი არ არის მოძალადე.

ლომჯარიას მიკერძოებაზე ამ ეტაპზე თავს შევიკავებ. ზოგადად, ტენდენცია გვაქვს ისეთი და მეც ასე ვარ, რომ, რა თქმა უნდა, ყოველთვის ქალბატონების მხარეს ვარ. ვიდრე სასამართლო გადაწყვეტილება არ იქნება, რომელიც იტყვის, რომ ნიკოლოზ ბასილაშვილმა ჩაიდინა ძალადობა, მანამდე მისი მოძალადედ მოხსენიება როგორც მინიმუმ, უხერხულია. უდანაშაულობის პრეზუმფცია უნდა გვახსოვდეს. ჩვენ ვხედავთ, ორი დღის განმავლობაში, ეს ადამიანი, რომელმაც საერთაშორისო დონეზე გაიტანა საქართველოს სახელი, ერთი ხელის მოსმით მისი კარიერა და მორალი გავანადგურეთ. არ შეიძლება ასე. ყველას უნდა ჰქონდეს საკუთარი პოზიციის გამოხატვის შესაძლებლობა, მაგრამ დასკვნებს ნუ გააკეთებენ იქამდე, ვიდრე ამაზე იმსჯელებს სასამართლო“.

საქართველოს პირველი ჩოგანი, ნიკოლოზ ბასილაშვილი ყოფილ მეუღლეზე ძალადობის ბრალდებით დააკავეს. თბილისის საქალაქო სასამართლომ მას 100 000 ლარიანი გირაო შეუფარდა.

-„მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო დაზარალებულ ქალს! მოვუწოდებ ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას, გააკეთონ მაქსიმუმი, რათა იგი დაცული იყოს, როგორც ფიზიკური, ასევე ფსიქოლოგიური ძალადობისაგან!

მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, თემის მგრძნობელობიდან გამომდინარე, გაშუქებისას მაქსიმალურად დაიცვან შესაბამისი სტანდარტები!“ – წერს  საქართველოს სახალხო დამცველი, ნინო ლომჯარია სოციალურ ქსელში.

 

Nino Lomjaria

საქართველოს სახალხო დამცველმა დაიწყო ჩოგბურთელ ბასილაშვილის მხრიდან ყოფილი მეუღლის მიმართ მცირეწლოვანი შვილის თანდასწრებით სავარაუდო ძალადობრივი ქმედებების გამოძიების საქმის შესწავლა.

მინდა ჩემი მხარდაჭერა გამოვუცხადო დაზარალებულ ქალს! მოვუწოდებ ყველა შესაბამის სახელმწიფო უწყებას, გააკეთონ მაქსიმუმი, რათა იგი დაცული იყოს როგორც ფიზიკური, ასევე, ფსიქოლოგიური ძალადობისაგან!

მოვუწოდებ მედიასაშუალებებს, თემის მგრძნობელობიდან გამომდინარე, გაშუქებისას მაქსიმალურად დაიცვან შესაბამისი სტანდარტები!

კომენტარები