„ასეთი გაქცევა არც აფხაზეთიდან მინახავს, არც სამაჩაბლოდან… ერთი, კოდორიდან გაიქცნენ, დროშები დატოვეს ჩამოუხსნელი…“ – ლალი მოროშკინა

-„ყველაზე უარყოფითი, რაც მთელ ამ ამბავს შეიძლება ახლდეს თან, არის მედიაისტერიკა და პანიკა, რომელსაც ზოგიერთი მედიასაშუალებები თესავენ! ჯერ კიდევ როდის ამბობდა ავიცენა, – როდესაც ორი ბატკანი დააბეს, ერთს მუდმივად მგელს აჩვენებდნენ და შიშისგან მოკვდაო. არ შეიძლება, საზოგადოება ამდენად დაზაფრო.

მივიღეთ „შავი პარასკევი”, რეალურად “შავი ჭირის” გავრცელების “საუკეთესო პირობებით”. აბსოლუტურად არასწორად იყო მიწოდებული ინფორმაცია, რა შეზღუდვები წესდებოდა, პრიორიტეტები არასწორად იყო გადანაწილებული. ის “ზედახორა”,  კილომეტრიანი რიგები, მოლებსა და მაღაზიებში იყო, აბსოლუტურად დაუშვებელია, ასეთ მობილობას მაშინაც კი ვერ მივიღებდით, სამი თვე სულ რომ არაფერი ჩაეკეტათ. ხელოვნურად შეიქმნა ისეთი სიტუაცია, სადაც ეს ბაცილა უარესად გავრცელდა. თუ ხვალ ეპიდემიოლოგები გამოვლენ და იტყვიან, – 10 ათასი დაავადებული გვყავს, აღარ უნდა გაგვიკვირდეს.

როდესაც ვირუსის გავრცელება ასეთი ტემპით ხდება, გამოსავალი შეზღუდვები ნამდვილად არის, მაგრამ ეს არ იყო წერტილოვანი შეზღუდვა, ეს არის სრული ლოქდაუნი, თანაც, ახალი წლისთვის, ბარბარობისთვის თუ კათოლიკური შობისთვის მოსამზადებელი ძალიან ცოტა დრო დაუტოვეს ადამიანებს. ინფორმაციის არასწორად მიწოდების გამო, დღეს ჩვენ ეპიდემიოლოგიური აფეთქება მივიღეთ. სპორტული დარბაზებისა და სათხილამურო კურორტების დაკეტვა და “შავი პარასკევის” დაშვება აბსოლუტურად მცდარ გადაწყვეტილებად მიმაჩნია.

ვცდილობ, თბილისში ნაკლებად ვიყო. ადამიანებს ილუზია შეუქმნეს, თუ ახლა მაქსიმალურად არ შეიძინეს პროდუქტი ან ტანსაცმელი, ქვეყანა მთავრდება, იწყება „მეორედ მოსვლა“. გაოცებული დავრჩი, როგორ გარბოდნენ ქალაქიდან, კილომეტრიანი რიგები იდგა. ასეთი გაქცევა არც აფხაზეთიდან მინახავს, არც სამაჩაბლოდან… ერთი, კოდორიდან გაიქცნენ, დროშები დატოვეს ჩამოუხსნელი… ძალიან ცუდი ასოციაცია გამოიწვია, ახლა ვიხილეთ გაზულუქებული ხალხი, დაკნინებული და შეშინებული, – მარტო იმას ფიქრობს, როგორ იყიდოს ბევრი ტანსაცმელი, ბევრი საჭმელი… ლხინი ჭირის დროს – დღეს ამგვარი რაღაც მოხდა.
კურორტები უნდა გაგვეხსნა და ადამიანებისთვის გვეთქვა, – სუფთა ჰაერი ისუნთქეთ, ივარჯიშეთ, იცურეთ, გაჯანსაღდით, იმუნიტეტი გაიძლიერეთ; გადასახადებისგან გაგვეთავისუფლებინა… ამის სანაცვლოდ, ვიგებთ, – სამშვილიან ოჯახს 100 ლარი ეკუთვნის დახმარება. ყველაფერი არასწორად არის დამენეჯმენტებული.

იმ ფონზე, როცა უკვე 50% მივიღეთ გაძვირება, არ ვიცი, ფონს როგორ გავალთ. საქართველოში აღმოჩნდნენ მდიდრები, რომლებიც მასობრივად ყიდულობენ ყველაფერს, პრობლემა არ აქვთ, აღმოჩნდნენ ღარიბები, რომლებსაც ერთი პურის ფულიც კი უჭირთ. კულტურა, სპორტი გაღარიბდა. სამწუხაროა, მათთვის ხელის შეწყობა არ ხდება.
ძალიან გავზულუქდით, ყველაფრით უკმაყოფილოთა თაობა მივიღეთ. ჩაკეტვების მიმართ ყველაზე ანტიგანწყობა მე მაქვს, მაგრამ როცა გვეუბნებიან,  უნდა ჩავიკეტოთ, კი, ბატონო, – შევასრულებ ნორმებს, მაგრამ კედელს თავს არ ვურტყამ, არ ვივიშვიშებ, სახეს არ ვიხოკავ, ამას ვხვდები, როგორც რეალობას და ამ მოცემულობაში მაქსიმალურად ისე მოვიქცევი, ეს შემდეგ ჩემს ნერვულ და იმუნურ სისტემაზე რომ არ აისახოს. პანიკის დათესვით ზოგიერთი საინფორმაციო საშუალება ძალიან სცოდავს! ევროპაში ჩემი დები ცხოვრობენ, იქ სასწავლო დაწესებულებები არ დაკეტილა. რეალურად, ჩვენთან პანდემიაც არ გვაქვს, რადგან ინფიცირებულთა რაოდენობა 1%-იც არ არის.

 სასწრაფოდ უნდა გაუშვას რამდენიმე მინისტრი, – შუშის თვალებით არაფრის მთქმელები არ არიან, უმაღლესი მენეჯმენტი შეიცვალოს, კრიზისული საბჭო შეიქმნას, ჩამოაშოროს საქმეს ის ეპიდემიოლოგები, რომლებმაც არასწორი გათვლები გააკეთეს გაზაფხულზე. რეალური გეგმა უნდა დაიდოს, ისეთი სპიკერი უნდა შეირჩეს, რომელიც ადამიანებისთვის გასაგებ ენაზე ახსნის რა გვჭირს,  მგონია, ხალხმა ვერ გაიგო, რასთან გვაქვს საქმე და იმიტომაცაა ქუჩაში ასეთი აურზაური“, – წერს პიარტექნოლოგი, ლალი მოროშკინა.

კომენტარები