ასკილს უამრავი დადებითი თვისება გააჩნია

ასკილს უამრავი დადებითი თვისება გააჩნია. იგი პოლივიტამინური მცენარეა, განსაკუთრებით მდიდარია C ვიტამინით. ასევე, შეიცავს B1, B2, P, K ვიტამინებს, მინერალებსა და კაროტინს. ასკილს ბევრი სასარგებლო თვისება აქვს: სედატიური, ანტიმიკრობული, ანთების საწინააღმდეგო, სისხლის შემაჩერებელი, შარმდენი და კუჭ-ნაწლავის მოქმედების მარეგულირებელი თვისებები.

იმისათვის, რომ მასში შემავალმა ვიტამინებმა ბიოლოგიური აქტივობა შეინარჩუნოს, ასკილის ნაყოფი აუცილებელია დროულად შევაგროვოთ, სწორად გავამშრალოთ და სათანადო პირობებში შევინახოთ. ნაყოფი შემოდგომით, დარბილებამდე უნდა დავკრიფოთ. ასკილი ყინვამდე უნდა დაიკრიფოს, რათა ყინვადაკრულმა ნაყოფმა ვიტამინები არ დაკარგოს. ახალდაკრეფილი ასკილის ნაყოფი მზის სხივებს უნდა მოვარიდოთ და ჩრდილში გავაშროთ, მერე კი თავდახურულ ჭურჭელში შევინახოთ.

ასკილის ნაყენი და ნახარში ჰიპოვიტამინოზის სამკურნალოდ გამოიყენება. ერთ ჭიქა ასკილის ნაყენს შეგვიძლია დავუმატოთ ერთი სადილის კოვზი თაფლი და 10-15 წვეთი ლიმონი. ეს წვენი სასარგებლოა გრიპის, გაციებისა და ქრონიკული ბრონქიტის დროს. ეფექტურია ფილტვისა და გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებების, ხერხემლის ოსტეოქონდროზის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულოვანი პათოლოგიის, ნერვული დაავადებების სამკურნალოდ.

ასკილის ნახარში ძალიან ეფექტურია იმუნური სისტემის გასაძლიერებლად გაციების დროს. ნაყენი შემდეგნაირად უნდა მომზადდეს: ერთი სადილის კოვზი გამომშრალი ნაყოფი დავფქვათ და 2 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი დავასხათ, 5-10 წუთი ავადუღოთ. 2-3 საათი გავჩეროთ და გადავწუროთ. ეს ნახარში შეგვიძლია მივიღოთ დღეში 3-4 ჯერ, 1/4-1/2 ჭიქა. ასკილის ნაყენი გამოიყენება თირკმლებში მიმდინარე ანთებითი პროცესების საწინააღმდეგოდ. ამისათვის, 20გ დაქუცმაცებულ ნედლეულს დავასხათ ერთი ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და 12 სთ გავაჩეროთ თერმოსში, შემდეგ გადავწუროთ.ეს ნაყენი შეგვიძლია მივიღოთ 3-ჯერ დღეში, ნახევარი ჭიქა.

კომენტარები