„აუცილებელია, 2022 წლიდან საგარეო ვალის და შესაბამისად, დეფიციტის შემცირება“- ივანე მაჭავარიანი

-„აუცილებელია, 2022 წლიდან საგარეო ვალის და შესაბამისად, დეფიციტის შემცირება დაიწყოს. მიმდინარე წელს ეკონომიკური ზრდა 4 %-ის ფარგლებშია პროგნოზირებული.  2020 წელს საქართველოს ეკონომიკამ 4 მილიარდი ლარი დაკარგა. 2020-2021 წლებში ჯამური დანაკარგი 8,5 მილიარდ ლარამდე იქნება. მიუხედავად იმისა, რომ პანდემიის დასრულება 2021 წელსაა მოსალოდნელი, მომდევნო 3-4 წლის განმავლობაში, მსოფლიოსა და ჩვენს სავაჭრო პარტნიორებში სწრაფი ეკონომიკური აღმასვლა ნაკლებ სავარაუდოა. აღნიშნულ წლებში ჩვენი ძირითადი გამოწვევებია, მთავრობის ვალის შემცირება, პანდემიის ნეგატიური ეფექტებიდან გამომდინარე, რომელიც მთლიან შიდა პროდუქტთან (მშპ) მიმართებით, 60%-იან ზღვარს გასცდა. ვალის შემცირების პარალელურად დეფიციტიც ყოველწლიურად უნდა მცირდებოდეს. აუცილებელია, 2022 წლიდან მოხდეს მისი რადიკალური შემცირება, დაუბრუნდეს პანდემიამდელ ნიშნულს.  მნიშვნელოვანია, ეს არ მოხდეს ისეთი ეკონომიკური ღონისძიებების ხარჯზე, რაც შეაფერხებს ეკონომიკურ ზრდას და არ მოგვცემს საშუალებას პოსტპანდემიურ პერიოდში სწრაფი აღმავლობა გვქონდეს“, – განაცხადა ფინანსთა მინისტრობის კანდიდატმა, ივანე მაჭავარიანმა.

კომენტარები