„აუცილებლად შევთანხმდებით ერთმანეთთან… დარწმუნებული ვარ, იქ მდგომი ადამიანების უმრავლესობა გულწრფელად აპროტესტებს“ – ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა:

-„ჩვენ „ნამახვანჰესის“ საპროტესტო აქციის მონაწილეებს, მათ, ვინც ადგილზე აპროტესტებს ამ მეგაპროექტს, რამდენიმე ძალიან მისაღები პლატფორმა შევთავაზეთ. პირველი პლატფორმაა ექსპერტები და საბჭო.

ეს არის გახსნილი პლატფორმა იმისთვის, ნებისმიერ ექსპერტს, მათ შორის იმ ადამიანების ნდობით აღჭურვილ პირს, ვინც აპროტესტებს ამას ხეობაში, შეეძლება გადახედოს ყველა კვლევას და თავისი რეკომენდაციები წერილობით, დასაბუთებულად მოგვაწოდოს. ამისთვის არსებობს მორატორიუმი კაშხლის მშენებლობაზე, 12 თვის განმავლობაში არ აშენდება ძირითადი ნაგებობა, ყველა რაციონალური შენიშვნა იქნება გათვალისწინებული. ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების მედიაციის საბჭოს თავმჯდომარე მალე ეწვევა საქართველოს.

აბსოლუტურად დარწმუნებული ვარ, იქ მდგომი ადამიანების უმრავლესობა გულწრფელად აპროტესტებს ამ პროექტს, აქვთ გულწრფელი კითხვები, არიან ჩვენი ქვეყნის პატრიოტები. ჩვენც, მთავრობა მოწადინებული ვართ, გაძლიერდეს საქართველო ენერგეტიკულად და ეკონომიკურად, ჩვენი ადგილობრივი ენერგეტიკული რესურსი იყოს გამოყენებული, მათ შორის, შესრულდეს ეს პროექტი კარგად, სწორად, ყველას ინტერესის დაბალანსებით. ვინაიდან, ორივე მხრიდან ამოცანა ერთია: – ძლიერი და დამოუკიდებელი საქართველო, აუცილებლად შევთანხმდებით ერთმანეთთან“.

კომენტარები