„აფგან მუხთარლის დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა და საქმის კვალიფიკაცია“

არასამთავრობო ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ ინფორმაციას ავრცელებს​:

გამოძიების დაწყებიდან თითქმის ოთხი წლის შემდეგ, „უფლებები საქართველოს“ იურისტის, არჩილ ჩოფიკაშვილის მიერ პროკურატურისთვის წარდგენილი შუამდგომლობა დაკმაყოფილდა და აზერბაიჯანელ ჟურნალისტს, აფგან მუხთარლის, რომელიც დაუდგენელმა პირებმა 2017 წლის მაისში თბილისიდან გაიტაცეს და აზერბაიჯანის ხელისუფლებას გადასცეს, დაზარალებულის სტატუსი მიენიჭა. გარდა ამისა, დაზუსტდა საქმის კვალიფიკაცია. გამოძიება, რომელიც აქამდე სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის პირველი ნაწილით (თავისუფლების უკანონო აღკვეთა) მიმდინარეობდა, 143-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნტქით გაგრძელდება, რაც გულისხმობს ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებით თავისუფლების აღკვეთას.​ აფგან მუხთარლის საქმეზე საგამოძიებო მოქმედებები განახლდა მას შემდეგ, რაც 2021 წლის 7 აპრილს აფგან მუხთარლი გერმანიიდან თბილისში ჩამოვიდა და კიდევ ერთხელ დაადასტურა მანამდე არაერთგზის გამოთქმული სურვილი, სრულად ეთანამშრომლა გამოძიებასთან და საქართველოს პროკურატურისთვის მიეწოდებინა ინფორმაცია მისი გატაცებისა და თავისუფლების უკანონოდ აღკვეთის საქმეზე.

9 აპრილს აფგან მუხთარლი არჩილ ჩოფიკაშვილის თანხლებით გამოიკითხა პროკურატურაში. მუხთარლიმ გამოკითხვისას განმარტა, რომ გატაცებამდე, მისი და სხვა აზერბაიჯანელი დევნილების მიმართ, საქართველოში ხორციელდებოდა მუდმივი თვალთვალი და მიყურადება. მან გამოძიებას წარუდგინა იმ ორი პირის ფოტოსურათები, ვინც მას საქართველოში უთვალთვალებდა და, დიდი ალბათობით, სწორედ ამ ადამიანების მეშვეობით მომზადდა და დაიგეგმა მუხთარლის თბილისიდან გატაცება. გარდა ამისა, მუხთარლიმ დაასახელა ის აზერბაიჯანელი მაღალჩინოსნებიც, ვინც მისი ინფორმაციით, მონაწილეობდნენ მისთვის თავისუფლების უკანონოდ აღკვეთაში.

15 აპრილს ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი – ჩვენების ადგილზე შემოწმება, რომლის დროსაც აფგან მუხთარლიმ თავად აჩვენა გამომძიებლებს თბილისიდან მისი გატაცების ადგილი და ლაგოდეხის მიმართულებით გადაადგილების მარშრუტი. გურჯაანის რაიონში დაზარალებულმა გამომძიებლებს უჩვენა ადგილი, სადაც ის, უკვე თვალებახვეული, გადასვეს სხვა მანქანაში, რომლითაც გადაიყვანეს საქართველო-აზერბაიჯანის საზღვარზე და გადასცეს აზერბაიჯანის სასაზღვრო სამსახურის წარმომადგენლებს ნეიტრალურ ზონაში, ლაგოდეხში მდებარე გამშვებ პუნქტზე.

„უფლებები საქართველოს“ იურისტი, არჩილ ჩოფიკაშვილი, მიიჩნევს, –  მუხთარლის საქმეზე გამოძიების კვალიფიკაცია კვლავაც დასაზუსტებელია და უნდა მოიცვას სისხლის სამართლის კოდექსის 143-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-4 ნაწილები, ასევე 154-ე მუხლის მეორე ნაწილი.

ნათელია, რომ აფგან მუხთარლის მიმართ ადგილი ჰქონდა თავისუფლების უკანონო აღკვეთას დაზარალებულის საზღვარგარეთ გაყვანით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით, რამაც გამოიწვია სხვა მძიმე შედეგი. გარდა ამისა, ადგილი ჰქონდა ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას, ძალადობით და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით.

აფგან მუხთარლის ინტერესებს 2017 წლიდან დღემდე თბილისის ადამიანის უფლებათა სახლი და ორგანიზაცია „უფლებები საქართველო“ იცავენ არა მხოლოდ ადილობრივ დონეზე, არამედ ევროსასამართლოშიც.

კომენტარები