„აქედან გამომდინარე, მე ვერც პანიკის და ვერც კრიტიკის საფუძველს ვხედავ – ჭავჭავაძის გამზირზე მუნიციპალური ტრანსპორტის ახალი სამოძრაო სქემა“ – ირაკლი ხმალაძე

-რეფორმის შეფასება დღეს არასწორია, ახლად რეაბილიტირებულ ჭავჭავაძის გამზირზე საავტომობილო მოძრაობის სქემა სისტემურად შეიცვალა და ადაპტაციის პროცესს გარკვეული დრო დასჭირდება.

ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა, ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.

-„თბილისის სატრანსპორტო სისტემა დღეს რეფორმის ეტაპზეა. ერთი, ასე ვთქვათ, ინდივიდუალურ ტრანსპორტზე მორგებული სისტემიდან, გადავდივართ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე მორგებულ სისტემაზე, გარდამავალ ეტაპზე რა თქმა უნდა, ეს გარკვეულწილად დისკომფორტის შემქმნელია. რატომ ვაკეთებთ ამას?

ჩვენ არ გვაქვს იმის საშუალება, მუდმივად ვაფართოოთ ქუჩები, ვაშენოთ ახალი გზები და ესტაკადები,  იმ მანქანების ნაკადს რომ გაუძლოს, რომელსაც ყოველწლიურად იმპორტს ვუკეთებთ. ეს არის რამდენიმე ათეული ათასი სატრანსპორტო საშუალება, რომელიც წლიდან წლამდე ემატება ჩვენს ქალაქს.

ჩვენ ამ თემაზე საუბარი და მოქმედებები დღეს არ დაგვიწყია. დაახლოებით, ორი წლის წინ გაჟღერდა ეს სატრანსპორტო პოლიტიკა, დეტალურად ვუთხარი მოსახლეობას, რა პოლიტიკის გატარებას გეგმავდა მუნიციპალიტეტი სატრანსპორტო სისტემაში.

ეს არის ერთადერთი, უალტერნატივო და რაც მთავარია, სწორი გზა. რაც შეეხება უშუალოდ ჭავჭავაძის გამზირს, დღეს, რეფორმის პირველი დღეა. რა თქმა უნდა, რეფორმის ეტაპზე, ადაპტაციას გარკვეული დრო დასჭირდება. მოქალაქეებს, რომლებიც ჭავჭავაძის გამზირზე გადაადგილდებიან, თუ ერთი წლის წინ დანიშნულების ადგილამდე ერთი კონკრეტული მარშრუტით მიდიოდნენ, დღეს, განსხვავებული სისტემით მოუწევთ გადაადგილება.

მოძრაობის სქემა სისტემურად შეიცვალა, შესაძლოა, ამასთან შეჩვევას, გარკვეული დრო, – რამდენიმე დღე ან ერთი-ორი კვირაც დასჭირდეს. ამიტომ შეფასებები დღეს არ უნდა გავაკეთოთ. ერთი რამ უნდა ვიცოდეთ, – რასაც ვაკეთებთ, ვაკეთებთ სწორედ იმ პოლიტიკის ჭრილში, რომელიც ყველას სჯერა, რომ სწორია და მივდივართ მხოლოდ და მხოლოდ ამ გზით. აქედან გამომდინარე, მე ვერც პანიკის და ვერც კრიტიკის საფუძველს ვხედავ.

ჭავჭავაძის გამზირი არის ქალაქის ერთ-ერთი მთავარი გამზირი, რომელზეც კერძო სატრანსპორტო საშუალებების გარდა, გადაადგილდებიან ქვეითებიც, ველოსიპედებიც და საზოგადოებრივი ტრანსპორტი. მოძრაობის პრინციპი და სქემა ყველასთვის შეიცვალა, შესაბამისად, ახალ სატრანსპორტო სქემასთან ადაპტაციისთვის დრო ყველა მათგანს დასჭირდება, რაც გზაზე გარკვეულ შეფერხებებს გამოიწვევს.

ეს შეფერხებები იქნება ხვალაც, ზეგაც, მაგრამ რამდენიმე დღეში, შეიძლება ერთ კვირაშიც, ყველაფერი ჩადგება ფორმაში და დარეგულირდება. მთავარია, -ჭავჭავაძეზე ჩატარებული სამუშაოების შედეგად, გამზირის გამტარუნარიანობა გაიზარდა. დაახლოებით, 8 ათასი ადამიანით მეტი შეუძლია ამ გამზირს გაატაროს ერთი საათის განმავლობაში. ეს არის მთავარი, რითიც შეიძლება შევაფასოთ, რამდენად სწორი ღონისძიება გაატარა თბილისის მუნიციპალიტეტმა, სატრანსპორტო პოლიტიკის ჭრილში.

რაც შეეხება საცობებს, პრობლემა არის სატრანსპორტო სისტემის ის პოლიტიკა, რომელსაც მუნიციპალიტეტი წლების განმავლობაში ატარებდა, რომლის შედეგადაც შეუსაბამოდ დიდი რაოდენობით სატრანსპორტო საშუალებები მივიღეთ.

ჩვენ რომ ასე გაგვეგრძელებინა, საზოგადოებრივი ტრანსპორტისთვის შეუფერხებლად, მოკლე დროში და კომფორტულად გადაადგილების საშუალება არ მიგვეცა, ორ-სამ წელიწადში უარეს სურათს მივიღებდით და ამის გამოსწორება კიდევ უფრო მტკივნეული იქნებოდა. აქედან გამომდინარე, ჭავჭავაძის გამზირი ერთ-ერთი ნათელი მაგალითია, როგორ უნდა მოეწყოს ქალაქში სატრანსპორტო ინფრასტრუქტურა იმისთვის,  ქუჩას მაღალი გამტარიანობა რომ ჰქონდეს, ნაკლები საცობი რომ გვქონდეს მთლიანად ქალაქში, ნაკლებად დავაბინძუროთ ჰაერი. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ძალიან გთხოვთ, გაიხსენეთ, სამი წლის წინ რა იყო მოსახლეობის მთავარი დაკვეთა ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე. ყველაზე მწვავე პრობლემა იყო საცობი, სატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვი. ჩვენ თუ არ მოვინდომეთ, რომ ნაკლებმა მანქანამ იაროს ქალაქში და ნაკლებად გადავაადგილდეთ მანქანებით, ჯადოსნური ჯოხით ხომ არ შევამცირებთ ჰაერის დაბინძურებას, ან საცობებს როგორ განვტვირთავთ?“, -განაცხადას ირაკლი ხმალაძემ.

ჭავჭავაძის გამზირზე მუნიციპალური ტრანსპორტის ახალი სამოძრაო სქემით სატესტო მოძრაობა რამდენიმე დღის წინ დაიწყო.

ახლად რეაბილიტირებულ ჭავჭავაძის გამზირზე მუნიციპალური ტრანსპორტი ახალი სამოძრაო სქემით სატესტო რეჟიმში მოძრაობს.

30 ივლისიდან, სამი ღამის განმავლობაში, 00:30-დან 04:00 საათამდე მუნიციპალური ტრანსპორტი, რომელიც ფარავს ჭავჭავაძის გამზირს და მიმდებარე ტერიტორიას, ახალი სქემის მიხედვით იმოძრავებს.

სატესტო პროცესში მუნიციპალური ავტობუსების 12 საავტობუსე ხაზის ყველა მძღოლი იქნება ჩართული. პირველი აგვისტოდან კი, მუნიციპალური ტრანსპორტი ახალი სქემის მიხედვით დაიწყებს მგზავრთა მომსახურებას და სამანქანო მოძრაობის საპირისპიროდ, სპეციალურად მათთვის გამოყოფილ ზოლში იმოძრავებს.

მუნიციპალური ავტობუსების სატესტო პროცესს თბილისის სატრანსპორტო კომპანიის გენერალური დირექტორი გიორგი შარკოვი მოადგილესთან, პაატა ბეჟანიშვილთან ერთად დაესწრო.

„დღეიდან, ჭავჭავაძის გამზირზე ავტობუსების მოძრაობის ტესტირება ახალი სამარშრუტო სქემით იწყება. ტესტირებას გაივლის ყველა იმ მუნიციპალური ტრანსპორტის მძღოლი, რომელიც ამ მარშრუტებზე მოძრაობს. ეს არის სტანდარტული პროცედურა – ყველა მარშრუტზე რაიმე სიახლე როდესაც ინერგება, მძღოლების წინასწარ მომზადება ხდება. ეს პროცესი რამდენიმე დღე გაგრძელდება და პირველი აგვისტოდან ავტობუსები მოძრაობას დაიწყებენ ახალი სამარშრუტო სქემით“, – განაცხადა გიორგი შარკოვმა.

კომენტარები