„აქტიურად ვმუშაობთ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად იმისთვის, რომ ძალიან მკაცრი გაიდლაინების დანერგვის პირობებში, საქართველოს ტურისტული ბაზარი იყოს უსაფრთხო“ – ნათია თურნავა

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, ნათია თურნავამ საქართველოს ტურიზმის სექტორის წარმომადგენლებთან ონლაინ შეხვედრა გამართა.

შეხვედრა წარმომადგენლობითი იყო და დარგის წინაშე არსებული იმ ძირითადი გამოწვევების განხილვას დაეთმო, რომლებიც კორონავირუსის პანდემიის შედეგად წარმოიქმნა.

-„აქტიურად ვმუშაობთ მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციასთან ერთად იმისთვის, რომ ძალიან მკაცრი გაიდლაინების დანერგვის პირობებში, საქართველოს ტურისტული ბაზარი იყოს უსაფრთხო და ერთ-ერთი პირველი, რომელიც უცხოელი ტურისტებისთვის გაიხსნება. რა თქმა უნდა, ეს შესაძლებელია მხოლოდ მკაცრი კონტროლის პირობებში.

პანდემიით გამოწვეული კრიზისის შედეგად, ტურიზმის ინდუსტრია განსაკუთრებით დაზარალდა და ამდენად, განსაკუთრებულ მიდგომას საჭიროებს.

ჩვენ კრიზისის პირველივე დღიდან ვეხმარებით ტურისტულ ინდუსტრიას სხვადასხვა სახის შეღავათითა და პროგრამის ფარგლებში. ეს დღეს აღარ არის საკმარისი. ტურისტულ ინდუსტრიას დღეს სჭირდება გარკვეული დრო, სანამ არ გახდება ისეთივე მომგებიანი და მიმზიდველი, როგორიც კრიზისამდე იყო. ამავდროულად ჩვენ საკმაოდ ოპტიმისტურად ვართ განწყობილი იმ თვალსაზრისით, რომ საქართველო იქნება ერთ-ერთი პირველი ქვეყანა, რომელიც დაამარცხებს ეპიდემიას და გახსნის საზღვრებს.

სანამ ტურიზმის სექტორი მის წინაშე არსებულ გამოწვევებს დაძლევს, მას განსაკუთრებული მხარდაჭერა სჭირდება.  ვმუშაობთ ტურიზმის მხარდაჭერის პროგრამაზე, რომელიც მოიცავს როგორც ახლა განსახორციელებელ ანტიკრიზისულ ზომებს, ასევე სამომავლო სტიმულირების ინსტრუმენტებსაც.

შეხვედრები ტურიზმის სექტორთან სამომავლოდაც გაგრძელდება, რათა დარგის წინაშე არსებული პრობლემური საკითხები სწრაფად და ეფექტურად გადაიჭრას“, – განაცხადა ნათია თურნავამ.

კომენტარები