აქცია ბათუმში:„მონა, მოღალატე, არ გაქვთ აქ გამოჩენის უფლება“, –  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, დაუპირისპირდნენ

საზოგადოება „ბათუმი“ და „დაიცავი ძველი ბათუმი“ ბულვარში 16-სართულიანი შენობის აშენებისთვის ნებართვის გაცემას აპროტესტებენ. აქციაზე ოპოზიციის წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

აქციის მონაწილეები აცხადებენ, -ბულვარი კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, მრავალსართულიანი შენობის აშენება კანონს ეწინააღმდეგება.  შენობა ანგრევს ბულვარის ავთენტურობას.

აქციის მონაწილეები სამართლებრივი დავის დაწყებასაც აპირებენ.

საპროტესტო აქციაზე, „ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატს, ირაკლი ჩავლეიშვილს დაუპირისპირდნენ, რომელიც უმაღლეს საბჭოში „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით შევიდა.

-„მონა, მოღალატე, არ გაქვთ აქ გამოჩენის უფლება“, –  ყვიროდნენ  „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები  ჩავლეიშვილს მისამართით.

-„ის არის მოღალატე,  შეძვრა უმაღლეს საბჭოში ოპოზიციის ხმებით, მას არ აქვს უფლება, აქ მოვიდეს, რამე გააპროტესტოს“, – განაცხადა „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა, ბონდო თედორაძემ.

ირაკლი ჩავლეიშვილის განცხადებით,  მისთვის მიუღებელია იმ პარტიის პროტესტი, რომლის მმართველობის დროსაც  „ბულვარის ოკუპაცია“ განხორციელდა. მე ბულვარში უკანონო მშენებლობებს ვაპროტესტებდი ყოველთვის, როცა წინა ხელისუფლების დროს, ფაქტობრივად ბულვარის ოკუპაცია მოხდა. ეს ხალხი მაშინ არ დამინახავს, არც გაუპროტესტებიათ ის უკანონო მშენებლობები, რომელსაც საზოგადოება ვეწინააღმდეგებოდით. ჩემი უფლებაა, მივიდე იქ, სადაც ჩავთვლი საჭიროდ“.

სადაო შენობა შპს „ამბასადორ ბათუმს“ ეკუთვნის. მასში სასტუმროსა და ბალნეოლოგიური ცენტრის გახსნა იგეგმება. თავდაპირველად, კომპანიამ ტერიტორიაზე ოთხსართულიანი შენობის ნებართვა მოპოვა, სამი დღის წინ  აჭარის კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ძეგლთა საბჭომ შენობის 16 სართულამდე გაზრდის ნებართვა გასცა, -საბჭოს რვა წევრიდან ხუთმა დაუჭირა მხარი.

აჭარის კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ხელმძღვანელი, ზაურ ახვლედიანი აცხადებს, -კომპანიის მიერ წარმოდგენილი ახალი პროექტი ბულვართან შესაბამისობაშია.

კომენტარები