აქციის მონაწილეები შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან შეიკრიბნენ
აქციის მონაწილეები ორთაჭალაში, შინაგან საქმეთა სამინისტროს შენობასთან მივიდნენ. ისინი სკანდირებენ – „წადი!”
აქციის მონაწილეები თავდაპირველად „რესპუბლიკის მოედანზე“ შეიკრიბნენ, საიდანაც 14:00 საათისთვის მსვლელობა საყვირებისა და ავტომობილების სიგნალების ხმის ფონზე, შსს-ს შენობამდე გამართეს, სადაც ამ წუთებში აქცია მიმდინარეობს.
მათი მოთხოვნები შემდეგია: შს მინისტრის, გიორგი გახარიას მიერ თანამდებობის დატოვება; იმ მოსამართლეების მიერ თანამდებობის დატოვება, ვინც, აქციის ორგანიზატორების თქმით, ხელი შეუწყეს დარბეული ადამიანების დაკავებას და აქციის დროს დაკავებული ადამიანების საპატიმროებიდან გამოშვება.
ორგანიზატორების თქმით, აქცია დღეს, 19:00 საათზე კვლავ გაგრძელდება პარლამენტის შენობის წინ. ეს აქციის მეხუთე დღე იქნება.
შეგახსენებთ, “ქართულმა ოცნებამ” აქციის მონაწილეების ერთი მოთხოვნა, საპარლამენტო არჩევნების პროპორციული წესით ჩატარების დაკმაყოფილების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო. ამასთან, ბიძინა ივანიშვილის მიერ დღეს გაკეთებული განცხადებით, არჩევნების ბარიერი ნულოვანი იქნება.