აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით საპატრიარქო განცხადებას ავრცელებს

საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური სოციალურ ქსელში განცხადებას ავრცელებს:

-„საზოგადოებისთვის ახლახან ცნობილი გახდა, რომ აღდგომის ღამეს კომენდანტის საათი შენარჩუნებული იქნება 1 მაისის 23:00 საათიდან 2 მაისს გამთენიამდე, 04:00 საათამდე.

ვინაიდან, ტაძარში მისვლის მსურველები და აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულის საზეიმო წირვის მონაწილენი, სავარაუდოდ, მრავლად იქნებიან, ეპიდემიასთან დაკავშირებული საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, ყველას ვთხოვთ, იქონიონ პირბადე და დაიცვან დისტანცია, რომ გავუწიოთ ანგარიში საკუთარ თავსაც და სხვასაც.

რისკის ჯგუფში შემავალ მრევლს შეუძლია დარჩეს სახლში და მათთან საზიარებლად მათი მოძღვარი მივა.

ვინაიდან, ეპიდვითარებიდან გამომდინარე, სააღდგომო დღეებში სასაფლაოებზე გადაადგილებაზე მოქმედებს შეზღუდვები, მივმართავთ ყველა მღვდელმთავარს, 2021 წლის 3 მაისს, ორშაბათს, უზრუნველყონ სასულიერო პირთა მიერ სასაფლაოების კურთხევა, მცხეთა-თბილისის ეპარქიასა და რუსთავში ამას ადგილობრივი სასულიერო პირნი აღასრულებენ“.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით:

გამონაკლისის სახით, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, მხოლოდ ერთი ღამით, იმოქმედებს 1 მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე.

3-12 მაისის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით, მუნიციპალური ტრანსპორტი არ იმოძრავებს; სადღესასწაულო დღეებში კი სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება.

საბჭომ განიხილა ინფიცირების შემთხვევების ზრდის დინამიკა, როგორც მთელს მსოფლიოში, ისე – საქართველოში. აღინიშნა, რომ ინფიცირების შემთხვევებთან ერთად, მზარდია ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი.

პრემიერ-მინისტრის დავალებით, ჯანდაცვის სამინისტრომ შეიმუშავა გეგმა, როგორც დამატებითი საწოლფონდის მობილიზების, ისე მედიკამენტების, ჟანგბადის თუ ტესტების მარაგების მართვის კუთხით და აღინიშნა, რომ ყველაზე ცუდი სცენარისთვისაც კი სისტემა მზად არის, ვითარება კონტროლს ექვემდებარება და მთავრობა სრულად მართავს პროცესს.

არსებული ეპიდვითარების გათვალისწინებით, მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული ჯგუფების ტესტირება, მაისის განმავლობაშიც სახელმწიფო დაფინანსებით გაგრძელდება;

რაც შეეხება მოახლოებულ აღდგომის დღესასწაულს, საქართველოს საპატრიარქოსთან კომუნიკაციის შედეგად, სადღესასწაულო ლიტურგია ტაძრებში ეპიდემიოლოგიური უსაფრთხოების ნორმების მაქსიმალური დაცვით ჩატარდება;

მათ შორის, ტაძრებში უზრუნველყოფილი იქნება გახმოვანების სისტემა, დაცული იქნება სოციალური დისტანცია და პირბადის მოხმარების წესი;

გამონაკლისის სახით, სააღდგომო ლიტურგიასთან დაკავშირებით, გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვა, მხოლოდ ერთი ღამით, იმოქმედებს 1 მაისის 23:00 საათიდან 2 მაისის 04:00 საათამდე;

სადღესასწაულო დღეებში სასაფლაოებზე გასვლა შეიზღუდება; ჩაიკეტება სასაფლაოებთან მისასვლელი გზები;

4-11 მაისი საქართველოში გამოცხადებულია უქმე დღეებად, რაც მობილობის შემცირებას ისახავს მიზნად. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, 3-დან 12 მაისის ჩათვლით, შეიზღუდება მუნიციპალური ტრანსპორტის მოძრაობა;

პარალელურად, ვაქცინაციის ეროვნული გეგმის შესაბამისად, აქტიურად გაგრძელდება ვაქცინაციის პროცესი. იმუნიზაციის მსოფლიო კვირეულთან დაკავშირებით, მიმდინარე კვირიდან ვაქცინაციის პროცესში ჩაერთვებიან საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრები;

შესაბამისი უწყებების მხრიდან კვლავ გრძელდება ქვეყანაში დაწესებული შეზღუდვების აღსრულების მკაცრი კონტროლი;

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭო განაგრძობს არსებულ ეპიდემიოლოგიურ ტენდენციებზე დაკვირვებას და შემდგომ გადაწყვეტილებებს ვითარების დეტალური ანალიზის შედეგად მიიღებს.

პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით მოქმედი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს მუშაობაში აქტიურად მონაწილეობენ საქართველოს პარლამენტი და პრეზიდენტის ადმინისტრაცია.

 2 მაისს უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულია.

კომენტარები