აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა – „თუ რუსეთი უკრაინაში კვლავ შეიჭრება, აშშ და მისი მოკავშირეები გადამწყვეტ პასუხს“

აშშ-ისა და უკრაინის პრეზიდენტებს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

CNN-ი თეთრი სახლის განცხადებაზე დაყრდნობით წერს, – ბაიდენმა ზელენსკის უთხრა, რომ რუსეთის უკრაინაში კვლავ შეჭრის შემთხვევაში, აშშ და მისი მოკავშირეები მოსკოვს გადამწყვეტ პასუხს გასცემენ.

ოფიციალური ვაშინგტონის განცხადების თანახმად, ბაიდენმა კიდევ ერთხელ დაადასტურა შეერთებული შტატების ერთგულება უკრაინის სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

სატელეფონო საუბრის შესახებ ზელენსკიმ Twitter-ზე დაწერა, რომ ამ ზარმა ხაზი გაუსვა ორი ქვეყნის „ურთიერთობის განსაკუთრებულობას“.განიხილეს უკრაინის, შეერთებული შტატებისა და პარტნიორების ერთობლივი ქმედებები ევროპაში მშვიდობის შესანარჩუნებლად, შემდგომი ესკალაციის თავიდან ასაცილებლად, რეფორმები და დეოლიგარქიზაცია“. ზელენსკი დასძენს, რომ აფასებს „ურყევ მხარდაჭერას“.

დეკემბრის ბოლოს, უკრაინის პრეზიდენტმა ამერიკელ კონგრესმენებს მიმართა.ზელენსკიმ კონგრესმენებს ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ ქვეყნის დასახმარებლად, მხოლოდ სიტყვები არაა საკმარისი.

უკრაინის პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამერიკელ კონგრესმენებთან ონლაინფორმატში შეხვედრა გამართა. ინფორმაციას ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

საუბრისას, რომელშიც „დემოკრატებისა“ და „რესპუბლიკელების“ 20-ზე მეტი წევრი მონაწილეობდა, უკრაინის აღმოსავლეთში შექმნილი ვითარება განიხილებოდა.

„ახლა, როგორც არასდროს, მნიშნველოვანია ქმედითი ნაბიჯები, და არა სიტყვები. ჩემი მიზანია უკრაინის აღმოსავლეთში სისხლისღვრის შეჩერება. დონბასის რეგიონში ომის დასრულების გარეშე ევროპის უსაფრთხოების წარმოდგენა შეუძლებელია“, – განაცხადა ზელენსკიმ.

მხარეებმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვეს კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების პროცესში აშშ-ის ჩართვას. შეხვედრაზე ასევე განიხილებოდა ანტირუსული სანქციების გაძლიერებისა და უსაფრთხოების სფეროში უკრაინულ-ამერიკული თანამშრომლობის საკითხები, მათ შორის უკრაინის ევროატლანტიკური მისწრაფებების მხარდაჭერის აუცილებლობა.

„უკრაინის გარეშე უკრაინასთან დაკავშირებით არანაირი შეთანხმება არ უნდა შედგეს. არცერთ მესამე ქვეყანას არ აქვს ხმის უფლება ნატოში უკრაინის ინტეგრაციის საკითხზე“, – განაცხადა ვოლოდიმირ ზელენსკიმ.

კომენტარები