აშშ-ის კონგრესმა ჯო ბაიდენის გამარჯვება დაამტკიცა

აშშ-ის კონგრესმა ჯო ბაიდენის გამარჯვება დაამტკიცა. კონგრესმა დაადგინა, – საარჩევნო კოლეგიის ხმების მიხედვით, ჯო ბაიდენმა დონალდ ტრამპს არჩევნები მოუგო. ამ ინფორმაციას „სიენენი“ ავრცელებს.

ვერმონტის შტატის სამი საარჩევნო ხმის დათვლამ ბაიდენს 270-ხმიანი ბარიერი გადაალახინა, რომელიც საჭიროა პრეზიდენტობის მოსაპოვებლად.

სენატმა და წარმომადგენელთა პალატამ უარი თქვეს ბაიდენისთვის ჯორჯიისა და პენსილვანიის საარჩევნო ხმების გაუქმებაზე.

„რესპუბლიკელებმა“, ასევე გააპროტესტეს არიზონას, ნევადას და მიჩიგანის საარჩევნო ხმები, მაგრამ ინიციატივები დებატების დაწყებამდე წარუმატებლად დასრულდა.

საბოლოო შედეგით, საარჩევნო კოლეგიაში ჯო ბაიდენმა 306 ხმა, დონალდ ტრამპმა  232 მიიღო.

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები აშშ-ის კონგრესის შენობაში შეიჭრნენ.

ვაშინგტონის პოლიციის მონაცემებით, აშშ-ის კონგრესში შეჭრისა და არეულობის შედეგად, ოთხი ადამიანი დაიღუპა. მათ შორის ერთი ქალი კაპიტოლიუმის შენობაში მომხდარმა სროლამ იმსხვერპლა. ასევე, კონგრესში შეჭრის შედეგად, პოლიციის სულ მცირე 14 ოფიცერი დაშავდა. 52-ზე მეტი პირი სამართალდამცველებმა დააკავეს. 47 მათგანი კომენდანტის საათის დარღვევის გამო იქნა დაპატიმრებული. დაკავებულთა შორის რამდენიმეს ბრალად ედება იარაღის უკანონო ტარება.

კომენტარები